Facebook Twitter

საქმე # 330100121004443956

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №784აპ-21 ქ. თბილისი

ქ-ი ნ, 784აპ-21 3 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ნ. ქ-ს, - დაბადებულს .... წლის .. მაისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 7 თებერვალს, საღამოს საათებში, თ-ში, უ-ოს ქუჩის მე-.. შესახვევის ბინა №..-ში, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა ნ. ქ-მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ნ. გ-ზე, კერძოდ, ნ. ქ-მა ნ. გ-ს ხელი ძლიერად მოუჭირა სხეულის სხვადასხვა არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით:

2.1. ნ. ქ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ნ. ქ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ნ. ქ-ს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 12 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თამარ იაკობიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენის გაუქმება, ნ. ქ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა ნ. ქ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი(Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, ხოლო კონსტიტუციური დანაწესის თანახმად (31-ე მუხლის მე-7 პუნქტი), გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

8. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ნ. ქ-სა და ნ. გ-ს შორის მომხდარი კონფლიქტი, რომლის დროსაც ნ. ქ-მა მეუღლის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ქმედებები. ნ. ქ-ის აღიარების გარდა, ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულ ნ. გ-ის, მოწმეების - დ. ა-ს, ი. კ-ა და ნ. ზ-ს გამოკითხვის ოქმებით, სასწრაფო- სამედიცინო შემოწმების ბარათით, შემაკავებელი ორდერითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

9. დაზარალებულ ნ. გ-ის გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ შემთხვევის დღეს ბიძაშვილის გარდაცვალებით აღელვებულმა ნ. ქ-მა მიიღო ალკოჰოლური სასმელი. მან რამდენჯერმე მოუწოდა მეუღლეს დამშვიდებისკენ, რა დროსაც, ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი თავს ვერ აკონტროლებდა, რის გამოც საუბარი გადაიზარდა კამათში. ამ დროს ნ. ქ-მა მარჯვენა ხელი მოჰკიდა ყელზე, ოდნავ მოუჭირა, თუმცა ტკივილი არ განუცდია. მან ხელი მაშინვე გაუშვა და შემდეგ მოჰკიდა მარჯვენა მკლავზე. კონფლიქტი უკვე ამოწურული იყო, თუმცა მან დარეკა 112-ის ცხელ ხაზზე და ითხოვა საპატრულო პოლიციის დახმარება. ვინაიდან იგი აღელვებული იყო მომხდარი ფაქტის გამო, ითხოვა სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის დახმარება. ექიმმა მოსვლისთანავე დაალევინა დამამშვიდებელი აბები. გამოკითხვის ოქმში დაზარალებულმა დამატებით მიუთითა, რომ თანაცხოვრების პერიოდში ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მას ყელზე ხელი მოჰკიდა ნ. ქ-მა, თუმცა, აღნიშნულით ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. ასევე, აღნიშნა, რომ არ საჭიროებდა სამედიცინო ექსპერტიზას და უარი განაცხადა მის ჩატარებაზე.

10. მოწმე დ. ა-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი მუშაობს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2021 წლის 7 თებერვალს, რადიოსადგურ ,,ცენტრის“ გამოძახების საფუძველზე, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, მეწყვილე პატრულ-ინსპექტორ ი. კ-ნ ერთად, გამოცხადდა თ-ში, უ-ოს ქუჩა, №.. შესახვევი, ბინა №..-ში, სადაც ადგილზე მისვლისას დახვდა აღელვებული ქალბატონი ნ.გ, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახური კონფლიქტის დროს მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და მიუთითა იქვე მყოფ პირზე - ნ. ქ-ზე. ნ. გ-მა მათ განუცხადა, რომ მეუღლემ კონფლიქტის ნიადაგზე მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელსა და მკლავზე. ვიზუალური დათვალიერებით ნ. გ-ს ყელსა და მარჯვენა მკლავზე აღენიშნებოდა მცირედი დაზიანებები, სიწითლეების სახით. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ნ. გ. იყო ძალზე აღელვებული, ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

11. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები აღწერა მოწმე ი. კ-მ გამოკითხვის ოქმში.

