Facebook Twitter

საქმე # 330100120003898305

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №830აპ-21 ქ. თბილისი

გ-ე თ, 830აპ-21 14 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენით:

1.1. თ. გ, - დაბადებული .... წლის .. სექტემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით თ. გ-ს მიმართ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 5 წელი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სრულად დაემატა ამავე განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 2000 ლარი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა - 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 18 ივლისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. გ-მ ჩაიდინა იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 18 ივლისს, დილის საათებში, თ-ს ზ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე თ. გ. ,,ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანაში (სახ.№..-...-..) ნ. ო-ს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ეფერებოდა სხეულის სხვადასხვა არეში, კერძოდ: ჩამოუწია მაისური და ბიუზჰალტერი და კოცნიდა ყელისა და მკერდის მიდამოში, ამავე დროს ხელებს უჭერდა ხელებით. მას შემდგომ, რაც ნ. ო-მა უჰაერობის გამო თ. გ-ს სთხოვა, თავი დაენებებინა, ისიც გაჩერდა, თუმცა, ნ. ო-მა სცადა მობილური ტელეფონით დარეკვა, რის გამოც თ. გ-მ ტელეფონი წაართვა და კვლავ გააგრძელა მისი ნების საწინააღმდეგოდ, კოცნა ყელისა და მკერდის არეში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაზუსტებული მოთხოვნა დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 4 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

3.2. ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ თ. გ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. თ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით თ. გ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 იანვრის განჩინებით დანიშნული დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 18 ივლისიდან.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ თ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ხ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და თ. გ-ისათვის შეფარდებული სასჯელის შემცირება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ თ. გ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ნ. ო-სა და მოწმე ნ. ჩ-ის ჩვენებებით, მოწმეების - ი. მ-ს, მ. კ-ს გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის №......... და №......... დასკვნებით, ამოღების ოქმებით, ამოცნობის ოქმით, 2020 წლის 19 ივლისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, თავად მსჯავრდებულ თ. გის მიერ სხდომაზე მიცემული განმარტებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ადვოკატ ი. ხ-ს მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ თ. გ-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს თ. გ-ს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. კასატორის ძირითად არგუმენტებს სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნის კონტექსტში წარმოადგენს დანაშაულის აღიარება და მონანიება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის - ადვოკატ ი. ხ-ს მიერ დასახელებული გარემოებები მართლაც წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, თუმცა, კვლავ მიუთითებს, რომ სასჯელის სამართლიანად მიჩნევისათვის მხოლოდ შემამსუბუქებელ გარემოებათა შეფასება არაა საკმარისი და მხედველობაშია მისაღები აგრეთვე საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები.

11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულ თ. გ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი (დაზარალებულს საკუთარ თავზე განაცდევინოს მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება), ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (მისწრაფება დაზარალებულს შეუზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება), მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი (ფიზიკური ძალის გამოყენებით დაზარალებულს უკანონოდ შეუზღუდა თავისუფლება), დამნაშავის წარსული ცხოვრება (მის მიმართ გამოტანილია არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი და დანაშაულის ჩადენის დროს იყო პირობით მსჯავრდებული), პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ; ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თ. გ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის ხელწერილი, რომლის თანახმადაც დაზარალებული ნ. ტ. ადასტურებს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას) და მსჯავრდებულ თ. გ-ს შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ თ. გ-ის დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე