საქმე # 160100120004161365
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №800აპ-21 ქ. თბილისი
ა-ი ჯ, 800აპ-21 14 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ჯ. ა-ას, - დაბადებულს .... წლის .. აპრილს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2018 წლის რედაქცია), რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 დეკემბრის დროის შუალედში, ქ.მ-ში, დ. ა-ის ქ.№.., ბინა №..-ში მდებარე, ა. მ-ის მფლობელობაში არსებულ ბინაში, ჯ. ა, ორი წლის მანძილზე, სისტემატური შეურაცხყოფითა და დამცირებით, ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე - შ. მ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა.
· 2018 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ.მ-ში, დ. ა-ის ქ.№.., ბინა №..-ში მდებარე, ა. მ-ის მფლობელობაში არსებულ ბინაში, ურთიერთშეკამათების დროს, ჯ. ა. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - შ. მ-ას, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენით:
2.1. ჯ. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. ჯ. ა-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე გამოყენებული არ არის.
2.3. ჯ. ა-ევს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მადონა ურუშაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივნისის განაჩენის გაუქმება, ჯ. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის რედაქცია) და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯ. ა-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის რედაქცია) უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა შ. მ-ამ (ბრალდებულის მეუღლემ) ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა შ. მ-ას საცხოვრებელი ბინა. მისაღები ოთახის მარცხნივ მდებარე ლოჯიში, მარჯვენა და პირდაპირ კედელთან მდგარ ხის ავეჯს აღენიშნება დაზიანებები, კერძოდ, მომძვრალია ქვედა თაროების კარები. ასევე, მათ წინ წაქცეულია სარეცხის საშრობი, ხოლო საშრობიდან მარცხნივ არის ჭურჭლის ნამსხვრევები.
9. 2018 წლის 3 დეკემბერს შედგენილი №..... შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ჯ. ა-ს, მის მიერ შ. მ-ას მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერი გამოცემულია ჯ. ა-ის მიერ მეუღლის - შ. მ-ას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.
10. მოწმე ა. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ. ა. და მისი შვილი, შ. მ. ცხოვრობდნენ ა. მ-ის ბინაში. 2018 წლის 3 დეკემბერს ის და მისი მეუღლე თ-ი იყვნენ პირად საქმეზე. მათ დაურეკეს და ტელეფონით შეატყობინეს, რომ მის ქალიშვილსა და სიძეს შორის კამათი მოხდა, სახლიდან ხმაური ისმოდა და ამის გამო თ-ნ სახლში დაბრუნდნენ. სახლში დაბრუნებულს რამდენიმე საოჯახო ჭურჭელი და მაგიდა დამსხვრეული დახვდა. მის ქალიშვილს დაურეკავს პოლიციაში. სახლში დაბრუნებისას ჯ. ა. შინ აღარ იყო და შემდეგ აღარც მისულა, ის და მისი ქალიშვილი დაშორდნენ ერთმანეთს. დაშორების შემდეგ სიძე ტელეფონით ეკონტაქტებოდა მის ქალიშვილს და ნახულობდა შვილს. მან დაშორების მიზეზი დღემდე არ იცის. როგორც მისი ქალიშვილისგან იცის, მათ სიტყვიერი გაუგებრობა ჰქონდათ. მოწმის განმარტებით, სიძეს მისი ქალიშვილისთვის არ დაურტყამს, მსუბუქად დაემუქრა, როგორც ხდება ოჯახში. პირადად მას სიძე არასოდეს დამუქრებია.
11. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე ნ. ა-მ.
12. ამასთან, მოწმეებმა - ა. მ-მ და ნ. ა-მ დაადასტურეს მათ მიერ გამოძიებისას მიწოდებული ინფორმაცია, რომლითაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ ხშირად შესწრებიან მათი სიძისა და ქალიშვილის კამათს და დამუქრებას, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს - არასოდეს.
13. ამდენად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ირიბ მოწმეებს, რომელთა ჩვენებებსაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილებით დასტურდება, რომ ჯ. ა-ს ბრალდება წარედგინა მეუღლის მიმართ 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 დეკემბრამდე პერიოდში სისტემატური ძალადობისა და 2018 წლის 3 დეკემბერს სიცოცხლის მოსპობის მუქარისათვის. შესაბამისად, ბრალდების მხარეს უნდა დაედასტურებინა სწორედ აღნიშნულ პერიოდსა და გარემოებებში შ. მ-ს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუქარის ფაქტები. უსაფუძვლოა კასატორის - პროკურორ მადონა ურუშაძის მოსაზრება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საკმარისობაზე, ვინაიდან ირიბი ჩვენებების ავტორები საუბრობენ ხშირი კამათის ფაქტებზე, ყოველგვარი კონკრეტიზაციისა და თარიღების მითითების გარეშე; თავის მხრივ კი, მეუღლეებს შორის არსებული კონფლიქტები, თუნდაც მათი სიხშირე, არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია. ასევე, საქმის მასალებით არ არის დადგენილი, რა ფორმით გამოიხატა 2018 წლის 3 დეკემბერს ჯ. ა-ს მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არ მოიპოვება რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შ. მ-ს მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტებს და მათ საფუძველზე განცდილ ტანჯვას.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიულ დანაწესს, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და 82-ე მუხლის მოთხოვნებს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
16. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v. Russia, ECtHR, no. 41261/17, §78, ECtHR, 09/07/2019).
17. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე