საქმე # 330100119003339437
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №750აპ-21 ქ. თბილისი
ს-ი ო, 750აპ-21 3 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ო. ს-ს, - დაბადებულს .... წლის .. ივნისს, - ბრალად ედება განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის N1/49-14წ განაჩენით ო. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა,“ „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მეორე ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. იგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად სასჯელის ვადის გასვლის გამო - 2019 წლის 14 იანვარს. 2019 წლის 16 აპრილს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, მეტროსადგურ „ვ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი ო. ს. ატარებდა ცივ იარაღს - „ვიქტორინოქსის“ ფირმის მოწითალო, გასაშლელ დანას.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენით:
2.1. ო. ს. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. ო. ს-ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენის გაუქმება და ო. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4.1. გამართლებულ ო. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ს-ამ შესაგებლით მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).
7. კასატორი - პროკურორი თამარ კერესელიძე წარმოდგენილ საჩივარში აპელირებს მხოლოდ ექსპერტ დ. კ-ის ჩვენებაზე, ასევე მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნებზე და სწორედ აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ო. ს-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული დანა წარმოადგენს - ცივ იარაღს.
8. საკასაციო სასამართლო ბრალდების მხარის ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ მხოლოდ ექსპერტ დ. კ-ის ჩვენება და მის მიერ გაცემული, 2019 წლის 30 აპრილის ცივი იარაღის ექსპერტიზის N..../.. და 2020 წლის 22 ივლისის ცივი იარაღის ექსპერტიზის N..../.. დასკვნები ვერ გახდება ო. ს-ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი, კერძოდ:
9. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ცივი იარაღის ექსპერტიზის N..../.. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, მოქ. ო. ს-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
10. მოწმე დ. კ-ის მიერ სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენების თანახმად, 2019 წლის 30 აპრილს მან გასცა ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დაადგინა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, მოქ. ო. ს-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. იგი ასევე მონაწილეობდა კომისიური ექსპერტიზის ჩატარებაში, თუმცა მას პოზიცია არ შეუცვლია და გასცა იმავე შინაარსის დასკვნა.
11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 11 თებერვლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, დასაკეცი კონსტრუქციის მრავალფუნქციური, სახსრული მექანიზმის გამოყენებით მოძრავი სეგმენტების მქონე საყოფაცხოვრებო-ტურისტული დანა, ტექნიკო-კონსტრუქციული მონაცემების შეფასებითა და განზოგადებით, არ წარმოადგენს ცივ იარაღს.
12. მოწმე ლ. მ-ის მიერ სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენების თანახმად, 2020 წლის 11 თებერვალს მან გასცა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ფარგლებშიც დადგინდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი, სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, დასაკეცი კონსტრუქციის მრავალფუნქციური, სახსრული მექანიზმის გამოყენებით მოძრავი სეგმენტების მქონე საყოფაცხოვრებო - ტურისტული დანა, ტექნიკო-კონსტრუქციული მონაცემების შეფასებითა და განზოგადებით, არ წარმოადგენს ცივ იარაღს. იგი ასევე მონაწილეობდა კომისიური ექსპერტიზის ჩატარებაში, თუმცა პოზიცია არ შეუცვლია და გასცა იმავე შინაარსის დასკვნა. მოწმის განმარტებით, არსებობს დანები, რომლებსაც აქვთ გასახსნელიც და მაკრატელიც და ითვლება ცივ იარაღად, მაგრამ ამ დანებს გააჩნიათ ფიქსატორი, რაც ცივ იარაღს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ასევე, ცივ იარაღს უნდა უფიქსირდებოდეს ხელში მომარჯვების საშუალება - მისი გამოყენებისას ხელი ტარიდან პირისკენ არ უნდა გაცურდეს, რომ თვითდაზიანება თავიდან იქნეს აცილებული და ბოლოს, ცივი იარაღის პირის ზომა 7 სმ-ს უნდა აჭარბებდეს. საკვლევ ობიექტს კი, ცივი იარაღისათვის დამახასიათებელი არცერთი ზემოაღნიშნული მახასიათებელი არ გააჩნდა. ექსპერტიზაზე წარდგენილ დანას ჰქონდა გასახსნელები, პინცეტი, კბილის ჩხირი, პატარა ტარი, 7 სმ-ზე მოკლე პირი და არ ჰქონდა შემზღუდველი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დანა არ არის განკუთვნილი რაიმეს დასაზიანებლად. პირიქით, ის განკუთვნილია საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და პირადი ჰიგიენისათვის.
13. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 22 ივლისის ცივი იარაღის ექსპერტიზის N..../.. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, მოქ. .... ს-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
14. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევი სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, დასაკეცი კონსტრუქციის მრავალფუნქციური, სახსრული მექანიზმის გამოყენებით მოძრავი სეგმენტების მქონე საყოფაცხოვრებო-ტურისტული დანა, ტექნიკო-კონსტრუქციული მონაცემების შეფასებითა და განზოგადებით, არ წარმოადგენს ცივ იარაღს.
15. მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული და გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად მოწმეების - მ. გ-ის, გ. დ-ის, დ. გ-სა და ო. ს-ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, ო. ს-ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ცივი იარაღი, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის N1/49-14წ. განაჩენი.
16. ამდენად, საქმის მასალების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაიკითხა ორი ექსპერტი - დ. კ. და ლ. მ, რომლებმაც გასცეს განსხვავებული დასკვნები, კერძოდ: ერთი დასკვნით დანა მიეკუთვნება ცივ იარაღს, ხოლო მეორე დასკვნით - არა.
17. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ, მართალია, ზემოაღნიშნული 2019 წლის 30 აპრილის ცივი იარაღის ექსპერტიზის N..../.. და 2020 წლის 22 ივლისის ცივი იარაღის ექსპერტიზის N..../.. დასკვნებისა და ექსპერტ დ. კ-ის ჩვენებების თანახმად, ო. ს-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას, თუმცა როგორც დაცვის, ასევე თვით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, 2020 წლის 11 თებერვლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N...... და 2020 წლის 14 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნებისა და აღნიშნული დასკვნების გამცემი ექსპერტის - ლ. მ-ის ჩვენების თანახმად, გამოსაკვლევი სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, დასაკეცი კონსტრუქციის მრავალფუნქციური, სახსრული მექანიზმის გამოყენებით მოძრავი სეგმენტების მქონე საყოფაცხოვრებო - ტურისტული დანა ტექნიკო-კონსტრუქციული მონაცემების შეფასებითა და განზოგადებით, არ წარმოადგენს ცივ იარაღს. ექსპერტმა ლ. მ-ემ დეტალურად აღწერა და მიუთითა ის გარემოებები, თუ რატომ არ მიეკუთვნება აღნიშნული დანა ცივ იარაღთა კატეგორიას და არ წარმოადგენს ცივ იარაღს; ასევე, მისივე ჩვენების თანახმად, ის განკუთვნილია საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და პირადი ჰიგიენისათვის.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები აჩენს ეჭვს, რომ ო. ს-ს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, ეს ეჭვი კი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილ და ობიექტურ შეფასებას.
19. ამდენად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე