საქმე # 330100120003552463
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №765აპ-21 ქ. თბილისი
ქ-ა მ, 765აპ-21 3 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის, მსჯავრდებულ მ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ზ-სა და თ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:
1.1. მ. ქ, - დაბადებული .... წლის .. თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ქ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 29 თებერვლიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ქ-ამ ჩაიდინა პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის იანვრის ბოლომდე პერიოდში მ. ქ. თ. გ-ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას და არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. კერძოდ, მ. ქ. თ. გ-სთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას პირადად და მობილური ტელეფონის საშუალებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ხვდებოდა სამსახურთან, რაც იწვევდა თ. გ-ის ფსიქიკურ ტანჯვას.
· 2020 წლის 27 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, ალ. ყ-ის გამზირის №..-ში მდებარე შპს „ვ. ს-ში“, სამსახურში ყოფნის დროს, თ. გ-ს დაურეკა მ. ქ-ამ, რა დროსაც მას უპასუხა თ-ის თანამშრომელმა გ. ჩ-მა და აუხსნა, რომ თ-თან აღარ უნდა დაერეკა. ამ პასუხის მიღების შემდეგ მ. ქ. დაემუქრა თ. გ-ს მოკვლით, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინა სასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. მ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ქ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 29 თებერვლიდან.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 5 იანვრიდან 2020 წლის იანვრის ბოლომდე მ. ქ. თ. გ-ის მიმართ ახორციელებდა ადევნებას და არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას. კერძოდ, მ. ქ. თ. გ-სთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას პირადად და მობილური ტელეფონის საშუალებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ხვდებოდა სამსახურთან.
4.1. 2020 წლის 27 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თ-ში, ა. ყ-ის გამზირის N..-ში მდებარე შპს „ვ. ს-ში“, სამსახურში ყოფნის დროს, თ. გ-ს დაურეკა მ. ქ-ამ, რა დროსაც ამ უკანასკნელს უპასუხა თ-ის თანამშრომელმა გ. ჩ-მა და აუხსნა, რომ თ-თან აღარ უნდა დაერეკა. აღნიშნული პასუხის მიღების შემდეგ მ. ქ. დაემუქრა თ. გ-ს მოკვლით.
5. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ მ. ქ-ის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5.1. მსჯავრდებულ მ. ქ-ას ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ს. შესაგებლით ითხოვს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.
5.2. მსჯავრდებულმა მ. ქ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ. ზ-ამ და თ. ს-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენის გაუქმება და მ. ქ-ას გამართლება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეების საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
7. საკასაციო სასამართლო კასატორების - მსჯავრდებულ მ. ქ-სა და მისი ადვოკატების მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი.
8. დაზარალებულ თ. გ-ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მ. ქ. მათ ოფისში მივიდა 2019 წლის ნოემბრის დასაწყისში. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მასთან ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას როგორც პირადად შეხვედრის გზით, ასევე მობილური ტელეფონის საშუალებით. დაზარალებულის განმარტებით, მან არაერთხელ აუხსნა მ. ქ-ს, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი მისთვის იყო არასასიამოვნო და მიუღებელი, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიწერას, ასევე თვალთვალს და მასთან შეხვედრის მცდელობას.
9. თ. გ-ის ჩვენებას, რომ მ. ქ. მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და იმავდროულად, ეს ხდებოდა სისტემატურად, ადასტურებენ მოწმეები - გ. ჩ. და ხ. მ, აღნიშნული დადასტურებულია ასევე დაზარალებულ თ. გ-სა და მ. ქ-ას შორის არსებული მოკლე ტექსტური შეტყობინებებით. კერძოდ:
· 2020 წლის 5 იანვარს მ. ქ. სთხოვს სადმე, თუნდაც ფუნიკულიორზე შეხვდნენ ერთმანეთს, იმავე ან სხვა დღეებში, რაზეც თ. გ. სხვადასხვა მიზეზით ცდილობს თავაზიანად უთხრას უარი, თუმცა მას შემდეგ, რაც მ. ქ. არ მოეშვა, გაღიზიანებული ეუბნება - არ უნდა და ნუ აძალებს, ძალიან ღიზიანდება და ბრაზდება;
· 2012 წლის 15 იანვარს თავაზიანად უბოდიშებს, რომ საუბარი არ შეუძლია;
· 2020 წლის 17 იანვარს თ. გ-ს მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე რომ აგვიანებს და ანალიტიკის დროს იქნება, მ. ქ. პასუხობს - მარტო ანალიტიკისთვის არ მივა და ეკითხება, აქვს თუ არა დრო შეხვდეს, რაზედაც კვლავ უარს იღებს თ. გ-სგან.
· 2020 წლის 18 იანვარს, ღამით, შეკითხვას - სძინავს თუ არა, თ. გ. ტოვებს უპასუხოდ.
· 2020 წლის 20 იანვარს მ. ქ. სწერს თ. გ-ს, რომ სიცოცხლეზე მეტად უყვარს, რაზეც თ. გ. გაღიზიანებული ტექსტით პასუხობს, რომ ძალიან შეაწუხა რეკვებით და ასე შემდეგ, ილუზიებს ნუ იქმნის და აფრთხილებს კიდევ ერთხელ, რომ ღიზიანდება და ასეთი რამ აღარ განმეორდეს.
· 2020 წლის 27 იანვარს თ. გ. მოკლე ტექსტური შეტყობინების პასუხად, კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ სხვა ზომებს მიმართავს, მასთან ურთიერთობა არ სურს, რაც ბევრჯერ აუხსნა და სთხოვს თავი დაანებოს, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მ. ქ-სგან იმავე დღეს კვლავ მიიღო ორი მოკლე ტექსტური შეტყობინება.
· 2020 წლის 28 იანვარს მ. ქ. კვლავ უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც სხვა ტექსტთან ერთად აფრთხილებს, ისწავლოს SAGE, ფინანსები, შეაჩვიოს კ. (თ. გ-ს შვილი) ცალკე ოთახში ძილს და გამოიძინოს წინასწარ.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულ თ. გ-სა და მოწმეების - ხ. მ-სა და გ. ჩ-ის ჩვენებები სრულადაა თანხვდენილი მსჯავრდებულ მ. ქ-ას მიერ თ. გ-ის გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან.
11. დაზარალებულ თ. გ-ის ჩვენება, რომ მ. ქ. მას უკანონოდ უთვალთვალებდა, ასევე დასტურდება მოწმეების - ხ. მ-სა და გ. ჩ-ს ჩვენებებით, კერძოდ, მოწმე ხ. მ. ადასტურებს, რომ 2020 წლის 27 იანვარს მან უშუალოდ დაინახა მ. ქ. მათ ოფისთან, რომელიც იდგა თ. გ-ის სამუშაო ოთახის კართან და სავარაუდოდ, აპირებდა მასთან შესვლას, თან მალულად, ისე, რომ ოფისში მყოფ თანამშრომლებს არ დაენახათ. აღნიშნულს ადასტურებს გ. ჩ-იც, რომელიც ასევე განმარტავს, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მ. ქ. მიდიოდა მათ ოფისთან და თ. გ-ის სამუშაო ოთახის კართან ჩერდებოდა.
12. დაცვის მხარე საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მ. ქ-ას მსჯავრდებასთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარში აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება თ. გ-ის მიერ ფსიქიკური ტანჯვის განცდა, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ თ. გ-სა და მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ თ. გ-მა მ. ქ-ას ქმედებების გამო შეიცვალა ცხოვრების წესი, ერიდებოდა მასთან შეხვედრებს, პასუხის გასაცემად მობილურ ტელეფონს აწვდიდა თანამშრომელს, ეშინოდა სახლში მარტო წასვლა, იჩენდა განსაკუთრებულ სიფრთხილეს, იყო შეშინებული, უკიდურესად დაძაბული და სტრესულ მდგომარეობაში, რაც სრულად ადასტურებს, რომ დაზარალებული თ. გ. განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
14. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ისჯება ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ („სტამბოლის კონვენცია“) მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. კონვენციის 34-ე მუხლით დადგენილია, რომ: ,,მხარეები იღებენ საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ მრავალჯერადი მუქარის შემცველი ქცევით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც მასში საფრთხის შიშს იწვევს“. კონვენცია ნათლად განმარტავს, რომ ადევნება არის ქალის მიმართ ძალადობის ფორმა.
16. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ქ-ას ქცევა, მის მიერ თ. გ-ის თვალთვალი, დაზარალებულის მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არასასურველი შინაარსის კომუნიკაციის გაგრძელება, არასასურველი შეხვედრები და შეხვედრის მცდელობა წარმოადგენს პირის ქცევას, რომელიც დაზარალებულში იწვევს საფრთხის შიშს, აღნიშნული კი სრულად შეესაბამება სტამბოლის კონვენციით დადგენილ სტანდარტებს და წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
17. რაც შეეხება დაცვის მხარის მსჯელობას დანაშაულის ჩადენის პერიოდთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში იმსჯელა ამ საკითხზე და არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2019 წლის ნოემბრიდან ახორციელებდა მ.ქ. თ. გ-ის მიმართ ადევნებას და არ აძლევდა მას ნორმალური ცხოვრების საშუალებას, ვინაიდან თავად დაზარალებულ თ. გ-ის, მოწმეების - გ. ჩ-სა და ხ. მ-ის ჩვენებებით, თ. გ-სა და მსჯავრდებულ მ. ქ-ას მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით უტყუარად დასტურდება, რომ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით მ. ქ-ამ თ. გ-სთან დაიწყო 2020 წლის 5 იანვრიდან და გრძელდებოდა 2020 წლის იანვრის ბოლომდე, კერძოდ: დაზარალებულ თ. გ-ის ჩვენებით, მართალია, მ. ქ. მათ ოფისში მივიდა 2019 წლის ნოემბრის დასაწყისში, თუმცა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყო არასასურველი ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები მ. ქ-ან. ტრენინგების დასრულებისა და გარკვეული პერიოდის გასვლაზე მიუთითებენ მოწმეები - გ. ჩ. და ხ. მ-ც. მობილური ტელეფონების დათვალიერების ოქმების შესაბამისად კი, 2020 წლის 5 იანვარს სწერს თ. გ. მ. ქ-ს, რომ ნუ აძალებს შეხვედრას, ძალიან ღიზიანდება და ბრაზდება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ რაიმე მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა მ. ქ-ს მიერ თ. გ-ს მიმართ უკანონო თვალთვალს და არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას 2020 წლის 5 იანვრამდე პერიოდში, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე დაცვის მხარის მოსაზრებებს მ. ქ-ს უდანაშაულობაზე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მისთვის შერაცხული ბრალის ნაწილში, რადგან ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას: დაზარალებულ თ. გ-სა და მოწმეების - გ. ჩ-ა და ხ. მ-ს ჩვენებებს, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. ქ-ას მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ის ფაქტი, რომ დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, გარდა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული ობიექტური კრიტერიუმებითაც, მათ შორის საუბრის აგრესიული შინაარსით, რაც გამოიწვია გ- ჩ-ის პასუხმა, მ. ქ-ას ქმედებებით - თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაცია, არასასურველი შეხვედრების სურვილი და მსჯავრდებულის მიერ ხაზგასმით (მათ შორის მალევე განხორციელებულ მოკლე ტესტურ შეტყობინებაში) ,,ნაციხარზე“, რაც პირდაპირ ემსახურებოდა თ. გ-ის დაშინების მიზანს.
19. უსაფუძვლოა კასატორების - მსჯავრდებულ მ. ქ-ა და მისი ადვოკატების მიერ საკასაციო საჩივარში განვითარებული ზოგადი მსჯელობები მ. ქ-ს მიმართ საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის შესახებ, რადგან საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქმის როგორც 1-ლი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულის საპროცესო უფლებები არ დარღვეულა.
20. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ. ქ-ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
21. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორც მსჯავრდების, ისე სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა ჩადენილი ქმედებების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მ. ქ-ამ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, პირველადაა სამართალში), საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ მ. ქ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
23. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
29. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის, მსჯავრდებულ მ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ზ-სა და თ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე