Facebook Twitter

საქმე # 120100121004547401

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №755აპ-21 ქ. თბილისი

წ-ა გ, 755აპ-21 3 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. წ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ს-სა და კ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განაჩენით:

1.1. გ. წ, - დაბადებული .... წლის .. იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

1.2. გ. წ-ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2021 წლის 3 მარტიდან იმავე წლის 28 აპრილის ჩათვლით.

1.3. გ. წ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. წ-ამ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში: გ. წ-ამ განიზრახა თ-ი-ის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ყოველგვარი რეგისტრაციის გავლის გარეშე, საქართველო-თ-ი-ის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი 2021 წლის 3 მარტს, დაახლოებით 01:43 საათზე, მივიდა თ-ი-ის რესპუბლიკიდან საქართველო-თ-ი-ის სახელმწიფო საზღვართან და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის №2 სამმართველოს (ა-ე) №2 სასაზღვრო სექტორის (ვ-ს) დასაცავი მონაკვეთის მარჯვენა ფლანგზე, №237 სასაზღვრო ნიშნის რაიონიდან, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულ გ. წ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ნ. ს-ა და კ. ლ-ა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. წ-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის შეფარდება.

4.1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ელიზავეტა დურგლიშვილმა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ გ. წ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ს-სა და კ. ლ-ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ გ. წ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ნ. ბ-ს, ვ. რ-ს, ა. ა-ს გამოკითხვის ოქმებით, გ. წ-ს გამოკითხვის ოქმებითა და მის მიერ დანაშაულის აღიარებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წერილით, სადემილიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს წერილითა და შესაბამისი კოორდინატების ამსახველი რუკით, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.

7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატების - ნ. ს-ა და კ. ლ-ს მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. წ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს გ. წ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. კასატორების - ადვოკატების: ნ. ს-ა და კ. ლ-ს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ გ. წ-ის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

11. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ გ. წ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

11.1. მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; ამასთან, საქართველოს მოქალაქე გ. წ-მ, რომელიც წარსულში იყო თ. ყ. და ამ სახელით და გვარით მასზე გაცემულია რ-ი-ის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი, გადაწყვიტა საქართველოდან თ-ი-ის რესპუბლიკაში გამგზავრებულიყო არა როგორც საქართველოს მოქალაქე გ. წ, არამედ როგორც რ-ი-ის მოქალაქე თ. ყ. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიუთითებს, რომ გაუგებარია, რა უშლიდა ხელს გ. წ-ს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ამ სახელითა და გვარით, საქართველოს მოქალაქის პასპორტით გამგზავრებულიყო საქართველოდან თ-ი-ში, ან/და, თუ თ. ყ-ის სახელზე გაცემული რ-ი-ის ფედერაციის პასპორტი დაკარგა, რატომ არ მიმართა შესაბამის ორგანოებს თ-ი-დან საქართველოში კანონიერი გზით დაბრუნებაში დახმარების თაობაზე. აღნიშნულის ნაცვლად, გ. წ. ტაქსით მივიდა თ-ი-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „ვ-ან“ და ამ სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ყოველგვარი რეგისტრაციის გავლის გარეშე, ტყისა და ბუჩქების გავლით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თ-ი-ის სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული გარემოება მიუთითებს მის პიროვნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე.

12. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ გ. წ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. წ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ნ. ს-ა და კ. ლ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე