Facebook Twitter

საქმე # 330100120004056389

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №763აპ-21 ქ. თბილისი

ბ-ი ე, 763აპ-21 7 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. ბ-ს, - დაბადებულს .... წლის .. ნოემბერს, - ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 10:00 საათზე, ქ.თ-ში, რ-ის გზატკეცილზე, №... კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ე. ბ-მა თავის არეში მუშტის დარტყმით იძალადა მეუღლეზე - ა. ნ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ.თ-ში, რ-ის გზატკეცილზე, №... კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ე. ბ-მა თმის მოქაჩვით, იატაკზე დაგდებითა და თავის არეში მუშტის დარტყმით იძალადა მეუღლეზე - ა. ნ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2020 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ.თ-ში, რ-ის გზატკეცილზე, №... კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ე. ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ა. ნ-ას, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის განაჩენით:

2.1. ე. ბ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ე. ბ-ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისი დაწესებულებიდან.

2.3. გამართლებულ ე. ბ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბაქარ შიოშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ე. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ა. ნ-მა (ბრალდებულის მეუღლემ) და მოწმე მ. გ-ამ (ბრალდებულის დედამ) ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის (მეუღლისა და შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

7. მოწმე ს. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 26 სექტემბერს ს. მ-სთან ერთად მონაწილეობდა ე. ბ-ის ბრალდებულის სახით დაკავებაში. თარჯიმნის დახმარებით ე. ბ-ს ეთარგმნა მის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შინაარსი, რომლის სისწორეც დაადასტურა ოქმზე ხელმოწერით. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმე ს. მ-მა.

8. მოწმე ლ. თ-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 26 სექტემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო ე. ბ-ის მიერ მეუღლის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ფაქტზე. გამოკითხა მოწმეები, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა და ბრალდებულის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. ადასტურებს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორეს. მოწმის განმარტებით, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ა. ნ-ას გამოკითხვისას, მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ე. ბ, რომელიც, იმის გამო, რომ მეუღლემ უჩივლა პოლიციაში, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და სახლის გადაწვით, რაზეც ა. ნ-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

9. მოწმე გ. ს-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები. ადასტურებს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორეს.

10. მოწმე თ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ექიმის პოზიციაზე. 2020 წლის 26 სექტემბერს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა რ-ის გზატკეცილზე, სადაც დახვდა ა. ნ, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს და თავბრუსხვევას. პაციენტის განმარტებით, წინა ღამით მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმა და მუშტი ჩაარტყა თავის არეში, რის გამოც განიცდიდა ტკივილს. ა. ნ-ას ვიზუალურად არ აღენიშნებოდა დაზიანებები და უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე. აღნიშნულმა პირებმა სასამართლოს მიაწოდეს გამოძიების დროს, მოწმეთა დაკითხვის პროცესში და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას მათგან მიღებული (მოყოლილი) ინფორმაცია. არცერთი მათგანი არ არის ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის თვითმხილველი და არათუ პირდაპირ, არამედ ირიბადაც არ მიუთითებენ ე. ბ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაზე.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 82-ე მუხლის მოთხოვნებს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).

12. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაქარ შიოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე