¹ბს-1380-955(კ-05) 15 ივნისი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) _ გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ები
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თბილისის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირი _ ბ. ყ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ აუქციონის შედეგებისა და სააღსრულებო განკარგულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 8 ივლისს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ებმა მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირის _ ბ. ყ.-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2002 წლის 31 მაისის ¹2/01-13 განკარგულებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.
მოსარჩელეთა მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
2003 წლის 28 მაისს გამართულ განმეორებით აუქციონზე მოსარჩელეების სახელზე რიცხული იპოთეკით დატვირთული ბინის (მდებარე ქ. თბილისში, ...-ის მე-... კვ., მე-6ბ კორპ. ბ. 63-ში) მესაკუთრე გახდა ბ. ყ.-ი. აღნიშნული აუქციონი ჩატარდა სამოქალაქო კოდექსის 305-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. მოვალეებმა, მათ შორის, გრ. და გლ. მ.-ებმა, არ იცოდნენ აუქციონის ჩატარების თაობაზე და მონაწილეობა არ მიუღიათ მასში, ამავე დროს, მათ მიერ აუქციონის ჩატარებამდე დაიფარა 2360 აშშ დოლარი, აღმასრულებელს კი არ გაურკვევია, აკმაყოფილებდნენ თუ არა მოსარჩელეები კრედიტორს, რის გამოც ასევე დაირღვა სამოქალაქო კოდექსის 304-ე მუხლის მოთხოვნები. მოსარჩელეთა განმარტებით, სააღსრულებო ბიუროს მიერ ასევე დაირღვა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 71-ე მუხლი (ს.ფ. 3-4).
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს (ს.ფ. 30).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოსარჩელეები გაფრთხილებული იყვნენ გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების თაობაზე და მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულება არ მომხდარა. რაც მათ მიერ არ შესრულებულა. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოვალეებს _ გრ. და გლ. მ.-ებს არ ჩაბარებიათ შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ და ამის გამო აუქციონის ჩატარების დროს ადგილი ჰქონდა მოპასუხის მხრიდან «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 71-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევას. სასამართლოს მითითებით, როგორც საქმეში წარდგენილი მასალებით დგინდებოდა, პირველი და განმეორებითი იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ შეტყობინება ჩაბარებული ჰქონდათ მ.-ების ოჯახის სრულწლოვან წევრებს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ითვლებოდა გამოძახებული პირისთვის უწყების ჩაბარებად. სასამართლოს მოსაზრებით, იმ გარემოებას, რომ ყველა მოვალისთვის ცნობილი იყო აუქციონის დანიშვნის შესახებ, ადასტურებდა ისიც, რომ სასამართლო პროცესზე რ. მ.-მა განაცხადა საზღვარგარეთ მყოფი შვილისთვის აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების შესახებ (ს.ფ. 71-72).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (ს.ფ. 80-82).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 17 მარტის განჩინებით გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ ოჯახის სრულწლოვანი წევრისთვის შეტყობინების ჩაბარება ადგილზე არამყოფი პირისათვის მისი გადაცემის მიზნით ამ შეტყობინების ადრესატისათვის გადაცემას ნიშნავდა. ოჯახის სრულწლოვან წევრებს არ განუცხადებიათ უარი გრ. და გლ. მ.-ებისათვის შეტყობინების გადაცემაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ინფორმირებული იყვნენ აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ასევე მიიჩნია ხანდაზმულად, რადგან «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კრედიტორის და მოვალისათვის ადგენილი იყო სასამართლო აღმასრულებლის მოქმედების სასამართლოში გასაჩივრებისათვის სააღსრულებო მოქმედების განხორციელებიდან ერთი თვის ვადა. აღნიშნული ვადის ათვლა იწყებოდა იმ მომენტიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო მისი უფლების დარღვევის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტისთვის ცნობილი იყო აუქციონის დანიშვნის შესახებ, რომელიც შედგა 2002 წლის 21 მაისს, ხოლო სარჩელი აღძრულ იქნა 8 ივლისს, რის გამოც გაშვებული იყო აღმასრულებლის მოქმედების სასამართლოში გასაჩივრების ერთთვიანი ვადა (ს.ფ. 140-141).