Facebook Twitter

საქმე # 140100118002689678

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №783აპ-21 ქ. თბილისი

ქ-ი შ, 783აპ-21 20 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ქ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:

შ. ქ, - დაბადებული .... წლის .. მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

შ. ქ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: შ. ქ-მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია და 2016 წლის 24 თებერვალს მოტყუებით დაირეგისტრირა გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მდებარე: ზ. ქ-ის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით .. რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით - 30 000 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენით:

მსჯავრდებულ შ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა შ. ქ-ა მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 22 ოქტომბრის განაჩენისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, შ. ქ-ს მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მოტყუებასა და მოტყუების განზრახვას. საჯარო რეესტრისათვის წარდგენილი დოკუმენტები არ იყო ყალბი ინფორმაციის შემცველი; შესაბამისად, არ არსებობს მოტყუების ნიშანიც. თაღლითურად მოტყუება არის სინამდვილის განზრახ დამახინჯება და დაფარვა სხვისი შეცდომაში შეყვანის მიზნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით კი, თაღლითობის ჩადენისას მოტყუების ხერხი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი და მასში არ იგულისხმება მოტყუება მხოლოდ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით. 2016 წლის 18 ნოემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო განჩინება, რომელმაც დაამტკიცა მხარეთა შორის არსებული მორიგების აქტი. ეს განჩინება დღემდე ძალაშია და სადავოდ არავის გაუხდია. გორის რაიონულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით შეცვალა ამ მორიგების აქტით დადგენილი სამართლებრივი რეალობა მხოლოდ იმიტომ, რომ ზ. ქ-ს სახელზე გაცემულ საარქივო ცნობის იურიდიულ მნიშვნელობასთან მიმართებით ადმინისტრაციული წესით საქმის განმხილველი სასამართლოსაგან განსხვავებული შეფასებები ჰქონდა. სასამართლოს მითითებით, თურმე, ფაქტია, რომ ზ. ქ-ს ოჯახმა ეს ქონება მსჯავრდებულის ბიძისგან - ო. ქ-ან „კანონიერად“ შეიძინა, თუმცა საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ზ. ქ-ს ან მისი ოჯახის წევრსა და ო. ქ-ს ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით რაიმე გარიგება დაედოთ. შ. ქ-ა არაერთხელ განმარტა, რომ ქონებაზე უარი განაცხადა იმიტომ, რომ თავისი ძმისგან დანატოვარი უძრავი ქონება არ დაეკარგა. სასამართლო პრაქტიკაში მწვავედ დგას საკითხი, თუ როგორ გაიმიჯნოს თაღლითობა სამოქალაქო დავისგან. ამის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 ივლისის განაჩენი.

5. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა მსჯავრდებულ შ. ქ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5.1. შესაგებლის თანახმად, შ. ქ-ს მიმართ განაჩენის გამოტანისას და სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ კანონის სრული დაცვით შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები. სასამართლოს წინაშე დაიკითხა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-ს სექტორის იურისტი ი. ბ, რომელმაც განმარტა, რომ იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნდა რაიმე გადამოწმების შესაძლებლობა/ვალდებულება, თუ რაოდენ სწორ დოკუმენტაციას მიაწვდიდა მოქალაქე შინაარსობრივი კუთხით; ანუ დოკუმენტში მითითებულ ინფორმაციას შეესაბამებოდა თუ არა რეალობა. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა თავად მოქალაქეს, რომელიც ამ დოკუმენტებს წარადგენდა საჯარო რეესტრში. მოწმე ნ. ხ-ა განმარტა, რომ 2020 წლის 24 თებერვალს მან პირველადი რეგისტრაცია მოახდინა შ. ქ-ს სახელზე. ი. ა-მ მიუთითა, რომ დაზარალებულ ზ. ქ-ს საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი შეასრულა მსჯავრდებულ შ. ქ-ს დაკვეთით, თითქოს, ეს თავისი საკუთრება ყოფილიყოს, რის შემდეგაც ნახაზები გადასცა შ. ქ-ს, რომელმაც, თავის მხრივ, წარადგინა საჯარო რეესტრში, რითაც ყალბი ინფორმაცია მიაწოდა მარეგისტრირებელ ორგანოს.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში უთითებს, რომ ბრალდების მხარე შ. ქ-ს ედავება არა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით მოტყუებას, არამედ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, რის საფუძველზეც მან მოტყუებით დაირეგისტრირა კონკრეტული ქონება.

9. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, თუ რაში გამოიხატა მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ: შ. ქ-მა თავდაპირველად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინა NAA.........-.. საარქივო ცნობა მისი ოჯახისადმი უძრავი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით და 3842,77 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკადასტრო შიდა აზომვითი ნახაზი; მაგრამ მოგვიანებით, მან მოითხოვა მის მიერვე წარდგენილი განცხადების საფუძველზე მიმდინარე წარმოების შეწყვეტა, წარადგინა ახალი განაცხადი 443,91 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მხოლოდ გარე პერიმეტრის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რომელ მიწის ნაკვეთსაც ფლობდა ზ. ქ-ს ოჯახი, ხოლო სხვა დოკუმენტებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი ერთვის თავდაპირველ და იმ მომენტისათვის უკვე შეწყვეტილ N..... განცხადებას.

10. ზემოაღნიშნული გარემოება, გარდა საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციისა, დასტურდება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. საკასაციო პალატა მათგან მიუთითებს მოწმე ნ. ხ-ს ჩვენებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გ-ს სარეგისტრაციო სამსახურში. 2016 წლის 27 იანვარს შ. ქ-მა მიმართა საჯარო რეესტრს, დაახლოებით 3848 კვ.მ.-ის ფართობის უძრავი ქონების დარეგისტრირების მოთხოვნით, რომელზე წარმოებაც ზედდების გამო შეჩერდა და ეცნობა შ. ქ-ს. 2016 წლის 19 თებერვალს კი შ. ქ-ს განცხადებით შეწყდა წარმოება ზემოხსენებულ განაცხადზე. იმავე დღეს შ. ქ-ა შეიტანა მეორე განაცხადი შემცირებული ფართობის - 444 კვ.მ.-ის უძრავი ქონების დარეგისტრირების მოთხოვნით და წარადგინა ამ ქონების გარე აზომვითი ნახაზი. ამასთან, განაცხადში მიუთითა, რომ აღნიშნული ქონების დოკუმენტაცია ინახებოდა შეწყვეტილ განაცხადთან. ვინაიდან წარმოდგენილი იყო საკადასტრო ნახაზი, საარქივო ცნობა, სადაც იყო აზომვითი ნახაზი და ყველა დოკუმენტი იყო წესრიგში, აღნიშნული 444 კვ.მ. ფართობის ქონება 2016 წლის 24 თებერვალს დარეგისტრირდა შ. ქ-ს სახელზე. მოწმის განმარტებით, ეს იყო პირველადი რეგისტრაცია და საჯარო რეესტრი ვერ გადაამოწმებდა, თუ ვისი საკუთრება იყო აღნიშნული ქონება.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამავე მოწმის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში უფლებადამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა საარქივო ცნობა. საარქივო ცნობაში პირობითად, ზოგადად, მიეთითება, რომ: სოფელ ტ-ი კონკრეტული პიროვნება ფლობს მიწის ნაკვეთს ან სახლს, მაგრამ სად და რა ადგილას, ეს ხსენებული ცნობით არ იკვეთება, ვინაიდან აღნიშნული გარემოება საკადასტრო აზომვითი ნახაზით ზუსტდება. მის სამსახურში არ არსებობს პასუხისმგებელი პირი, რომელსაც შეუძლია, შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) რამდენად შეესაბამება რეალობას და მოცემული გარემოება დამოკიდებულია თავად იმ მოქალაქის კეთილსინდისიერებაზე, რომელმაც ნახაზი წარმოადგინა.

12. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტ ი. ბ-ს ჩვენებითაც, კერძოდ, მოწმის განმარტებით, საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ძირითადად გამოიყენება საარქივო ცნობა, სადაც აისახება, რა ფართობის მიწის ნაკვეთი ერიცხება კომლს, თუმცა, მასში არ არის მითითებული ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია. საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სავალდებულო იყო საჯარო რეესტრში ერთი უფლების დამდგენი დოკუმენტისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა. საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენაზე პასუხისმგებლობა კანონით ეკისრებოდა დამკვეთს (მესაკუთრეს), ხოლო უფლების დამდგენი დოკუმენტის გადამოწმება საჯარო რეესტრის ვალდებულება იყო, მაგრამ იგი ამოწმებდა, „ფართობში ეტეოდა თუ არა მიწის ნაკვეთი“. რამდენად სწორად წარმოადგენდა მესაკუთრე აზომვით ნახაზს, საამისო მექანიზმის კონტროლი არ არსებობდა. ამავე მოწმემ აღნიშნა, რომ 2016 წელს შ. ქ-ს მოთხოვნით საჯარო რეესტრში განხორციელდა დაახლოებით 443 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. გარკვეული პერიოდის შემდეგ საჯარო რეესტრს მიმართა დაზარალებულმა და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოხდა ამ ორი მიწის ნაკვეთის ურთიერთზედდება, რაც დაზარალებულმა გაასაჩივრა სასამართლოში. პროცესი დასრულდა მხარეთა მორიგებით. ბრალდებულმა დაზარალებულს გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელსაც მას დაზარალებული ედავებოდა, ხოლო დაზარალებულმა სანაცვლოდ ბრალდებულს გადასცა სხვა მიწის ნაკვეთი.

13. მაშასადამე, მოწმეების - ნ. ხ-ა და ი. ბ-ს ჩვენებების მიხედვით, ამ საქმეში უფლებადამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა საარქივო ცნობა, რომელიც, თავის მხრივ, ასახავდა, თუ რა ფართობის მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა კომლს, მაგრამ მასში მითითება კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე (ე.ი პირი სად, რა ადგილს ფლობდა), არ იყო. აღნიშნული გარემოება ზუსტდებოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზით და ამასთან, მოქალაქის/მესაკუთრის კეთილსინდისიერებაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ აზომა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზების შემდგენი ი. ა. მოწმემ განაცხადა, რომ მან 2016 წლის 26 იანვარს, შ. ქ-ს მითითებით, სოფელ ტ-ი შეადგინა მისი საცხოვრებლი სახლის - დაახლოებით 4 000 კვ. მ-მდე ფართობის შიდა და გარე აზომვითი ნახაზი, ხოლო მისი სახლიდან 150 მეტრის მოშორებით, ასევე შ. ქ-ს მითითებით, შეადგინა დაახლოებით 400 კვ.მ. ფართობის ნაკვეთის გარე აზომვითი ნახაზი. მოგვიანებით მას დაუკავშირდა სოფელ ტ-ი მცხოვრები მამაკაცი, ვ. ქ. და უთხრა, რომ ჩემი სახლი სხვას დაურეგისტრირეო; იგი გულისხმობდა იმ სახლს, რომლის გარე პერიმეტრის ნახაზიც, მან შეასრულა. აღნიშნული ქონება (ე.ი., რომელზეც ბრალდების მხარე ედავებოდა შ. ქ-ს), რომ მართლაც ზ. ქ-ს ოჯახს ეკუთვნოდა და წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით იყო ამ უკანასკნელთა სარგებლობაში, დასტურდება საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეების: ზ. ქ-ს, ზ. ქ-ის, ვ. ქ-სა და ნ. გ-ის ჩვენებებით, ბ. ქ-ის გამოკითხვის ოქმებით, ასევე სოფელ ტ-ს ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის ნ. კ-ს ჩვენებით. დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი 1960 წელს ააშენა ზ. ქ-ს მამამთილმა და მას შემდეგ მათი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ იქ.

