საქმე # 010142221700145424
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №54აგ-21 7 დეკემბერი, 2021 წელი
ღი ს, 54აგ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 აგვისტოს დადგენილებით:
ს. ღ-ი, - დაბადებული 1--- წლის 5 აპრილს, - ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და დაედო ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარი.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენით:
ს. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ს. ღ-ს 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით:
ს. ღ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი;
ს. ღ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი;
ს. ღ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2100 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. ღ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2100 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ს. ღ–ს დაკავების ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ს. ღ-ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. 2021 წლის 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ს. ღ–მა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №1/13/732), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებისა (საქმე №1/2/1282) და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების (საქმე №1/2/1282) საფუძველზე მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა და სასჯელისგან გათავისუფლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენით:
ს. ღ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გაუქმდა ს. ღ–ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი:
ს. ღ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან. ს. ღ-ს აღუდგა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლით ჩამორთმეული უფლებები.
ს. ღ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
ს. ღ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან. ს. ღ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან. ს. ღ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე; ს. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ს. ღ–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
6. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილემ იოსებ ხუციშვილმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენის გაუქმება და ს. ღ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2017 წლამდე მოქმედი რედაქცია, ამჟამინდელი რედაქციით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი), სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
6.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, დანაშაულის ჩადენის დრო არის დრო, როდესაც პირი მოქმედებდა ან უნდა ემოქმედა მას. როდესაც ს. ღ-მა ჩაიდინა სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, მას არ ჰქონდა გაქარწყლებული ნასამართლობა, შესაბამისად, ის ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ და 2017 და 2018 წლებში მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიუხედავად, გამოკვეთილია საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა (ამჟამინდელი რედაქციით, სსკ-ის 2731-ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამარლთოს სისხლის სამართლის პალატის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. მოცემულ საქმეში კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრისა (N1/13/732) და 2018 წლის 27 აპრილის (N1/2/1282) გადაწყვეტილებების საფუძველზე იმსჯელა, კერძოდ:
2.1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით (N1/13/732) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის; ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით (N1/2/1282) კი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
3. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ს. ღ-ი ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 7 მარტის განაჩენით დამნაშავედ ცნო სწორედ ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (,,მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ვინაიდან იგი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 6 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირს წარმოადგენდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრისა და 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მართებულად გააუქმა ს. ღ-ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გამამტყუნებელი განაჩენი, უდანაშაულოდ ცნო ს. ღ–ი და გაათავისუფლა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან; ამასთან, აღუდგინა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მითითებული განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.
4. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენს, ვინაიდან ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენით ს. ღ-ი ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და 2016 წლის 31 აგვისტოს მან კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების (ნედლი ,,მარიხუანა“ - 34,72 გრამი და გამომშრალი ,,მარიხუანა“ - 2,31091 გრამი) უკანონოდ შეძენა-შენახვა, შესაბამისად, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ე.ი. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვისათვის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული); ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (,,მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისა (საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი) და განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, ცივი იარაღის ტარებისათვის (საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი).
5. ამდენად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებების საფუძველზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენი გაუქმდა და ს. ღ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, შესაბამისად, აღარ არსებობს ის საფუძველიც, რამაც მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით მსჯავრდება გამოიწვია. გამოკვეთილი აღარ არის იმპერატიული გარემოება - იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. ესე იგი, ის ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც გამოიწვია ს. ღ-ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ იწვევს. ანალოგიურად, აღარ არსებობს ის საფუძველიც, რომელმაც ქმედების საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება გამოიწვია, ვინაიდან აგრეთვე არ იკვეთება - განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. ამასთან, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ს. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითაც (,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (,,მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის), იგი მოცემულ ნაწილში, ზემოხსენებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრისა და 2018 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებების საფუძველზე, აგრეთვე მართებულად გათავისუფლდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მსგავს სამართლებრივ საკითხზე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, კერძოდ, N405აპ.-17 გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატა უთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების საფუძველი წარმოშვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 აპრილის განაჩენით რ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დამნაშავედ ცნობამ („ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (,,მარიხუანის“) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის). ის ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც გამოიწვია რ. მ-ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით (იგულისხმება სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება), სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ იწვევს, რის გამოც საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ. მ-ის მიმართ უნდა შეწყდეს დევნა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
7. საკასაციო საჩივრის თანახმად, კასატორი აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დრო არის დრო, როდესაც პირი მოქმედებდა ან უნდა ემოქმედა მას. ს. ღ-–ს კი, როდესაც მან სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, არ ჰქონდა გაქარწყლებული ნასამართლობა (შესაბამისად, იყო ნასამართლევი). საკასაციო სასამართლო პროკურორის აღნიშნულ არგუმენტს არ ეთანხმება და უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კი ძალადაკარგულად არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის; აგრეთვე, ძალადაკარგულად არის ცნობილი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის. მაშასადამე, ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ იწვევს.
8. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას როგორც ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის განაჩენის გაუქმების, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენში შეტანილი ცვლილების ნაწილში და მიაჩნია, რომ პროკურორ იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის მოადგილის - იოსებ ხუციშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი