Facebook Twitter

ას-833-1461-03 25 თებერვალი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: საიჯარო ქირის გადახდევინება და ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 10 აპრილს სს “ი-ამ” ა. მ-ას წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 16236,17 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:

ა. მ-ა თავისი განცხადების საფუძველზე 2000წ. 10 ოქტომბრის ¹55 ბრძანებით დაინიშნა სს “ი-ის” საკუთრებაში არსებულ რესტორან “ფ-ის” დირექტორად. ფაქტობრივად, რესტორანში მუშაობას შეუდგა 2000წ. 3 ნოემბრიდან.

ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე გადაწყდა, რომ ა. მ-ა იჯარით აიღებდა აღნიშნულ ობიექტს, რის საფუძველზეც დაიწერა ბრძანება ¹5, 2001წ. 2 თებერვლიდან რესტორან “ფ-ის” თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ რესტორნის იჯარით აღებასთან დაკავშირებით.

2001წ. 1 თებერვალს ა. მ-ასთან დაიდო ხელშეკრულება ობიექტის 6 თვის ვადით იჯარით გადაცემის შესახებ. საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 1000 ლარს დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულება ხელმოსაწერად გადაეცა ა. მ-ას.

13 მარტს ა. მ-ამ გადაიხადა ერთი თვის ქირა 1000 ლარი, 24 აპრილს 119 ლარი. ამის შემდეგ მას საიჯარო ქირა არ გადაუხდია. როდესაც სააქციო საზოგადოებამ ა. მ-ას მოსთხოვა ქირის გადახდა, ა. მ-ამ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მას იჯარის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, ხელშეკრულება კი ძალაში შედიოდა მისი ხელმოწერის დღიდან.

მოსარჩელეს მიაჩნია, ვინაიდან ა. მ-ამ ობიექტი ჩაიბარა, ხელშეკრულებაზე უარი არ განუცხადებია და საიჯარო ობიექტი უკან არ დაუბრუნებია, სკ-ის 334-ე, 341-ე, 531-ე და 869-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს, როგორც საიჯარო ქირა, ისე მიყენებული ზიანი.

ა. მ-ამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას მოსარჩელესთან რესტორნის იჯარით აღების თაობაზე ხელშეკრულება არ გაუფორმებია. 2001წ. 1 თებერვალს სააქციო საზოგადოებაში შესდგა სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილეს დირექტორ ბ. შ-ას განცხადება რესტორან “ფ-ის” იჯარით გადაცემის შესახებ. კრებამ დაადგინა, რომ საცდელი 6 თვის ვადით, იჯარით გადმოეცათ რესტორანი და გაფორმებულიყო საიჯარო ხელშეკრულება. როცა ხელშეკრულების პროექტი მიიღო, მასზე ხელი არ მოაწერა იმიტომ, რომ ხელშეკრულების პირობები მისთვის მიუღებელი იყო. სკ-ის 581-ე მუხლის შესაბამისად, იჯარა კონსესუალური ხელშეკრულებაა. ხელშეკრულებაზე ხელს უნდა აწერდეს ორივე მხარე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ამიტომ სკ-ის 327-ე მუხლის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულება დადებულად არ ითვლება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 19 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 2002წ. 5 სექტემბერს საჩივარი შეიტანა ა. მ-ამ.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 9 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ იქნა მიღებული შემდეგი საფუძვლით, საჩივარში აღნიშნული იყო, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო თუ რამ განაპირობა სასამართლო პროცესზე მოპასუხის გამოუცხადებლობა და იგი შეიძლება საპატიოდ ჩათვლილიყო თუ არა, ამის შესახებ არ ყოფილა მითითებული.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 15 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა. მ-ას კერძო საჩივარი, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2002წ. 9 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის დასაშვებობის ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 მარტის განჩინებით საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.

