Facebook Twitter

საქმე # 010100120004018513

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №817აპ-21 ქ. თბილისი

ჩ-ი ი, 817აპ-21 14 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. ჩ-ს, - დაბადებულს .... წლის .. სექტემბერს, - ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 1 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქალაქ ბ-ში, კ-ის ქ N..- ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ი. ჩ. ოჯახის წევრს - დედას, გ. ჩ-ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით, რის შედეგადაც გ. ჩ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის განაჩენით:

2.1. ი. ჩ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ი. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებიდან.

2.3. გამართლებულ ი. ჩ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ალექსანდრე ძირკვაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენის გაუქმება, ი. ჩ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებული, რადგან მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. ჩ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. განსახილველი საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებულმა გ. ჩ-მ (ბრალდებულის დედამ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (მოწმეს უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა შვილის - ი. ჩ-ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

7. საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათითა და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2020 წლის 1 სექტემბერს გ. ჩ-მ შეატყობინა 112- ის სამსახურს, რომ ქ. ბ-ი, კ-ის ქ.N..-ში, შვილთან - ი. ჩ-ნ ჰქონდა კონფლიქტი.

8. №...... შემაკავებელი ორდერის ოქმით დადგენილია, რომ 2020 წლის 1 სექტემბერს გამომძიებელმა ლ. ა-მ გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

9. მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების - ლ. მ-ა და ლ. ა-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2021 წლის 1 სექტემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა გ. ჩ, რომელმაც განაცხადა, რომ შვილი - ი. ჩ. დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებთ და ითხოვდა დროულ დახმარებას.

10. ამდენად, საქმეზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მოწმეები - ლ. მ. და ლ. ა. არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები) და მათ მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება ი. ჩ-ს მიმართ ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს - გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათსა და შეტყობინებას, შემაკავებელ ორდერს და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს, არცერთი მათგანი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას და, შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ი. ჩ-ს მიერ იკრიმინირებული ქმედების ჩადენას.

11. სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში ი. ჩ-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს დაზარალებული.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (მაგალითად, 269-ე, 82-ე მუხლები) იმპერატიული დანაწესებიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე