ას-819-1454-03 14 აპრილი, 2004 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 13 იანვარს სს “ბ-მა” სარჩელი აღძრა შპს “ს-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა დაკავებული არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება, გადასახდელი საიჯარო ქირის – 3138,9 ლარის დაკისრება. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოება: 2001წ. 31 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება. სახელშეკრულებო ვადა განისაზღვრა 2002წ. 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ დაიკავა თბილისში, ..... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი და მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს მეიჯარის (მოსარჩელის) საკუთრებას. საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარემ დაკავებული ფართი არ გამოათავისუფლა და საიჯარო ქირაც – 3138,9 ლარი არ გადაიხადა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ.
28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სასამართლომ სარჩელში მითითებული გარემოებები დაადგინა და გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ის 581-ე, 591-ე, 564-ე მუხლებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “ს-მა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით: ს.ს. “ბ-ის” წარმომადგენელ გ. თ-ეს არ გააჩნდა სათანადო უფლებამოსილება პროცესში მონაწილეობის მიღების თაობაზე. იჯარის ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო 2001წ. 31 აგვისტოს, რომელსაც შპს “ს-ის” სახელით ხელს აწერს დირექტორი შ. ჩ-ა მაშინ, როცა სამეწარმეო რეესტრის მიხედვით 2001წ. 29 მარტიდან იგი დირექტორი აღარ არის. დირექტორად დაინიშნა ვ. გ-ი, ხოლო შ. ჩ-ა – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, ე.ი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერა არაუფლებამოსილმა პირმა, რის გამოც იგი ბათილია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის საიჯარო ხელშეკრულება დაიდო 2001წ. 31 აგვისტოს, რომელსაც მოიჯარის წარმომადგენელი შ. ჩ-ა აწერს ხელს. ამ დროს იგი უკვე აღარ წარმოადგენდა სს “ს-ს.” მიუხედავად ამისა, მოიჯარე (მოპასუხე) ფლობდა და სარგებლობდა აღნიშნული ფართით, იხდიდა საიჯარო ქირას.
სასამართლომ მიუთითა სკ-ის 111-ე მუხლზე და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე, რადგან მითითებული ნორმით, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ ფართის ფლობით წარმოდგენილმა პირმა თანხმობა გამოხატა, რითაც ხელშეკრულება ნამდვილად აქცია.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გ. თ-ე პირველი ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობდა სათანადო უფლებამოსილების გარეშე, რადგან საქმეში არსებობს სს “ბ-ის” დირექტორის მიერ 2003წ. 27 თებერვალს გაცემული მინდობილობა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ს-მა”. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია 2001წ. 31 აგვისტოს ხელშეკრულება ნამდვილად, რადგან მას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი შ. ჩ-ა. ასევე მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სს “ბ-ის” წარმომადგენლის არაუფლებამოსილებაზე. კასატორს მიაჩნია, რომ რწმუნება სასამართლოში მოგვიანებით წარადგინა, რაც კანონდარღვევად მიაჩნია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არ აქვს.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2001წ. 31 აგვისტოს საიჯარო ხელშეკრულება ბათილია, რადგან მას ხელს არაუფლებამოსილი პირი (ყოფილი დირექტორი) აწერს. უდავოა, რომ 2001წ. 31 აგვისტოდან მოიჯარე – შპს “ს-ი” _ ფლობდა საიჯარო ფართს და დადგენილია, რომ იგი იხდიდა საიჯარო ქირას.
სკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს, ან წარმოშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. სამეწარმეო სუბიექტებს შორის დადებული გარიგებების დროს, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კანონის საფუძველზე გააჩნიათ დირექტორებს. განსახილველ შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულებას მოიჯარეს მხრიდან ხელს აწერს ყოფილი დირექტორი. დადგენილია, რომ მ. ჩ-ა 2001წ. 29 აგვისტოდან აღარ წარმოადგენდა შპს-ს დირექტორს, ხელშეკრულება კი დაიდო იმავე წლის 31 აგვისტოს, ე.ი. შ. ჩ-ა ამ დროს უკვე არაუფლებამოსილი პირი იყო, რადგან იგი არც კანონით და არც სათანადო მინდობილობით არ წარმოადგენდა იურიდიულ პირს.
სკ-ის 111-ე მუხლით, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებელია წარმოდგენელი პირის თანხმობაზე. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი პირი – შპს “ს-ი” თანახმა რომ იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირობებზე, ამას ადასტურებს მისი მხრიდან საიჯარო ფართის ფლობა და საიჯარო ქირის გადახდის ფაქტი. გარიგების მოწონების შემთხვევაში კი წარმოდგენილი პირისათვის წარმოიშობა ისეთივე შედეგები, როგორსაც ადგილი აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხვევაში. ე.ი. მას შემდეგ, რაც შპს-მ ყოფილი დირექტორის შ. ჩ-ას მიერ დადებული გარიგება მოიწონა, ეს გარიგება ნამდვილია მისი დადების მომენტიდან და იგი (შპს) ვალდებული არის ამ გარიგებით ნაკისრი ვალდებულებანი შეასრულოს (გადაიხადოს საიჯარო ქირა, გაათავისუფლოს ფართი საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ და ა.შ.)
ამდენად, კასატორის მოსაზრება ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე, დაუსაბუთებელია.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენლის _ გ. თ-ის არაუფლებამოსილებას, პალატა ამ მოსაზრებასაც არ იზიარებს, რადგან საქმის მასალებში წარმოდგენილი რწმუნებულებით დასტურდება წარმომადგენლის უფლებამოსილების ფაქტი. ის გარემოება, რომ ეს საბუთი სასამართლოში მოგვიაგნებით იქნა წარდგენილი ძველი რიცხვით, დაუსააბუთებელი საკასაციო პრეტენზიაა, რადგან ასეთი საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც კასატორი მიუთითებს ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. პალატა მიუთითებს, რომ კასატორის ეს მოსაზრება ნამდვილიც რომ იყოს, ეს გარემოება სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვერ გახდებოდა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 ოქტომბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.