ას-824-1457-03 19 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: სასწავლო კორპუსიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, ...... მდებარე, თბილისის ტექნოლოგიური პროფესიული სასწავლებლის სასწავლო კორპუსი იმყოფება საქართველოს განათლების სამინისტროს ბალანსზე, შენობა სარგებლობის და ოპერატიული მმართველობისათვის გადაცემული აქვს თბილისის ტექნოლოგიურ პროფესიულ სასწავლებელს. აღნიშნული შენობა მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც, ლიცეუმის სასწავლო პროცესი გადატანილი იყო შენობის შედარებით ვარგის ფართობში და ფუნქციონირებს მცირე კონტიგენტით იმ ოთახებში, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება უსაფრთხოდ შესვლა, ანუ შენობის ცენტრალურ და მარჯვენა ფლიგელში. შენობის დაზიანებულ ნაწილში, ანუ მარცხენა ფლიგელში 2002წ. 25 აპრილამდე ლიცეუმთან ერთად იჯარით განთავსებული იყო კომერციული უმაღლესი სასწავლებელი “მ-ი” და სოხუმის ....... სახელობის უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი, რომლებიც შენობის მიწისძვრით დაზიანების გამო გადავიდნენ სხვა შენობაში. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2003წ. 3 თებერვალს ¹17/392 წერილით მიმართეს განათლების სამინისტროს, თბილისის ტექნოლოგიურ პროფესიული ლიცეუმის დირექტორს და ითხოვა, რომ ნება დაერთოთ, დროებით თავისუფალ, არაფუნქციონირებად შენობის ნაწილში შეესახლებინათ კერძო სექტორში განთავსებული დევნილთა 20 ოჯახი.
თბილისის ტექნოლოგიური პროფესიული ლიცეუმის დირექტორმა ვ. ქ-ემ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უარი უთხრა შენობის დროებით გამოუყენებელ ნაწილში ლტოლვილთა შესახლებაზე იმის გამო, რომ შენობის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, ხალხის ცხოვრება იქ მიზანშეწონილი არ იყო. აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯგუფმა, რომელთაც არ ჰქონდათ გამოყოფილი საცხოვრებელი სახელმწიფო სექტორში, 2002წ. 14 თებერვალს თავისი რისკით დაიკავა ლიცეუმის დროებით თავისუფალი, არაფუნქციონირებადი შენობის დაზიანებული ნაწილი.
განათლების სამინისტროს თბილისის ტექნოლოგიური პრფესიული ლიცეუმის დირექტორმა ვ. ქ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: თ. ქ-ას, კ. ა-ას, გ. ვ-ეს, კ. ა-ას, ნ. პ-ას, უ. პ-ას, თ. წ-ას, ი. თ-ას, თ. ს-ეს, ზ. პ-ს, თ. თ-ას, რ. პ-ას, ჭ. მ-ას, ნ. ქ-ას, მ. ბ-ას, ნ. ქ-ას, მ. რ-ას, ქ. ჩ-ას, დ. რ-ის, გ. მ-ის, ო. ქ-ას, ო. ბ-ის, ა. ხ-ის, დ. ჩ-ის, გ. კ-ას, ზ. ქ-ას, ზ. მ-ის მიმართ და მოითხოვა მათი გამოსახლება უნებართვოდ დაკავებული სასწავლო კორპუსის ნაწილიდან იმ მოტივით, რომ მათ უნებართვოდ გატეხეს ლიცეუმის შენობის უკანა კარი და დაიკავეს სასწავლო კორპუსი, რომელსაც, მიუხედავად გაფრთხილებისა, არ ათავისუფლებენ.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტროსა და ქ. თბილისის ტექნოლოგიური პროფესიული ლიცეუმის სარჩელი აფხაზეთიდან დევნილთა მიმართ შენობიდან გამოსახლებბის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო აფხაზეთის კონფლიქტის საბოლოოდ მოწესრიგებამდე.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, სადავო ფართი იყო დროებით თავისუფალი და უმოქმედო, რის გამოც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 2003წ. 3 თებერვალს თხოვნით მიმართა ქ. თბილისის ტექნოლოგიურ პროფესიულ ლიცეუმს, რათა თავისუფალი, უმოქმედო ფართში განესახლებინათ დევნილები, მაგრამ უარი მიიღო; მოპასუხეები იძულებული გახდნენ დაეკავებინათ აღნიშნული ფართი. სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეებმა სადავო ფართი დაიკავეს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების საფუძველზე და ისინი არ შეიძლება ჩაითვალონ არამართლზომიერ მფლობელებად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა განათლების სამინისტროს თბილისის ტექნოლოგიური პროფესიული ლიცეუმის დირექტორმა ვ. ქ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. უცვლელად იქნა დატოვებული გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ოჯახის წევრებთან ერთად მოპასუხეები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. სახელმწიფომ აიღო ვალდებულება იძულებით გადაადგილებულ პირთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების უზრუნველყოფაზე. მიიჩნია, რომ, მიუხედავად შენობის დაზიანებისა, უბინაო ლტოლვილთა ჯგუფმა საკუთარი რისკის ხარჯზე, დაიკავა მხოლოდ შენობის უმოქმედი, დროებით თავისუფალი ნაწილი, რომლის თაობაზეც გაფრთხილებული იყო ლიცეუმის ადმინისტრაცია. ამასთან, არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ,M რომ დაკავებული მარცხენა ფლიგელი, რომელიც ლტოლვილებმა დაიკავეს, ნაკლებ დაზიანებული იყო და მისი დაზიანების ხარისხი განეკუთვნება I კატეგორიას, მაშინ, როცა შენობის მარჯვენა ფლიგელის და შენობის ცენტრალური ნაწილის დაზიანება განეკუთვნება III კატეგორიას და საჭიროებს აუცილებელ და გადაუდებელ შეკეთებას, რის გამოც მათ მარცხენა ფლიგელი ესაჭიროებათ. ჩათვალა, რომ მოპასუხეები, სკ-ის 155-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არიან სადავო ფართობის მფლობელები, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების საფუძველზე მართლზომიერად ფლობენ სადავო დროებით გამოთავისუფლებულ ფართობს და სკ-ის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მათი ამ ფართიდან გამოსახლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თბილისის ტექნოლოგიური პროფესიული ლიცეუმის დირექტორმა ა. ჯ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 172-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მართლზომიერი მფლობელის უფლებებს. ლტოლვილთა მართლზომიერ მფლობელად აღიარება არასწორია, რადგან სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელია ლიცეუმი. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 170-ე მუხლის I ნაწილი, 172-ე მუხლის I და II ნაწილები, რომლის თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელმწიფოს შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. მესაკუთრეს შეუძლია, ხელისშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა, რაც არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისში, ...... მდებარე თბილისის ტექნოლოგიურ პროფესიული სასწავლებლის სასწავლო კორპუსი არის განათლების სამინისტროს ბალანსზე და სარგებლობისათვის და ოპერატიულ მმართველობაში გადაცემული აქვს თბილისის ტექნოლოგიურ პროფესიულ სასწავლებელს. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული შენობა მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და ავარიულ მდგომარეობაშია. რის გამოც, ლიცეუმის სასწავლო პროცესი გადატანილია შენობის შედარებით ვარგის ფართობში და ფუნქციონირებს იმ ოთახებში, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება უსაფრთხოდ შესვლა (მარჯვენა ფლიგელი). შენობის დაზიანებულ მარცხენა ფლიგელში 2002წ. 14 თებერვალს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯგუფმა, რომელთაც არ ჰქონდათ გამოყოფილი საცხოვრებელი სახელმწიფო სექტორში, თავისი რისკით დაიკავა ლიცეუმის დროებით არაფუნქციონირებადი შენობის დაზიანებული ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლიცეუმის ადმინისტრაციის მოთხოვნა ლტოლვილთა გამოსახლების შესახებ იმ მოტივით, რომ მოპასუხეები თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან განდევნილი იქნენ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ. ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას თავისი ქვეყნის, როგორც მთლიანობა, ისე მოსახლეობის უფლებები ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში, ამიტომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 დეკემბრის 900 დადგენილების და საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 25 სექტემბრის ¹643 ბრძანებულების საფუძველზე არ დააკმაყოფილა სარჩელი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებლად სადავო ფართში, რომ არ გაურკვევია, თუ რამდენად უსაფრხთოა მათი იქ ცხოვრება. საქმის ხელახალი განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს სადავო ფართის დაზიანების ხარისხი, ასევე ის გარემოება, საშიშია თუ არა ადამიანების სიხცხოვრება. ასევე უნდა გაირკვეს, მიწისძვრის შედეგად სასწავლებლის რომელი ფლიგელია უფრო ავარიული, ის სადაც სწავლა გრძელდება, თუ ის, სადაც ლტოლვილები შეიჭრნენ. აღნიშნული საკითხების გარკვევის შემდეგ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ რადგან სადავო ფართი ეკუთვნოდა სახელმწიფოს და ეს ფართი მართვა-გამგეობაში აქვს განათლების სამინისტროს თბილისის ტექნოლოგიურ პროფესიულ ლიცეუმს, ლიცეუმს უფლება არა აქვს, მოითხოვოს მოპასუხეთა გამოსახლება, რადგან ისინი შენობის მესაკუთრეს არ წარმოადგენენ.
დადგენილია, რომ მოსარჩელეები იყვნენ სადავო შენობის კეთილსინდისიერი მფლობელები და მათ მოპასუხეთა მიერ სადავო შენობაში შესვლის შემდეგ ჩამოერთვათ მფლობელობა, აღნიშნულ ფართზე. სკ-ის 160-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთვა მფლობელობა მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს მოსარჩელესთან შედარებით მფლობელობის უკეთესი უფლება არა აქვთ. ამდენად, მოსარჩელეები უფლებამოსილი იყვნენ, დაესვათ საკითხი მოპასუხეთა გამოსახლების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ტექნოლოგიური პროფესიული ლიცეუმის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.