გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-1379-954(კ-05) 29 მარტი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 5 თებერვალს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. გ-მა მოპასუხე გორის ¹1 მუსიკალური სკოლის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ თ. გ-ის მამა _ დ. გ-ი იყო გ. ა-ის შვილობილი. გ. ა-ი გორში, ... ქუჩაზე საკუთრების უფლებით ფლობდა საკუთარ სახლს, რომელიც მან 1913 წელს შეიძინა. 1924 წელს გორის სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმს აღუძრავს შუამდგომლობა გ. ა-ისათვის სახლის ჩამორთმევის შესახებ. 1928წ. 2 მარტს ჩატარებული საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარიატთან არსებული რესპუბლიკური კომისიის სხდომის ¹34 ოქმის თანახმად, განისაზღვრა ნაციონალიზაცია-მუნიციპალიზაციაქმნილ შენობა-ნაგებობათა სია, რომელშიც შეტანილ იქნა გ. ა-ის საცხოვრებელი სახლიც. ამის შემდეგ, გ. ა-ს ჩამოერთვა საცხოვრებელი სახლი და, მიუხედავად სხვადასხვა ორგანოებში მისი ჩივილისა, სახლი მისთვის უკან აღარ დაუბრუნებიათ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ განუწყვეტელი საჩივრებისა და პროტესტის გამო, გ. ა-ს ჯერ აეკრძალა სამოქალაქო უფლებები და შეყვანილ იქნა ხმაჩამორთმეულთა სიაში, ხოლო 1937წ. 25 დეკემბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 თანახმად, აგიტაციისა და პროპაგანდისათვის, რომელიც შეიცავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა. შემდგომში, გ. ა-ი რეაბილიტირებულ იქნა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989წ. 16 იანვრის ბრძანებულებით. მოსარჩელემ განმარტა, რომ ამჟამად სადავო შენობაში განთავსებულია ¹1 მუსიკალური სკოლა.
თ. გ-მა აღნიშნა, რომ იგი არის გ. ა-ის ერთადერთი მემკვიდრე, რის გამოც, სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მოითხოვა ქ. გორში, ... მდებარე გ. ა-ის ყოფილი საცხოვრებელი სახლიდან იქ განთავსებული ორგანიზაცია-დაწესებულებებისა და ფიზიკური პირების გამოსახლება და გამონთავისუფლებული შენობის მის საკუთრებაში გადაცემა.
თ. გ-მა დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ გ. ა-ის კუთვნილ სახლზე მესაკუთრესთან შეუთანხმებლად მოხდა მიშენება პირველ სართულზე და აგრეთვე, დაშენება მეორე სართულის სახით. ვინაიდან მიშენება მოხდა მესაკუთრის _ გ. ა-ის თანხმობის გარეშე, მოსარჩელემ, როგორც მემკვიდრემ, მოითხოვა მისი საკუთრების უფლების დადასტურებულად ცნობა გორში, ... მდებარე შენობა-ნაგებობებზე მთლიანად.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 თებერვლის განჩინებით მესამე პირებად საქმეში ჩაბმულ იქნენ გორის რაიონის გამგეობა და გორის რაიონის კულტურის განყოფილება.
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 მარტის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ გორის ¹1 საშუალო სკოლა შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ გორის რაიონის გამგეობით.
2003წ. 30 აპრილს გორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ტ. გ-მა გორის ¹1 მუსიკალური სკოლის მიმართ. ტ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნა ანალოგიური იყო თ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნისა, რომელიც ითხოვდა გორში, ... მდებარე გ. ა-ის ყოფილი საცხოვრებელი სახლის მის საკუთრებაში გადაცემას. ტ. გ-ი მიუთითებდა, რომ იგი იყო გ. ა-ის მეუღლის _ კ. ა-ის ძმისშვილის შვილი, რომელმაც 1965წ. 17 აგვისტოს თავისი ქონება უანდერძა ტ. გ-ის მამას. აქედან გამომდინარე, ტ. გ-მა მიიჩნია, რომ მას, როგორც გ. და კ. ა-ების მემკვიდრეს, უნდა გადაეცეს სადავო ქონება.
მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 ივლისის განჩინებით, თ. და ტ. გ-ების საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თ. და ტ. გ-ების სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო გორის რაიონის გამგეობამ, რომლის წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადა. სარჩელები ასევე არ ცნეს გორის რაიონის კულტურის განყოფილებისა და გორის ¹1 მუსიკალური სკოლის წარმომადგენლებმაც.
გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. და ტ. გ-ებს უსაფუძვლობის მოტივით უარი ეთქვათ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის გორის რაიონულ სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
აპელანტმა მიუთითა, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევით, პროცესზე არ იქნენ მიწვეულები და სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდნენ მოსარჩელე თ. გ-ი, მოპასუხე გორის რაიონის გამგეობა და მესამე პირი გორის ¹1 მუსიკალური სკოლა.