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა იმავე საფუძვლებით, რაც მითითებული ჰქონდათ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში, ასევე მიუთითეს, რომ გაუგებარი იყო, თუ რომელ საქმეზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება. მათ მიერ გასაჩივრებული იყო კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება, გასაჩივრებული განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში მითითებული იყო რაიონული სასამართლოს 2002 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზე (ს.ფ. 147-150).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004 წლის 17 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ს.ფ. 171-175).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივლისის განჩინებით გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაემყარა შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ები წარმოადგენდნენ ბ. ყ.-ის მოვალეებს და მათი ბინა (მდებარე ქ. თბილისში, ...-ი, მე-... კვ. მე-6ბ კორპუსი, ბინა 63-ში) იპოთეკით იყო დატვირთული კრედიტორის სასარგებლოდ (ს.ფ. 24-25). თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ბ. ყ.-ის სარჩელი მოპასუხეების გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ების მიმართ. მოპასუხეებს დაეკისრათ 5920 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2002 წლის 14 მარტს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი (სააღსრულებო საქმე, ს.ფ. 2). 2002 წლის 15 მარტს სასამართლო აღმასრულებელმა ი. გიორგაძემ მიმართა გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ებს, რათა მათ ნებაყოფლობით 5 დღის ვადაში აღესრულებინათ სასამართლო გადაწყვეტილება (ს.ფ. 22). 2002 წლის 26 აპრილს სასამართლო აღმასრულებელმა ი. გიორგაძემ წერილობით აცნობა გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ებს პირველი საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ (ს.ფ. 64). პირველი და განმეორებითი აუქციონების ჩატარების შესახებ ინფორმაციები გამოქვეყნდა გაზეთ «სიტყვა და საქმეში». აღნიშნული მიმართვები იგზავნებოდა მ.-ების ბინის მისამართზე, რომელსაც მიუთითებდნენ მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებასა და სასამართლოსადმი წარდგენილ სხვა დოკუმენტებში. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება სასამართლო აღმასრულებლის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის დარღვევის თაობაზე, ვინაიდან სასამართლოში საქმის წარმოების დასრულებისა და სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აპელანტები აღარ წარმოადგენდნენ თანამონაწილეებს (თანამოპასუხეებს), ამის შემდეგ სასამართლო აღმასრულებლისათვის ისინი იყვნენ მოვალეები. როგორც სასამართლოსათვის, ისე სააღსრულებო ბიუროსათვის ცნობილი იყო მ.-ების მხოლოდ ერთი მისამართი _ ქ. თბილისი, ...-ი, მე-... კვარტ. მე-6ბ კორპ. ბინა 63. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა საქმეში არსებული მისამართის მიხედვით მართებულად გააგზავნა შეტყობინებები, როგორც პირველი, ასევე განმეორებითი აუქციონის შესახებ. ის გარემოება, რომ აღნიშნული შეტყობინება უშუალოდ არ ჩაბარდათ გრ. და გლ. მ.-ებს, ვერ გახდებოდა აუქციონის შედეგებისა და სააღსრულებო განკარგულების გაუქმების საფუძველი, რადგან მითითებული შეტყობინებები ჩაიბარეს მათივე ოჯახის სხვა წევრებმა, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენდნენ თანამოვალეებს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ სწორად მიუთითა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 25-ე მუხლის მე-... პუნქტზე, რომლის თანახმად, უწყება მოვალეს უნდა ჩაბარებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, რომ თუ უწყების მიმტანი პირი გამოსაძახებელ მოქალაქეს ვერ ნახავდა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაბარებოდა მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საგულისხმო იყო რ. მ.-ის აღიარება იმის თაობაზე, რომ მან შეატყობინა საზღვარგარეთ მყოფ თავის შვილს, რათა ამ უკანასკნელს ფული გამოეგზავნა, რადგან მათი ბინა იყიდებოდა (ს.ფ. 53). გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოსათვის გაუგებარი იყო თუ რა უფლება შეელახათ გვ, რ., ლ. და ნ. მ.-ებს მოპასუხისაგან, როდესაც მათივე განცხადებით, მხოლოდ გლ. და გრ. მ.-ებმა არ იცოდნენ საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ (ს.ფ. 205-211).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.
კასატორთა მითითებით, მათ მიერ როგორც რაიონულ, ასევე სააპელაციო სასამართლოებში წარდგენილი იყო წერილობითი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხარვეზები და დარღვევები იქნა დაშვებული ჯერ გადახდის ბრძანების მიღებისას, ხოლო მოგვიანებით აღსრულებასთან დაკავშირებით. ამასთან, არც სააპელაციო სასამართლო უარყოფდა გლ. და გრ. მ.-ებისათვის შეტყობინების ჩაუბარებლობის ფაქტს. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცული იყო «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 25-ე მუხლის მე-... პუნქტის პირობა, რომლის თანახმად, უწყება მოვალეს უნდა ჩაბარდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. მოსარჩელეები ამ შემთხვევაში წარმოადგენდნენ მოპასუხეებს ბ. ყ.-თან გადახდის ბრძანებაში და შესაბამისად იყვნენ თანამოვალეები. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის შინაარსი და არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყვნენ არა თანამონაწილეები, არამედ თანამოვალეები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი სრულიად დაუსაბუთებელია, არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით დადგენილ საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის არასწორად განმარტებას ან გამოყენებას, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ბ. ყ.-ის სარჩელი მოპასუხეების _ გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ების მიმართ, მოპასუხეებს დაეკისრათ 5920 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2002 წლის 14 მარტს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი; 2002 წლის 15 მარტს სასამართლო აღმასრულებელმა მიმართა გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ებს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების წინადადებით; 2002 წლის 26 აპრილს სასამართლო აღმასრულებელმა წერილობით აცნობა გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ებს პირველი საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ; 2002 წლის 17 მაისს სასამართლო აღმასრულებელმა წერილობით მიმართა გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ებს განმეორებითი საჯარო აუქციონის ჩატარების თაობაზე; პირველი და განმეორებითი აუქციონების შესახებ ინფორმაციები გამოქვეყნდა გაზეთ «სიტყვა და საქმეში»; აღნიშნული მიმართვები იგზავნებოდა მ.-ების სახელზე რიცხული ბინის მისამართზე. ამ მისამართს მიუთითებდნენ მოსარჩელეები, მათ შორის, რ. და გლ. მ.-ები, როდესაც აღძრეს სარჩელი სააღსრულებო ბიუროს მიმართ; როგორც სასამართლოსათვის, ისე სააღსრულები ბიუროსათვის ცნობილი იყო მ.-ების მხოლოდ ერთი მისამართი _ ქ. თბილისი, ....-ი, მე-... კვარტ. მე-6ბ კორპ. ბინა 63. სხვა მისამართის შესახებ ან მისამართის შეცვლის თაობაზე მ.-ებს არც სასამართლოსა და არც სააღსრულებო ბიუროსათვის არ უცნობებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან კასატორებს წამოყენებული არა აქვთ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» კანონის 25-ე მუხლის მე-... პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, სააღსრულებო წარმოებაში მოვალის, კრედიტორის ან სააღსრულებო წარმოების სხვა მონაწილისათვის უწყების ჩაბარებისათვის დადგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული წესი. კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა გარემოება, ითვლება თუ არა უწყება ჩაბარებულად მოვალისათვის, თუკი უწყება ჩაბარდა აღნიშნული მოვალის ოჯახის სხვა სრულწლოვან წევრს, რომელიც ასევე წარმოადგენს მოვალეს იმავე სააღსრულებო წარმოებაში. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ უწყების მიმტანმა პირმა გამოსაძახებელი მოქალაქე ვერ ნახა საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე, უწყება უნდა ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს და ამ წესის დაცვით გადაცემული უწყება ითვლება ჩაბარებულად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სწორედ კანონის ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევას და ის გარემოება, რომ შეტყობინება უშუალოდ გრ. და გლ. მ.-ებს არ ჩაბარდათ, ვერ გახდებოდა აუქციონის კანონის დარღვევით ჩატარებულად მიჩნევის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მოცემულ შემთხვევაში უწყების ჩაბარებისას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის დარღვევის თაობაზე. მართალია, კასატორები წარმოადგენენ საერთო ვალდებულების მოვალეებს, მაგრამ, იმავდროულად, ისინი არიან ოჯახის წევრები, რის გამოც სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილი იყო, სააღსრულებო მოქმედებების თაობაზე შეტყობინება მათთვის გადაეცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-... ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ივლისის განჩინება;
3. გვ., რ., გლ., ლ., ნ. და გრ. მ.-ებს დაეკისროთ სხელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.