Facebook Twitter

ას-834-1462-03 18 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ. ხ-ემ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იგი არის ინდმეწარმე და ვაჭრობს. 1999წ. 10 თებერვალს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, მან მოპასუხისაგან 33 ლარად შეიძინა კონიაკი. იმის გამო, რომ საქონელს არ ჰქონდა სერტიფიკატი, მან მოპასუხეს უკან გაატანა თავისი საქონელი. ამ ფაქტიდან 3-4 დღის შემდეგ მასთან მაღაზიაში გამოიარა ჯ. გ-ამ და წაიღო 5 ლარისა და 70 თეთრის შოკოლადი, იმ პირობით, რომ რამდენიმე დღეში მას კონიაკებისა და შოკოლადების თანხა, 35 ლარი და 70 თეთრი, ერთად უნდა დაებრუნებინა მოსარჩელისათვის.

მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს დაეკისროს 35 ლარის და 70 თეთრის, ასევე იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მან თანხის დროზე დაუბრუნებლობით განიცადა სულ _ 1321 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ საოლქო სასამართლოში გასაჩივრდა.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა ჯ. გ-ა, რომელიც სხდომის დღის შესახებ საპროცესო კანონმდებლობის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული. აპელანტმა დ. ხ-ემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი და ჯ. გ-ას დ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1123 ლარის გადახდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 28 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჯ. გ-ას საჩივარი, რომლითაც იგი მოითხოვდა 2003წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას მთლიანად იმ მოტივით, რომ მას არ ჩაბარებია სასამართლო უწყება 2003წ. 3 თებერვლის სასამართლო სხდომის ჩატარების შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჯ. გ-ას საჩივარი, უცვლელი დარჩა 2003წ. 3 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სასამართლო მიუთითებდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება მხარეს ან მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. განსახილველ შემთხვევაში, ზ. გ-ამ დაადასტურა, რომ მას უწყება დროულად ჩაბარდა, მაგრამ კარგად ვერ გაარკვია რიცხვი, რომელიც უწყებაზე იყო მითითებული. სსკ-ის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი, როგორც გ-ას მეუღლე და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი, ვალდებული იყო, უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. გ-ამ.

კასატორი მიუთითებს, რომ მას მეუღლე, ავადმყოფობის გამო, ვერ გადასცემდა უწყებას, ვინაიდან ის ქუთაისში არ იმყოფებოდა. კასატორი მოითხოვს, რომ გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის განჩინება და 2003წ. 3 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, თუ დამტკიცებულად ჩავთვლით იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც აპელანტი უთითებს, მაშინ დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად უკავშირდება იმ შედეგს, რასაც აპელანტი ითხოვს ანუ კანონმდებელი სავსებით რეალურად მიიჩნევს ნისიად გაცემული საქონლისა და ნაყიდი საქონლის უკან გამოსყიდვისათვის თანხის გადახდას და ასევე იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც თანხის დროულად დაუბრუნებლობას მოჰყვა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა უკავშირდებოდეს დამდგარ იურიდიულ შედეგს. ის, რომ მოპასუხეს ჰქონდა ვალი 35 და 70 თეთრი, იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოპასუხეზე 1321 ლარის დაკისრებას. დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და სკ-ის ნორმებიდან გამომდინარე, დაკისრებული თანხის ოდენობა გამართლებული უნდა იყოს. სასამართლო ვერ მიუთითებს ვერც ერთ ნორმას, რომლითაც 35 ლარისა და 70 თეთრის გადახდის დაგვიანებას შეიძლება მოჰყვეს დაუსაბუთებლად დიდი ოდენობის თანხის ანაზღაურება. ამასთან, სარჩელში არ არის მითითებული იმ გარემოებებზე, რომლებიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხეს შეეძლო, განეცადა უსაზღვროდ დიდი ზიანი და მათი დამტკიცებულად ცნობის შემთხვევაში შესაძლო იყო მოპასუხეზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის დაკისრება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 სექტემბრის განჩინება, 2003წ. 3 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.