ამავე სასამართლოს 2003წ. 21 მაისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას აფუძნებდა იმაზე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ასევე დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმებულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენდა მტკიცებულებას, რომლებიც უდავოდ მოწმობენ, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით ან თუ არ არსებობდა სარჩელის აღძვრის წინა პირობები. ყველა სხვა გარემოება, რომელიც არ შეიცავს მითითებას გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ, არ შეიძლება გამხდარიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 9 სექტემბრის განჩინებით ა. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა. ა. მ-ას არც სასამართლო პროცესამდე და არც მის შემდეგ არ წარუდგენია პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. ა. მ-ამ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზად სააპელაციო საჩივარში მიუთითა მხოლოდ მამის ავადმყოფობა და წარადგინა ცნობა ამის შესახებ, მაგრამ იგი სასამართლომ არ მიიღო მტკიცებულებად საპატიო მიზეზის გარეშე სასამართლო პროცესზე დროულად წარმოუდგენლობის გამო.

2003წ. 26 ნოემბერს ა. მ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზეანეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: მას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია. მისი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო მამის ავადმყოფობით, რაც საპატიოდ უნდა ჩაითვალოს, გარდა ამისა სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

მოცემულ შემთხვევაში ა. მ-ას 2002წ. 19 აგვისტოს სასამართლო პროცესზე მოწვევის თაობაზე უწყება გაეგზავნა სსკ-ის 70-78-ე მუხლების დაცვით. იგი მან ჩაიბარა 2002წ. 14 აგვისტოს, მაგრამ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა.

მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საქალაქო სასამართლომ შეამოწმა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და გამოუცხადებლელი მოპასუხის წინააღმდეგ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება – დააკმაყოფილა სარჩელი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს არ შეეძლო უარი ეთქვა მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

მითითებულ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივარი, რომელიც მიუთითებდა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და ამიტომ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ და მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან საჩივრის ავტორი არ მიუთითებდა სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლის მიზეზებზე, რის გამოც არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სწორადაა აღნიშნული, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან სარჩელში მითითებული იყო იჯარის ხელშეკრულების დადების შესახებ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენდა საიჯარო ქირის გადახდას და საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ზიანის ანაზღაურებას.

არასწორია კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია იმის გამო, რომ მისი საქალაქო სასამართლოში გამოუცხადებლობა მამის ავადმყოფობით იყო გამოწვეული, რასაც სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადო შეფასება არ მიეცა.

მართალია, ა. მ-ამ სააპელაციო საჩივართან ერთად წარადგინა 2002წ. 19 აგვისტოს გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ მისი მამა 2002წ. 19 აგვისტოს გაიგზავნა ქ. თბილისში დიაგნოზის დაზუსტებისა და შემდგომი მკურნალობის მიზნით, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ცნობა არ მიიღო მტკიცებულებად და მიუთითა, რომ მითითებული ცნობა თვით ცნობის წარმომადგენელის განმარტებით, გაცემული იყო არა 2002წ. 19 აგვისტოს, არამედ – მოგვიანებით. ამასთან, სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის ამ მიზეზის თაობაზე ა. მ-ას პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის არ განუცხადებია.

სსკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახალი ფაქტები და ახალი მტკიცებულებები, რომლებიც მხარეს შეეძლო, მოეყვანა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ მიიღოს, როგორც დაგვიანებით წარდგენილი, თუ მათი განხილვა ხელს შეუშლის სააპელაციო სასამართლოში საქმის დროულ განხილვას და მხარემ უხეში გაუფრთხილებლობის გამო, არ წარადგინა ეს მასალები პირველი ინსტანციის სასამართლოში.

მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა არ მიეღო და არ გამოეკვლია სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულება, მამის ავადმყოფობის გამო, სასამართლო პროცესზე ა. მ-ას გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი შეიძლება იყოს ვარაუდი იმის შესახებ, რომ იგი აღიარებს მის წინააღმდეგ წამოყენებულ მოთხოვნას.

მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველ პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ ვარაუდის სრული საფუძველი ჰქონდა, ვინაიდან მხარეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების თაობაზე უწყება ჩაბარდა კანონის დაცვით და სასამართლოსთვის არავის უცნობებია, ადგილი თუ ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა ისეთ მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეუშალა მხარის სასამართლოში დროულად გამოცხადებისათვის.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა უცვლელად საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. მ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 9 სექტემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.