აპელანტი არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, თითქოს 1964 წელს სკ-ის შესაბამისად, გ. ა-ის მემკვიდრეებს მოცემულ დავასთან დაკავშირებით გაშვებული აქვთ სასამართლოსადმი მიმართვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. თ. გ-მა განმარტა, რომ ჯერ კიდევ გ. ა-ი სხვადასხვა ინსტანციებში უშედეგოდ დავობდა ჩამორთმეული სახლის დაბრუნების თაობაზე. გარდა ამისა, საქართველოს სსკ ცენტრალური კომიტეტის 1938წ. 8 თებერვლის ცირკულარული წერილით შეწყვეტილ იქნა 1933 წლამდე ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე შუამდგომლობათა მიღება და განხილვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გორის ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო, რომელმაც ასევე არ ცნო სარჩელი.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელი და საქმის გორის რაიონულ სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების ნაცვლად ახალი გადაწყვეტილების მიღება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით თ. გ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ვინაიდან ტ. გ-მა არ გაასაჩივრა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ თ. გ-ის სარჩელთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გორის რაიონულმა სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ საქმეში მონაწილე მხარეებს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ჩაბარებული არ ჰქონდათ უწყებები სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოძახების შესახებ, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა გორის ¹1 მუსიკალური სკოლის დირექტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ. ა-ი ფლობდა სადავო შენობას. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო გორის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2001წ. 30 ნოემბერს გაცემულ ცნობას, რომლის თანახმადაც, გორში, ... მდებარე შენობა, 1928 წელს ჩამოერთვა გ. ა-ს. აღნიშნული შენობა 1966 წლიდან აღრიცხული იყო მუსიკალური სკოლის ბალანსზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, მართალია, თ. გ-ი ითხოვს სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, მაგრამ იგი არ წარმოადგენს სადავო შენობის მესაკუთრეს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 1964 წელს მოქმედი სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად, გ. ა-ის მეუღლეს _ კ. ა-ს, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, უფლება ჰქონდა აღეძრა სარჩელი ნივთის (სახლთმფლობელობის) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა 3 წელს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, არსებობდა საქართველოს სსრ ცენტრალური კომიტეტის 1938წ. 8 თებერვლის ცირკულარული წერილი, რომლითაც შეწყვეტილი იყო 1933 წლამდე ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე შუამდგომლობათა მიღება და განხილვა, მაგრამ სამოქალაქო კოდექსი ცირკულარულ წერილთან შედარებით იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ გ. ა-ის არც ერთ მემკვიდრეს 2002 წლამდე სადავო ქონების დაბრუნების შესახებ სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით არ მიუმართავს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. გ-ის მოთხოვნა სადავო ქონების დაბრუნების შესახებ, 1997წ. სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას არასამართლიანი (არალეგიტიმური) მთავრობის (პოლიტიკური რეჟიმის) არსებობის გამო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად: «რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით». ასეთი კანონი კი მიღებული არ არის.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გ. ა-ი დახვრეტილ იქნა 1938 წელს, ხოლო რაიონულმა სასამართლომ თ. გ-ი 2002წ. 18 იანვარს ცნო გ. ა-ის მემკვიდრედ. სკ-ის 1424-ე მუხლის თანახმად კი სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში. ამრიგად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თ. გ-ის გ. ა-ის მემკვიდრედ ცნობა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ამ უკანასკნელმა მიიღო უფლება სადავო სახლთმფლობელობაზე, მით უფრო, რომ გ. ა-ს ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრე _ მეუღლე კ. ა-ი, რომელსაც სარჩელით არ მიუმართავს სასამართლოსათვის. თ. გ-ი კი იყო დ. გ-ის შვილი, რომელიც, თავის მხრივ, გ. ა-ის მიერ იყო ნაშვილები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, სასამართლოს მიერ კი დადგენილია შემდეგი:
მოსარჩელე თ. გ-ის მამა _ დ. გ-ი იყო გ. ა-ის შვილობილი. გ. ა-ი გორში, ... საკუთრების უფლებით ფლობდა საკუთარ სახლს, რომელიც მან შეიძინა 1913 წელს. 1924 წელს გორის სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმმა აღძრა შუამდგომლობა გ. ა-ისათვის სახლის ჩამორთმევის შესახებ. 1928წ. 2 მარტს ჩატარებული საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარიატთან არსებული რესპუბლიკური კომისიის სხდომის ¹34 ოქმის თანახმად, შედგენილ იქნა ნაციონალიზაცია-მუნიციპალიზაციაქმნილ შენობა-ნაგებობათა სია, რომელშიც მოხსენიებულია გ. ა-ის საცხოვრებელი სახლი, რაც შემდგომში ჩამოერთვა კიდეც. 1930 წელს გ. ა-ს ჩამოართვეს ხმის მიღების უფლება, ხოლო 1937წ. 25 დეკემბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 თანახმად, აგიტაციისა და პროპაგანდისათვის, რომელიც შეიცავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა. შემდგომში, გ. ა-ი რეაბილიტირებულ იქნა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989წ. 16 იანვრის ბრძანებულებით.
საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სადავო შენობა 1966 წლიდან აღრიცხული იყო მუსიკალური სკოლის სახელზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებით თ. გ-ი ცნობილ იქნა გ. ა-ის მემკვიდრედ, ხოლო იმავე სასამართლოს 2002წ. 23 იანვრის გადაწყვეტილებით, გ. ა-ი აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული აქვს მხოლოდ თ. გ-ს, ამიტომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ მისი სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე, ხოლო ტ. გ-ს არც რაიონული და არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, რის გამოც საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას თ. გ-ის სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და განმარტავს შემდეგს:
1964წ. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის თანახმად, დაშვებულ იქნა ვინდიკაციური სარჩელი და გაუქმდა მანამდე არსებული ყველა ნორმატიული თუ კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც ამ საკითხს არეგულირებდა. მითითებული კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილი იყო, თავისი საკუთრება (ქონება) უკანონო მფლობელისგან გამოეთხოვა. აქვე დადგენილი იყო კეთილსინდისიერი შემძენისგანაც საკუთრების გამოთხოვის წესი და პირობები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, იმ პერიოდისათვის არსებობდა ცაკის 1938წ. 8 თებერვლის ცირკულარული წერილი იმ ქონების დაბრუნებაზე შუამდგომლობათა მიღებისა და განხილვის შეწყვეტის შესახებ, რომლებიც 1933წ. ჩათვლით იყო ჩამორთმეული, მაგრამ სამოქალაქო სამართლის კოდექსი იერარქიულად უფრო მაღლა იდგა, ვიდრე მითითებული ცირკულარული წერილი.
საქმის მასალებით დგინდება, რომ თ. გ-მა სასამართლოს მხოლოდ 2002 წელს მიმართა, რაც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვებას წარმოადგენს. საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მხარეებს წარმოუდგენიათ მტკიცება იმის თაობაზე, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა საპატიო მიზეზით, სკ-ის შესაბამისად, შეჩერებული იყო. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას არასამართლიანი (არალეგიტიმური) მთავრობის (პოლიტიკური რეჟიმის) არსებობის გამო.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თ. გ-ის მოთხოვნა სადავო ქონების გამოთხოვის შესახებ ხანდაზმულია.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არამართებულია მოსარჩელის მიერ სადავო ქონების გამოთხოვისათვის 1997წ. სკ-ის 172-ე მუხლზე აპელირება, ვინაიდან მითითებული მუხლი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლებას მხოლოდ მესაკუთრეს ანიჭებს, თ. გ-ი კი სადავო ნივთის მესაკუთრეს არ წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 იანვრის გადაწყვეტილებით თ. გ-ი, მართალია, ცნობილ იქნა გ. ა-ის მემკვიდრედ, მაგრამ მოცემულ გადაწყვეტილებაში არ არის განმარტებული, თუ რა შედიოდა იმ სამემკვიდრეო მასაში, რაც მას მემკვიდრეობით ერგო.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს სკ-ის 1319-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, მემკვიდრეობა იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ მისი გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გ. ა-ს სადავო ქონება ჩამოართვეს 1928 წელს და იგი არ აღდგენილა, რის გამოც სადავო საცხოვრებელი სახლი გ. ა-ისა და მისი მეუღლის _ კ. ა-ის გარდაცვალების და სამკვიდროს გახსნის პერიოდში მათ საკუთრებას აღარ წარმოადგენდა. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ქონება, გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად, სამკვიდრო მასაში ვერ შევიდოდა და შესაბამისად, თ. გ-ის საკუთრებად მემკვიდრეობის უფლებით ვერ იქნება ცნობილი.
საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს «საქართველოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონს, რომლის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მართალია, დადგენილია, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება და თავისუფლება, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით. ასეთი კანონი კი ჯერჯერობით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული არ არის და შესაბამისად, მოწესრიგებულიც არ არის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს «მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად: «პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს და მის მემკვიდრეებს უფლება აქვთ დაიბრუნონ საქმეში შენახული პირადი ხელნაწერების, საბუთების და დოკუმენტების ასლები, აგრეთვე, პირადი ნივთები». საკასაციო სასამართლოს აზრით, «პირადი ნივთის» ცნებაში უძრავი ნივთი არ შეიძლება იგულისხმებოდეს. «პირადი ნივთი» გულისხმობს მხოლოდ პირადი მოხმარების საგნებს, რაც თავისი შინაარსიდან გამომდინარე, უძრავი ნივთი ვერ იქნება.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.