Facebook Twitter

ას-820-1456-03 16 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ლ-მა“ შპს „გ-ის“ მიმართ წარდგენილ სარჩელში განმარტა, რომ 1999წ. 7 მარტს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე მხარეს სარგებლობაში გადაეცა თბილისში, ..... მდებარე 50 კვ.მ, ყოველთვიურად ქირის თანხამ შეადგინა 250 ლარი. მოპასუხეს გადახდილი აქვს მხოლოდ ერთი თვის ქირა, დავალიანებამ კი შეადგინა 9250 ლარი.

მოსარჩელემ მოითხოვა 2002წ. 6 აპრილის მდგომარეობით ქირის სახით 9250 ლარის დაკისრება, სადავო ფართის ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნება და მოპასუხის გამოსახლება.

შპს „გ-ამ“ სარჩელი არ ცნო, მისი განმარტების მიხედვით, 1999წ. 1 მარტს მხარეთა შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება ..... მდებარე კაზინოს შესასვლელის მომიჯნავედ არსებულ შპს „ლ-ის“ საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილზე _ 50 კვ.მ-ზე. წინასწარ იქნა გადახდილი ერთი თვის ქირა 250 ლარი, ხოლო მომავალი საიჯარო ქირის ანგარიშში, 5500 აშშ დოლარი, მაგრამ გაქირავებული ფართი ფაქტობრივად არ გადაუციათ.

შეგებებულ სარჩელში შპს „გ-ამ“ მოითხოვა 5500 აშშ დოლარისა და 250 ლარის დაბრუნება.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ლ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „გ-ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ 250 ლარის დაბრუნების ნაწილში. სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ლ-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტი მიუთითებდა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით ვერ დგინდება და არც შეიძლება დადგინდეს, რომ სადავო ფართი შპს „გ-ას“ საკუთრებაა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დაფიქსირებულია მხოლოდ „გ-ას“ სახელზე საკუთრების უფლებით 680 კვ.მ-ის აღრიცხვა, სადაც არ შედის სადავო 50 კვ.მ ფართი. რაც შეეხება 2001წ. 30 აპრილს გაცემულ ტექნიკურ პასპორტს, რომლის მიხედვითაც მთლიანი ფართი შპს „გ-ას“ საკუთრებაა, აღნიშნული შპს „ლ-ს“ საეჭვოდ მიაჩნია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. 564-ე მუხლის მიხედვით, ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა, დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მხარეთა შორის 1999წ. 1 მარტს გაფორმებულია ქირავნობის ხელშეკრულება ...... მდებარე 50 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის შპს „გ-ის“ სარგებლობაში გადაცემის შესახებ, მაგრამ მტკიცებულება დამქირავებლისათვის ნივთის ფაქტობრივად გადაცემის შესახებ საქმეში არ მოიპოვება. არ არის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი. ხელშეკრულების მიხედვით იმის განსაზღვრა, კონკრეტულად რომელ ფართზე იქნა დადებული გარიგება და რომელი ფართიდან უნდა გამოსახლდეს მხარე, შეუძლებელია.

სს „ლ-ის“ მიერ წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2002წ. 1 ნოემბრის საინვენტარიზაციო გეგმა და 2002წ. 6 აპრილის ცნობა-დახასიათება არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დადგინდეს იმ ფართის იდენტურობა, რომელზეც 1999წ. 1 მარტის ქირავნობის ხელშეკრულებაა გაფორმებული.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს „ლ-ის“ მიერ თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურიდან წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, ...... მდებარე შენობის 680 კვ.მBსაერთო სარგებლობის ფართი მიღებულია ექსპლოატაციაში შპს „გ-ას“ სახელზე, ხოლო ,,ლ-ის” სახელზე ირიცხება 235 კვ.მ 1995წ. 16 სექტემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. 1995წ. შემდგომ კი, კერძოდ, 1996წ. 13 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება I სართულის კაფე-ბარის ნაწილზე, რომლის მიხედვითაც 51/286 წილი საკუთრებაში გადაეცა შპს „გ-ას“. შესაბამისად, ლ-ის სახელზე ადრე აღრიცხული ფართი განიცდიდა ცვლილებას ანუ ის შემცირდებოდა. აღნიშნულზე მიანიშნებს საქმეზე წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტებიც. 1996წ. 17 ოქტომბრის მდგომარეობით ..... მდებარე შენობის პირველი სართულის სადავო ნაწილი 1996წ. 13 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე მთლიანად ირიცხება შპს „ლ-ის“ სახელზე, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების შემდგომი პერიოდისათვის _ 2001წ. 30 აპრილის მდგომარეობით 680 კვ.მ ფართი, მათ შორის სადავო ნაწილი მთლიანად ირიცხება შპს „გ-ის“ სახელზე. აღნიშნულის გამო, პალატა მტკიცებულების ძალას ვერ მიანიჭებს ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003წ. 14 მაისის წერილში ასახულ მონაცემებს. შპს „ლ-ს“ ტექნიკური პასპორტის მონაცემები სადავოდ მიაჩნია, მაგრამ მის გასაბათილებლად არ არის დაწყებული სამართალწარმოება. რეესტრის მონაცემთა მიმართ კი მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. იგი მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2002წ. 1 ნოემბრის საინვენტარიზაციო გეგმით და 2002წ. 6 აპრილის ცნობა-დახასიათებით დგინდება, რომ შპს „ლ-ის“ სახელზე 1996წ. 17 ოქტომბრისათვის ირიცხებოდა 286 კვ.მ, რომლიდანაც იმავეწ. 13 ნოემბერს შპს „გ-ამ“ შეიძინა 51 კვ.მ ფართი, რის შემდეგაც მათ სახელზე ირიცხება 235 კვ.მ.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ქირავნობის მომწესრიგებელი ნორმები, რომლის საფუძველზეც დაიდო, ხოლო შემდეგში კი შეწყდა ქირავნობის ხელშეკრულება და რომლის საფუძველზეც მოითხოვენ გადაუხდელი საიჯარო ქირის ანაზღაურებას, მოპასუხის გამოსახლებას აღნიშნული ფართიდან.

კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლოს სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

მტკიცებულებათა ყოველმხრივ განხილვაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი.

მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებები სააპელაციო პალატის მიერ არ არის სრულად და ყოველმხრივ შესწავლილი. სსკ-ის 249-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

როდესაც მესაკუთრე მოითხოვს სხვისი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას (ვინდიკაცია), მისი მოთხოვნის საფუძველს წამოადგენს სკ-ის 172-ე მუხლი, რომლის აღწერილობითი ნაწილი სამ ელემენტს შეიცავს:

1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;

2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი;

3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც სასამართლო აღნიშნული წინაპირობის არსებობას გაარკვევს, შეუძლია, დაადგინოს სამართლებრივი შედეგი: მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა ან ასეთ მოთხოვნაზე უარის თქმა.

როგორც მოპასუხის შეგებებული სარჩელიდან ირკვევა, მოპასუხე მიუთითებს, რომ სადავო ფართი წარმოადგენს მის საკუთრებას.

სკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მხარეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რომ აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენით დაამტკიცონ, სადავო ნივთი მათ საკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხე მიუთითებს, რომ სადავო ნივთი მან შეიძინა მოსარჩელისაგან. შესაბამისად, მას უნდა გააჩნდეს აღნიშნულის დამადასტურებელი სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი, თუმცა სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამგვარი საბუთის არსებობაზე მითითებული არ არის.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატა მის განჩინებაში განიხილავს საქმეში წარმოდგენილ ცალკეულ მტკიცებულებებს, მაგრამ არ არის დადგენილი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, არ არის მითითებული სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების იურიდიულ მნიშვნელობაზე და იმ სამართლებრივ შედეგზე, რასაც გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტები იწვევენ.

სკ-ის 183-ე მუხლის გათვალისწინებით მოცემული დავის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელ სანოტარო წესით დამოწმებულ საბუთებს და არა არქმშენინსპექციისა და ტექაღრიცხვის ბიუროს ჩანაწერებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ჩანაწერები სადავო ხდება და მათ უზუსტობას თვით მისი განმახორციელებელი ორგანოები ადასტურებენ.

სააპელაციო პლატას არ გამოუკვლევია ნივთის შესაძენად აუცილებელი სანოტარო საბუთები და გადამწყვეტი მნიშვნელობა მიანიჭა სხვა მტკიცებულებებს, რომელიც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სანოტარო საბუთების მონაცემები ხდება სადავო. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებებიც არ არის სრულად და ყოველმხრივ გამოკვლეული.

სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას მიიღო ახალი მტკიცებულებები, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფროსის 2003წ. 14 მაისის წერილი და ქ.თბილისის არქმშენინსპექციის 2003წ. 25 მაისის წერილი, რომელთა თანახმად, შპს ,,გ-ას” სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ 680 კვ.მ არ შედის კაზინოს შესასვლელის მთლიანი ფართი. ამ ფართის ნაწილი 51 კვ.მ 1996წ. 13 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, აღირიცხა შპს ,,გ-ას” სახელზე. ამ ფართის ნაწილი _ 50 კვ. მ ირიცხება და შედის შპს ,,ლ-ის” სახელზე რიცხულ 235 კვ.მ ფართში. ექსპლუატაციაში მიღების აქტში შეტანილია ცვლილება_ 50 კვ.მ დააკლდა შპს ,,გ-ას” სახელზე ექსპლუატაციაში მიღებულ ფართს.

სასამართლოს არ გაურკვევია საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული 680 კვ.მ-ში შედის თუ არა სადავო ფართი. სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება იმ ფართზე, რომელიც დამქირავებლის საკუთრებაში იმყოფებოდა.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ტექნიკური პასპორტის მონაცემების გასწორება ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისა და „არქმშენინსპექციის“ მოსაწესრიგებელი საკითხია და მის გასაბათილებლად აუცილებელი არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება.

აღნიშნულ გარემოებათა გამო საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის დარღვევით არის მიღებული, დასადგენია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.