Facebook Twitter

ას-821-1442-03 29 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 8 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ტ. თ-მა ასესხა გ. ჯ-ს 2000 აშშ დოლარი უპროცენტოდ, ერთი წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება დაადასტურა ნოტარიუსმა თ. ბ-ემ. ტ. თ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ნოტარიუს თ. ბ-ის მიმართ და მიუთითა, რომ გ. ჯ-ისგან სესხის დაბრუნება შეუძლებელი გახდა მისი ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო, რაშიც ბრალი მოპასუხეს მიუძღვის, კერძოდ, ნოტარიუსმა თ. ბ-ემ დაარღვია კანონი, არ დაადგინა გ. ჯ-ის ვინაობა, მისამართი და ისე გააფორმა სესხის ხელშეკრულება. მან მოითხოვა თ. ბ-ეზე 2000 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ტ. თ-ის სარჩელი თ. ბ-ის მიმართ ზარალის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ნოტარიუსმა თ. ბ-ემ გააფორა სესხის ხელშეკრულება ტ. თ-სა და მ. ჯ-ს შორის. ნოტარიუსს არ დაურღვევია საქართველოს კანონის «ნოტარიატის შესახებ» 49-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, მოპასუხე იცნობდა მ. ჯ-ს. ამ მუხლის თანახმად, სანოტარო მოქმედების შესრულების დროს, თუ პირს ნოტარიუსი პირადად იცნობს, პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭირო აღარ არის.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ტ. თ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ოქტომბრის განჩინებით ტ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-ის პიროვნების იდენტიფიცირება და მისი საცხოვრებელი ადგილის მითითება ხელშეკრულებაში მოხდა გ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი ცნობიდან მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ ჩათვალა, რომ ნოტარიუსს კანონი არ დაურღვევია და ამდენად, მას პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ტ. თ-მა, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნოტარიუს თ. ბ-ის ბრალით მოხდა მისთვის ზიანის მიყენება. მან სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას გ. ჯ-ს არ მოსთხოვა პირადობის მოწმობა, რის შედეგადაც ხელშეკრულებაში დაფიქსირდა ის მისამართი, სადაც გ. ჯ-ს არ უცხოვრია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ 1999წ. 8 დეკემბერს ტ. თ-სა და მ. ჯ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, Mტ. თ-მა გ. ჯ-ს ერთი წლის ვადით უპროცენტოდ ასესხა 2000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება სანოტარო წესით დაადასტურა ნოტარიუსმა თ. ბ-ემ, ასევე დადგენილია, რომ სესხის უზრუნველყოფის მიზნით რაიმე ბინის თ-ის საკუთრებაში გადაცემაზე ან სესხის სხვაგვარად უზრუნველყოფაზე ხელშეკრულებაში ლაპარაკი არ არის. სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიმართ საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ აქვს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში კი სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ტ. თ-ის სარჩელი. საქართველოს კანონის «ნოტარიატის შესახებ» მე-19 მუხლის თანახმად, ნოტარიუსს პასუხისმგებლობა ეკისრება პირდაპირი ქონებრივი ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია ნოტარიუსის განზრახ ან გაუფრთხილებელმა მოქმედებამ. ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსი და სხვა თანამდებობის პირი, რომელიც სანოტარო მოქმედებას ასრულებენ, პასპორტის ან მისი შემცვლელი დოკუმენტის მიხედვით ადგენენ იმ პირის ან მისი წარმომადგენლის ვინაობას, ვინც სანოტარო მოქმედების შესრულებას ითხოვს, თუ პირს ნოტარიუსი პირადად იცნობს პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის. კასატორის განმარტებით, ჯ-ის პიროვნება დადგინდა საპატიმრო ორგანოებიდან გათავისუფლების შესახებ ცნობის შესაბამისად. აღნიშნულის უფლება ნოტარიუსს ჰქონდა. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ნოტარიუსმა დაარღვია კანონი, რადგან არ დაადგინა გ. ჯ-ის საცხოვრებელი ადგილი. პალატა თვლის, რომ ნოტარიუსმა ზემოაღნიშნული ცნობის საფუძველზე მიუთითა გ. ჯ-ის საცხოვრებელი მისამართი, რისი უფლებაც მას ჰქონდა.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონი არ დარღვეულა, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.