12. მოწმე ნ. ზ-ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იგი არის საგანგებო სიტუაციების მართვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი. 2021 წლის 7 თებერვალს, ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე მიღებული გამოძახების გამო, დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა ახალგაზრდა ქალბატონი - ნ.გ, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს, ასევე ტკივილს - ზედა კიდურის არეში. მისივე გადმოცემით, კონფლიქტი მოუხდა მეუღლესთან, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. დათვალიერებისას აღენიშნებოდა ყელის არეში ნაჭდევი სისხლნაჟღენთი, ასევე, მარჯვენა წინამხრის არეში - სილურჯე, გულმკერდის მარჯვენა ნახევარში პალპაციით (ხელის დადებით) შეინიშნებოდა ტკივილი. გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, ჰოსპიტალიზაციაზე კი განაცხადა უარი.

13. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს დაზარალებულ ნ. გ-სა და მოწმე ნ. ზ-ის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციებს შორის არსებულ წინააღმდეგობრივ ხასიათზე, კერძოდ: დაზარალებულის განმარტებით, მას ნ. ქ-მა ხელი ოდნავ მოუჭირა ყელის არეში და ხელი მოჰკიდა მარჯვენა მკლავზე. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის დადგენა, რამდენად შესაძლებელია მკლავსა და ყელზე ოდნავ ხელის მოჭერით იმ ტკივილის განცდა, რაზეც მითითებულია მოწმე ნ. ზ-ის გამოკითხვის ოქმში. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც არ არის ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზა, არ არის დადგენილი დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა და ხარისხი და არც - დაზიანებების მიყენების სახე და ხანდაზმულობა, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნული მიზეზობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელია.

14. ქმედების საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კვალიფიკაცია ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში მოითხოვს - დაზარალებულის მიერ ტკივილის განცდას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ქ-ის მხრიდან ნ. გ-ზე ძალადობისას ფიზიკური ტკივილის განცდაზე საუბრობს მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რაც არასაკმარისია ნ. ქ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. მოწმე პატრულ-ინსპექტორების - დ. ა-სა და ი. კ-ს გადმოცემით, ნ. გ. იყო აღელვებული, რასაც არც თავად დაზარალებული უარყოფს. მოწმეებს არ უთქვამთ, რომ დაზარალებულმა ტკივილის განცდაზე უამბო რაიმე. დათვალიერებისას ნ. გ-ის სხეულზე შენიშნული სიწითლეები ასევე არ წარმოადგენს სადავო ფაქტს, რადგან ნ. გ-მა დაწვრილებით აღწერა, თუ სხეულის რა ადგილებში მოჰკიდა ხელი მეუღლემ კონფლიქტისას, თუმცა გამოკითხვის მიმდინარეობის დროს არაერთხელ უარყო ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი. თავისუფალი თხრობის შემდეგ მას დამატებით დაუსვეს შეკითხვა ტკივილის განცდასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაშიც აღნიშნა, რომ ასეთი რამ არ განუცდია ფიზიკური შეხების დროს.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ოჯახური ძალადობის საქმეზე დაზარალებული არ სარგებლობს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით, უარი თქვას ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, მხარეთა მიერ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდაა მიჩნეული და არსებობს დაზარალებულის ცალსახა პოზიცია დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნიშნის - ტკივილის განცდასთან დაკავშირებით, ამასთან, პატრულ-ინსპექტორების გამოკითხვის ოქმები სრულიად არ შეიცავს ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, ნ. ქ-ის ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

17. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს, კერძოდ, დაზარალებულ ნ. გ-ის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობით გამოწვეულ ტკივილთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელმაც დადასტურება ვერ ჰპოვა საქმის სხვა მასალებთან გადამოწმების შედეგად. ამგვარ ინფორმაციას არ შეიცავს ასევე ნ. ქ-ის მიმართ 2021 წლის 8 თებერვალს შედგენილი №..... შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი. მასში აღწერილია შემთხვევის დღეს ფიზიკური ძალადობის ფაქტი, თუმცა დაზარალებულს არ აღუნიშნავს ტკივილის განცდის შესახებ.

18. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული დაუსაბუთებლად და სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

19. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე