საქმე # 190100120003424831
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №706აპ-21 ქ. თბილისი
დ-ი თ, 706აპ-21 17 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. დ-ს, - დაბადებულს .... წლის .. თებერვალს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი პირის მიმართ, არაერთგზის; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2019 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათიდან 2019 წლის 12 დეკემბრის დაახლოებით 00:30 საათამდე დროის შუალედში, ქ.გ-ში, დ. ა-ის ქ.№..-ში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა თ. დ-ა იძალადა დედაზე - ა. დ-ა და დაზე - ე. დ-ზე, კერძოდ, ა. დ-ს მარჯვენა მუშტი დაარტყა თვალის არეში, ხოლო ე. დ-ს მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. თ. დ-ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადეს ა. და ე. დ-მა.
1.3. 2019 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათიდან იმავე წლის 12 დეკემბრის დაახლოებით 00:30 საათამდე დროის შუალედში, ქ.გ-ში, დ. ა-ის ქ.№..-ში, თ. დ. დანის დემონსტრირებით დაემუქრა დედას - ა. დ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ა. დ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2019 წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 23:00 საათიდან იმავე წლის 12 დეკემბრის დაახლოებით 00:30 საათამდე დროის შუალედში, ქ.გ-ში, დ. ა-ის ქ.№..-ში, თ. დ. დანის დემონსტრირებით დაემუქრა დას - ე. დ-ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რაც ე. დ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 აგვისტოს განაჩენით:
2.1. თ. დ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. თ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლოს სხდომის დარბაზიდანვე.
2.3. თ. დ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - პროკურორმა ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის განაჩენის გაუქმება, თ. დ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ თ. დ-ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდში) გათვალისწინებული ქმედებები, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.
7. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა. დ-მ განმარტა, რომ თ. დ. არის მისი ვაჟი. იგი იყო მთვრალი, რის გამოც კონფლიქტი მოუვიდა მისი ქალიშვილის ქმართან. იმის გამო, რომ მის ვაჟს აქვს ცუდი სიმთვრალე, კონფლიქტის დროს, გაშველების მიზნით, ჩადგა თ. დ-სა და სიძეს შორის, რომლებიც ცდილობდნენ ერთმანეთისთვის დაერტყათ. ამ გაშველების დროს ვიღაცის მოქნეული მუშტი მოხვდა სახეში. იმის გამო, რომ მის შვილსა და სიძეს შორის კონფლიქტი არ გაღრმავებულიყო, დარეკა პოლიციაში. მისივე განმარტებით, თ. დ. არ დამუქრებია დანით არც მას და არც მის ქალიშვილს - ე. დ-ს. დანა საიდან ამოიღო გამომძიებელმა, არ იცის, თ. დ-ს ლოგინში დანა არ ყოფილა. დანა ნახა მხოლოდ დალუქული სახით.
8. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე. დ-მ განმარტა, რომ თ. დ. არის მისი ძმა. თ. დ. იყო მთვრალი, რომელიც ვერ იტანდა მის ქმარს და კონფლიქტი მოუვიდა ასევე მთვრალ სიძესთან. კონფლიქტის დროს მისმა მეუღლემ ხელი დაარტა მის ძმას - თ. დ-ს, რომელიც, ასევე გაიწია სიძისკენ. გასაშველებლად ის და დედამისი - ა. დ. ჩადგნენ შუაში. მისმა ძმამ ხელი დაარტყა ფანჯარას, რაც ვერ აიტანა დედამისმა და წავიდა სახლიდან. მისივე განმარტებით, ჩხუბის დროს მისთვის არავის დაურტყამს, დაზიანება არავის მიუყენებია და არავინ დამუქრებია. რაც შეეხება დანას, კონფლიქტის დროს, სიფრთხილისთვის, დანა მან აიღო მაგიდიდან და გადააგდო.
9. მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - გ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს შესული შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პირადად მან გამოჰკითხა დაზარალებული ე. დ. რამდენადაც ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ კარგად ფლობდა ქართულ ენას, გამოკითხვა წარმართა თარჯიმნის გარეშე. გამოკითხვის შემდეგ მინაწერი გააკეთა ქართულ ენაზე პირადად ე. დ-მ.
10. მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის - ქ. ჩ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 12 დეკემბერს შესული შეტყობინების მიხედვით, თ. დ. ძალადობდა დედაზე - ა. დ-სა და დაზე - ე. დ-ზე. დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პირადად მან, თარჯიმან ა. მ-ას მეშვეობით, გამოჰკითხა ა. დ. და მიიღო ინფორმაცია, რომ კონფლიქტის დროს თ. დ-მა დანა მოსთხოვა ა. დ-ს; რომ ვერ მიიღო, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა დანით.
11. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ამდენად, მოწმეების - ქ. ჩ-ა და გ. ბ-ს ჩვენებები, რომლებსაც ეფუძნება ბრალდება, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან ისინი ფაქტს - ძალადობას ან/და სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას თავად არ შესწრებიან და ინფორმაციას ფლობენ დაზარალებულისგან. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
12. რაც შეეხება კასატორის აპელირებას საქმეზე ჩატარებულ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №......... და №......... დასკვნებზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და პირველ რიგში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ორივე დაზარალებულის მიმართ სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარებულია თარჯიმნის მონაწილეობის გარეშე, საპროცესო კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულია გასასინჯ პირთა მონაცემები ტკივილის განცდასთან დაკავშირებით და თავად ბრალდების მხარეც ვერ უარყოფს ერთ-ერთ დაზარალებულთან - ა. დ-ან მიმართებით თარჯიმნის მონაწილეობის აუცილებლობას.
12.1. ამასთან, აღნიშნული დასკვნების გაზიარების შემთხვევაშიც, ისინი თავიანთი შინაარსით, ვერ ქმნიან მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რაც პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს დაედებოდა საფუძვლად, კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №......... და №......... დასკვნების თანახმად, ე. დ-ა და ა. დ-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებათ.
13. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.
14. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა თ. დ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორ ეპიზოდში) წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა.
15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე