საქმე # 190100121004419875
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №754აპ-21 ქ. თბილისი
ს-ი ა, 754აპ-21 7 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ს-ს, - დაბადებულს .... წლის .. სექტემბერს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში, საღამოს საათებში, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, ა. ს-მა მეუღლეს - ტ. ჰ-ას ჩაარტყა ჩანგალი თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში, ა. ს-მა მეუღლეს - ტ. ჰ-ას მოქაჩა თმა და თავის არეშე დაარტყა მარჯვენა ხელის მუშტი, ვინაიდან, მისი თქმით, ეზიზღებოდა მეუღლის მიწოდებული საჭმელი. კონფლიქტისგან თავის არიდების მიზნით, საძინებელ ოთახში გასულ ტ. ჰ-ას კი ხელისა და ფეხის გამოყენებით მიაყენა არაერთჯერადი დარტყმები სხეულის სხვადასხვა არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად ტ. ჰ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2021 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 00:30 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში, საცხოვრებელ სახლში, ა. ს-მა მეუღლეს - ტ. ჰ-ს, ფიზიკური ძალადობის პარალელურად, განუცხადა, რომ მოკლავდა, რაც ტ. ჰ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის განაჩენით:
2.1. ა. ს. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორ ეპიზოდში) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ა. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
2.3. ა. ს-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - პროკურორმა ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენის გაუქმება, ა. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4.1. გამართლებულ ა. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ს-ა შესაგებლით მოითხოვა რუსთავის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. ს-ს მიერ ძალადობისა და მუქარის ჩადენას.
7. საინფორმაციო ცენტრ „112-ში“ შესული №....... შეტყობინების თანახმად, გ-ს განყოფილებაში გამოცხადდა გ-ის რაიონის სოფელ ყ-ში მცხოვრები ტ. გ, რომელმაც შეატყობინა, რომ მეუღლემ, ა. ს-მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ითხოვა პოლიციის დახმარება.
8. დაზარალებულმა ტ. ჰ-მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება მეუღლის - ა. ს-ს წინააღმდეგ.
9. მოწმე ლ. ტ-ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ არის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2021 წლის 25 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩამდენი პირი ა. ს. უნდა იმყოფებოდეს ყ-ში, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და უნდა აპირებდეს მიმალვას. აღნიშნული ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას შემდგომი რეაგირებისათვის.
10. მოწმე მ. ჰ-ს გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ არის ტ. ჰ-ს მამა. 2021 წლის 25 იანვარს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც, დღის საათებში, ტელეფონზე დაუკავშირდა მისი შვილი ტ. ჰ. და სთხოვა მასთან მისვლა. ტ. ჰ. იყო მარტო, მამის დანახვისას ატირდა და უთხრა, რომ მეუღლემ - ა. ს-მა იძალადა მასზე. მოწმემ აღნიშნა, რომ ტ. ჰ-ს სხეულზე აღენიშნებოდა სიწითლეები და ფიზიკური ძალადობის კვალი. შვილი თავისი მანქანით წაიყვანა გ-ს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ტ. ჰ-მ განაცხადა მეუღლის მხრიდან მის მიმართ ძალადობის შესახებ. მოწმის განმარტებით, დაძაბული ურთიერთობის შესახებ მან აქამდე არაფერი იცოდა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ 2021 წლის 25 იანვარს ა. ს. დამუქრებია მის შვილს, რომ მოკლავდა.
11. მოწმე ა. ლ-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, ექიმის პოზიციაზე. 2021 წლის 25 იანვარს, 17:19 საათზე, 112-ის მეშვეობით გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გ-ს განყოფილებაში. შეტყობინების მიხედვით, განყოფილებაში მისულ ტ. ჰ-ს ოჯახური ძალადობის ნიადაგზე აღენიშნებოდა დაზიანებები სხეულზე და ითხოვდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას. პაციენტს დაუმუშავდა ესკორიაციები, მიეცა დამამშვიდებელი საშუალება. პაციენტის გადმოცემით, აღნიშნული დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ, ა. ს-ა ფიზიკური ძალადობის დროს.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმეები - ლ. ტ. და ა. ლ. საერთოდ არ საუბრობენ 2020 წლის მარტში ტ. ჰ-ს მიმართ ჩადენილი ძალადობისა და 2021 წლის 25 იანვრის მუქარის ფაქტებზე, ხოლო მოწმე მ. ჰ-ს ჩვენება თავისი შინაარსით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, იგი 2020 წლის მარტისა და 2021 წლის 25 იანვრის ეპიზოდებზე საუბრობს შვილის - ტ. ჰ-ს ნაამბობის მიხედვით, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „,ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
14. №...... შემაკავებელ ორდერსა და შემაკავებელი ორდერის ოქმთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია არ არის გამყარებული არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით და, შესაბამისად, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
15. №.... სამედიცინო ბარათში აღწერილია დაზიანებები, რაც ტ. ჰ-ს აღენიშნებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროს; ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნის თანახმად, 2021 წლის 26 იანვარს მოქალაქე ტ. ჰ-ს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები სახისა და ზედა კიდურების მიდამოებში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად (ს. ფ. 131-134). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები, მართალია, შეიცავენ ინფორმაციას ტ. ჰ-ს სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ობიექტურად ვერ მიუთითებენ დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულატიურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს არამხოლოდ სუბიექტური, არამედ სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც.
17. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად (N140აპ-21, N65აპ-20 განაჩენები), მუქარის ნაწილში გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენები დარჩა უცვლელად, ვინაიდან დაზარალებულებმა სასამართლოს არ მისცეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
19. განსახილველ საქმეში დაზარალებულმა ტ. ჰ-მ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და მეუღლის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად.
20. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რაზეც აპელირებს კასატორი, ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ტ. ჰ-მ მიუთითა საძინებელ ოთახში იმ ადგილზე, სადაც მეუღლემ - ა. ს-მა იძალადა მასზე.
20.1. მოცემულ შემთხვევაში 2021 წლის 26 იანვარს საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ტ. ჰ-ნ მიღებული ჩვენების შესამოწმებლად. საქართველოს სსსკ-ის 129-ე-130-ე მუხლებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულს მიეცა წინადადება - დეტალურად აღედგინა საქმის ვითარება. წარმოდგენილი ოქმის თანახმად, დაზარალებულმა აღადგინა ის ვითარება, რაც გამომძიებელს მანამდე უამბო, ხოლო დამატებით რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი არ აღმოჩენილა.
20.2. იმ პირობებში, როდესაც ტ. ჰ-მ ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა/არც უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის შინაარსი, მოცემული ოქმი ა. ს-ს ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
20.3. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (იხ. №424აპ-16, №561აპ-15; №682აპ-21), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში გააჩნია პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა:
20.3.1. N561აპ-15 სისხლის სამართლის საქმეში საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულებს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.“ ე.ი. ამ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ვითარება აღდგა სწორედ იმ ,,სპეციალური ხერხების“ დემონსტრირებით, რაც პირმა მისთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად გამოიყენა, რის გამოც ოქმი მიჩნეულ იქნა ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად.
20.3.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №424აპ-16 გადაწყვეტილების თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს მიენიჭა მტკიცებულებითი ძალა, ვინაიდან ბრალდებულმა გამომძიებლებს მიუთითა იმ მაღაზიასა და მასში განთავსებულ სექციაზე, სადაც დანები იყო დალაგებული. თავის მხრივ, მაღაზიის თანამშრომელმა მოწმედ დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ამ მაღაზიაში, სწორედ ამ ადგილას, ისეთივე ტიპისა და ფორმის დანები იყიდებოდა (რაც ასევე დასტურდებოდა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მაღაზიაში გადაღებული ფოტოდოკუმენტით).
20.3.3. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ გარდა ზემოაღნიშნულისა (საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების კუთხით), პირობითად სხვა შემთხვევა შეიძლება იყოს მოცემულობა, როდესაც მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩნდება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.
21. ამდენად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში 2021 წლის 26 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეესაბამება არცერთ ზემოაღწერილ შემთხვევას, მასში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ა. ს-ს ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.
23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
24. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. ს-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
26. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
27. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე