Facebook Twitter

საქმე # 010142221700147382

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №59აგ-21 7 დეკემბერი, 2021 წელი

ქ-ე გ, 59აგ-21 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ქ-ის (გვარის ცვლილებამდე - გ. ქ.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 დეკემბრის განაჩენით:

გ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 24 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 4 თვე და საბოლოოდ გ. ქ-ს განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 4 თვით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მარტის განაჩენით:

გ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 მარტის განაჩენში:

გ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ქ-ს განაჩენიდან ამოერიცხა მითითება საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ვიდეოფირის განადგურების თაობაზე და საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ვიდეოფირი დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და შეინახა საქმის შენახვის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 15 თებერვლის განაჩენში გ. ქ-ის მიმართ შევიდა ცვლილება:

გ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით (2007 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, გ. ქ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 11 თვე, 26 დღე და საბოლოოდ გ. ქ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 3 წლით, 11 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ივნისის განაჩენით:

გ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის განჩინება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად;

გ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 6 თვით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 14 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ქ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ქ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 22 მარტიდან. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

9. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ქ-მა შეიცვალა გვარი და გახდა გ. ქ.

10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2018 წლის 7 ივნისის №17716/08 გადაწყვეტილებით საქმეზე „ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მესამე პუნქტის (d) დარღვევა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენით:

გ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის განჩინება გ. ქ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით:

გ. ქ-ის ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განაჩენი გაუქმდა; ასევე გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის განჩინება; გ. ქ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2007 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) მსჯავრდებაში გამართლდა.

13. 2021 წლის 27 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ. ქ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ხ-მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენის საფუძველზე, გ. ქ-ის (ქ-ის) მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 30 ივნისის განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინებით:

გ. ქ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. ხ-ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

15. კასატორმა - გ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ-მა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინების გაუქმება.

15.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის საფუძველს წარმოადგენს ის ახალი გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ გ. ქ-ის უდანაშაულობაზე და ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით, ასევე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით. აღნიშნული განაჩენით გადაისინჯა გ. ქ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2007 წლის 1 მარტს გამოტანილი განაჩენი, რომელშიც დადგინდა რიგი დარღვევები, რომლებიც ძირითადად ეხება სასჯელაღსრულების N.. დაწესებულების თანამშრომლების მიერ გ. ქ-ის 2007 წლის 1 მარტის საქმეში მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებების აბსურდულობას, ბუნდოვანებასა და ურთიერთგამომრიცხაობას, რაც საფუძველი გახდა გ. ქ-ის გამართლებისა. 2007 წლის 1 მარტის საქმეზე მოწმეების სტატუსით მონაწილე პირებს, ასევე მოწმის სტატუსი აქვთ გ. ქ-ის მიმართ დამდგარ 2008 წლისა და 2012 წლის განაჩენებში, რაც იძლევა 2012 წლის სსკ-ის 378–ე მუხლით გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის სრულ საფუძველს. გ. ქ-ის მიმართ წლების განმავლობაში (2004 წლის შემდეგ, 2012 წლის ჩათვლით) გამოტანილ განაჩენთა ერთობლიობა, მათი შინაარსი, ქრონოლოგიური ანალიზი, ნათლად ადასტურებს, რომ გ. ქ-ეს მიზანმიმართულად დევნიდნენ. აღნიშნულის მიზეზი კი იყო ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არ ეგუებოდა სასჯელის მოხდის მომენტში მის მიმართ დისციპლინურ თუ სხვა დანაშაულებში უსაფუძვლო ბრალდებებს და ასეთ ფაქტებზე თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა, როგორც სახალხო დამცველის აპარატს, ასევე ადგილობრივ სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ყოველი წინა განაჩენით გათვალისწინებული სასჯელის ვადის ამოწურვამდე, მის საკანში იგეგმებოდა ახალი ჩხრეკა–დათვალიერება, რა დროსაც გ. ქ. თითქოს, არ აძლევდა უფლებას ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაეტარებინათ მითითებული ღონისძიება და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ხდებოდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენების გამოტანისა და პატიმრობაში დატოვების საფუძველი. ყველა წარმოდგენილ საქმეში განაჩენი ემყარება მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა ჩვენებებს. ყველა განაჩენში ფიგურირებს ერთი და იმავე მოწმეების გვარები. ამასთან, განაჩენები უკავშირდება სწორედ იმ პერიოდს, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დამყარებული იყო „ძალადობრივი რეჟიმი.“ უნდა აღინიშნოს, რომ პირები, რომლებსაც მოწმის სტატუსი აქვთ გ. ქ-ის წინააღმდეგ მიმართულ საქმეებში, 2012 წლის შემდეგ აღარ მუშაობენ დაკავებულ თანამდებობებზე; ამის მიზეზი, დაცვის მხარის მოსაზრებით, არის - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ციხიდან არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების თანამდებობებიდან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, შეაფასა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო საჩივრის თანახმად, განაჩენის გადასინჯვის საფუძველია ის ახალი გარემოებები, რომლებიც გ. ქ-ის უდანაშაულობაზე მიუთითებენ და ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებითა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენით.

3. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ ზემოხსენებულ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის გამამართლებელი განაჩენის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი, კერძოდ, ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საქმეზე - ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Kartvelishvili v. Georgia), N17716/08, 07/06/2018, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტის დარღვევა დაადგინა და ამასთან, გადასასინჯი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის) განჩინება ამ დარღვევას ეფუძნებოდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ მხოლოდ ამ გადასასინჯი განაჩენის ფარგლებში იმსჯელა და დაადგინა - რამდენად გულდასმით იყო განხილული საქმეში არსებული მტკიცებულებები, აკმაყოფილებდა თუ არა მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს და გაითვალისწინა თუ არა ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ დარღვევის დამდგენ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენში საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწმეების - ა. ს-ას, გ. ს-სა და მ. ღ-ის ჩვენებები (რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ გ. ქ-ის საკანში ჩატარებულ შემოწმება-დათვალიერებას), იყო ურთიერთსაწინააღმდეგო სწორედ მტკიცების საგანთან მიმართებით, ვერ აკმაყოფილებდა უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს და შეუძლებელი იყო ამ მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს სარწმუნოდ დაედგინა ფაქტები. მითუფრო, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მოწმეებმა, ციხის თანამშრომლებმა, რომლებმაც მომჩივნის საკნის ჩხრეკა ჩაატარეს, მისცეს აშკარად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები დასაკეცი დანის აღმოჩენასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების შესახებ. მეორე მხრივ, პროცესის დროს პროკურორმა თვითონ აღიარა, რომ ჩატარებული ჩხრეკის ვიდეოჩანაწერი დარწმუნებით ვერ ადგენდა, აღნიშნული დასაკეცი დანა მომჩივნის საწოლში იპოვეს თუ არა და ბოლოს, გამოკვეთილი იყო აშკარა შეუსაბამობა ვიდეოჩანაწერსა და ჩხრეკის ოქმს შორის.

4. ამდენად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ) და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენი ეფუძნება: 2006 წლის 8 აგვისტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N.. საპყრობილის N.. საკანში შემოწმება-დათვალიერებასა და მის საფუძველზე დანის ამოღების ფაქტს, ხოლო კასატორის მიერ მითითებული გადასასინჯი განაჩენი კი, დროის სხვა პერიოდში მომხდარ ფაქტებთან არის დაკავშირებული.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებად მიჩნევა, სხვა დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით, ამ შემთხვევაში არამართებულია. სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების, ზეპირი, წერილობითი, სხვა ნივთიერი მტკიცებულებების, მათ შორის წინააღმდეგობისა, თუ მსგავსების შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, წყდება ინდივიდუალურად. კასატორი აღნიშნავს, რომ გ. ქ-ის მიმართ გამოტანილ ყველა განაჩენში სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთი და იგივე თანამშრომლების გვარები ფიგურირებს; აღნიშნულზე საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო არ იზიარებს კონკრეტული მოწმის ჩვენებას და მის შინაარსს საქმის სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლივად ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს, მიზანშეუწონელია, ამ მტკიცებულების სანდოობის ხარისხის სხვა, ყველა სისხლის სამართლის საქმის კონტექსტში უარყოფა. მითუმეტეს, რომ მოცემულ საქმეებში მოწმეთა იდენტურობა გამოწვეულია არა, რაიმე სახის შესაძლო ხელოვნურად შექმნილი ვითარებით, არამედ თავად ქმედების ჩადენის ადგილით (სასჯელაღსრულების დაწესებულება). მაშასადამე, ყოველ სისხლის სამართლის საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ფასდება კონკრეტულ მტკიცებულებათა ინდივიდუალური შინაარსით, რასაც 2006 წლის 8 აგვისტოს ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის პოზიციით, ქმნიდა საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - ა. ს-ას, გ. ს-ას, გ. ს-ას, მ. ღ-ის (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. დაწესებულების თანამშრომლები) ჩვენებები, ამოღების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და №.. საკანში ჩატარებული შემოწმება - დათვალიერების დროს გადაღებული ვიდეოფირი. სხვა, კასატორის მიერ მითითებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 ივნისის განაჩენის მიხედვით კი, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა მათ შორის შემდეგი სახის მტკიცებულებები: მოწმეების - ე. ქ-ას, ლ. ქ-ას, მ. შ-ას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N.. დაწესებულების თანამშრომლების) ჩვენებები, დაცვის მხარის მოწმეების: გ. ზ-ის, მ. ფ-ას, გ. ხ-ას ჩვენებები, ვიდეომასალა.

6. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.“ შესაბამისად, მოცემულ პირობებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 1 ივნისის განაჩენი და წარმოდგენილი მასალები, თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ვერ ამტკიცებს მსჯავრდებულის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უდანაშაულობას და მითუფრო, გ. ქ-ის მიმართ - ფაქტობრივად, სისტემური ხასიათის დევნას 2004 წლის შემდეგ, 2012 წლის ჩათვლით (როგორც კასატორი აღნიშნავს).

7. კასატორი აგრეთვე უთითებს, რომ პირები, რომლებსაც მოწმის სტატუსი ჰქონდათ გ. ქ-ის საქმეებში, 2012 წლის შემდეგ აღარ მუშაობენ შესაბამის თანამდებობებზე; აღნიშნულის მიზეზს კი, დაცვის მხარის მოსაზრებით, წარმოადგენს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ციხიდან არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების თანამდებობებიდან გათავისუფლება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის ხსენებული არგუმენტი არის ვარაუდი, რომელიც არ არის განმტკიცებული კონკრეტული მასალით, რის გამოც საკასაციო სასამართლო მას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აღარ შეაფასებს.

8. ამდენად, საკასაციო პალატა უთითებს, რომ მოცემულ საქმეში ადვოკატ თ. ხ-ის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული საკითხები საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით განსაზღვრულ, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის არცერთი საფუძვლის მოთხოვნას არ მიესადაგება.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ გ. ქ-ის გ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ქ-ის (გვარის ცვლილებამდე - გ. ქ.ის) ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ხ.ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი