¹ას-821-1074-04 26 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ჯ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საკუთრებაში არსებული ნივთით _ საცხოვრებელი სახლით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა მოპასუხის _ ლ. კ.-ის მხრიდან და მორალური ზიანის ანაზღაურება 30000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ქ. თბილისში, ... ქ. ¹12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე ხელს უშლის მას ამ სახლით სარგებლობაში, კერძოდ, ამოუქოლა სადარბაზოს კარი, დაალაგა სადარბაზოში თავისი ნივთები, გაიყვანა მის სხვენზე ტელეფონის ხაზი, მოახდინა წყლის გაყვანილობის გადაგეგმარება, რის შედეგად მოსარჩელეს შეუწყდა წყლის მიწოდება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის ამგვარი ქმედების შედეგად შეილახა მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები, რის გამოც მან მიმართა სასამართლოს თავისი დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით. ამასთან, მან მოითხოვა მასზე მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 30000 ლარის ოდენობით. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 11 მარტის გადაწყვეტილებით, ვ.ჯ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება ლ.კ.-ის მხრიდან ვ.ჯ.-ს ქონებრივი უფლებების შელახვის ფაქტი და არ არსებობს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები.
არ დაეთანხმა რა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვ.ჯ.-მ გაასაჩივრა იგი სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმება და მისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ არ ცნო სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ იგი დაუსაბუთებელია მან განმარტა, რომ იგი არ არის სახლის მესაკუთრე, შესაბამისად, მის მიმართ ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაყენება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა ვ.ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი და მიიჩნია, რომ ლ. კ.-ე არ არის სათანადო მოპასუხე დაყენებული მოთხოვნების მიმართ, რადგანაც სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ვერ დაევალება ვერც სადარბაზოს გახსნა, ვერც ნივთებისაგან მისი გათავისუფლება, ვერც წყლის გაყვანილობის აღდგენა, რადგანაც იგი არ არის არც სახლის, არც ნივთების მესაკუთრე და არა აქვს უფლება, სხვა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ მოიმოქმედოს რაიმე სახლთმფლობელობის ტერიტორიაზე.
ვ.ჯ.-მ უარი თქვა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, რის გამოც სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, მისი სარჩელი ამ ნაწილში სწორად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მორალური ზიანის ანაზღაურებაც, რადგან ვ.ჯ.-მ ვერ მიუთითა, თუ რის გამო უნდა დაეკისროს ლ. კ.-ს მის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით.
ვ. ჯ.-მ მიმართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქმის საჩქაროდ განხილვა. მისი განცხადებით, სასამართლომ უგულებელყო მისი თხოვნა, რომ გამოეყოთ მისთვის ადვოკატი სახაზინო წესით. არ გაითვალისწინეს მის მიერ წარმოდგენილი ოცდაათ გვერდიანი მტკიცებულებები. მისი განცხადებით, იგი არის კანონიერი მფლობელი ... ქუჩაზე არსებული ¹12 სახლისა 1971წ. 15 იანვრიდან და იხდის სათანადო გადასახადსაც.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ვ. ჯ.-ა თავის სასარჩელო განცხადებაში აყენებდა ხელისშეშლის აღკვეთის მოთხოვნას, ანუ იგი თავის მოთხოვნას ამყარებდა სკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელისშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოსთხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანით.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორადაა განმარტებული სკ-ის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი. აღნიშნული მუხლი არ აკონკრეტებს, თუ ვინ შეიძლება იყოს ხელისშემშლელი, ანუ ეს ნორმა არ შეიცავს აკრძალას იმასთან მიმართებაში, რომ ხელისშემშლელი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრე. ხელისშემშლელი შეიძლება იყოს ნებისმიერი, რომელიც ხელყოფს მესაკუთრის ინტერესებს. ასეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი მფლობელი, თუნდაც დამქირავებელი, მოიჯარე ან სხვა სახის მოსარგებლე. ამდენად, ასეთ შემთხვევაში ლ.კ.-ის მიჩნევა არასათანადო მოპასუხედ უსაფუძვლოა, მითუმეტეს, რომ სხდომის ოქმში ვ.ჯ.-ს უარი არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე დაფიქსირებული არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა სარჩელზე უარის თქმა იმის გამო, რომ ლ. კ.-ე არ არის სადავო სახლის თანამესაკუთრე.
ამასთან, ვინაიდან საკასაციო პალატა საქმეს არ იხილავს არსებითად და საკასაციო საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, პალატა მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ვ.ჯ.-სთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას საქმის განხილვის ამ ეტაპზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.