14. ამასთან, ფაქტი, რომ შ. ქ. მოქმედებდა განზრახ, დასტურდება არა მხოლოდ დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებებით, არამედ მოწმეების - ი. ა-ა და ნ. კ-ს (გ-ს) ჩვენებებითაც. როგორც აღინიშნა, ი. ა-მ განაცხადა, რომ მან სწორედ შ. ქ-ს მითითებით შეადგინა ნახაზები. მოგვიანებით მას დაუკავშირდა სოფელ ტ-ი მცხოვრები მამაკაცი, ვ. ქ. და უთხრა, რომ ჩემი სახლი სხვას დაურეგისტრირეო; იგი გულისხმობდა იმ სახლს, რომლის გარე პერიმეტრის ნახაზიც მან შეასრულა, ხოლო მოწმე ნ. კ-ა (გ-ა) კი განაცხადა, რომ არის სოფელ ტ-ს ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი. 2016 წლის მაისში სამსახურში გამგებელ თ. დ-ნ ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდა შ. ქ. და განუცხადა, რომ გადაიფორმა ბ. ქ-ს (ზ. ქ-ს მეუღლე) სახლი, რადგან ბ. ქ-ს დარეგისტრირებული ჰქონდა შ. ქ-ს წინაპრების ნაკვეთი. შ-მ მათ განუმარტა, რომ აღიშნულის თაობაზე ზ. ქ-ის ოჯახმა არ იცოდა. ამის შესახებ მოწმემ და გამგებელმა შეატყობინეს ზ. ქ-ს ოჯახს. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ ფაქტზე, რომ შ. ქ-ა ნ. კ-ს დაკითხვისას მიმართა კითხვით: „განუმარტა თუ არა მან, რომ ზ. ქ-ს დაებრუნებინა სადავო მიწის ნაკვეთი და იგი სანაცვლოდ, მათ სახელზე აღრიცხავდა მათსავე მიწის ნაკვეთს“, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს დავა ჰქონდათ ამ საკითხზე და შ. ქ-ა მის წინაშე აღნიშნა, რომ ვინაიდან ზ. ქ-ს ოჯახმა შ. ქ-ს მამაპაპეული მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა, ეს უკანასკნელიც ამიტომ მოექცათ ასე. დაზარალებულ ზ. ქ-ს დაკითხვისას, შ. ქ-ა ანალოგიურად, მასაც მიმართა კითხვით: „მე რომ თქვენი მიწის ნაკვეთი დავირეგისტრირე, გეუბნებოდით თუ არა, ჩემი მიწა დამიბრუნე და მე თქვენსას დაგიბრუნებთო?“ ამდენად, საქმის გარემოებების ერთობლივად შეფასებით დგინდება, რომ შ. ქ. ქონების რეგისტრაციისას თაღლითურად მოქმედებდა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციით, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით დასტურდება შ. ქ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით) როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური შემადგენლობა.

16. შესაბამისად, დაცვის მხარის მითითება, რომ მას საჯარო რეესტრი არ მოუტყუებია, არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, ვინაიდან, საქმის მასალების თანახმად, შ. ქ-ს არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, დაერეგისტრირებინა გ-ის რაიონის სოფელ ტ-ი მდებარე ზ. ქ-ს საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით .. მაგრამ მიუხედავად ამისა, მან თაღლითურად, დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2016 წლის 19 თებერვალს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში შეიტანა განცხადება, რომელსაც დაურთო აღნიშნული უძრავი ქონების გარე საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო სხვა საჭირო დოკუმენტებთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ისინი ერთვოდა მის მიერ მანამდე წარდგენილ განაცხადს, რომელთა მონაცემები არ ეხებოდა და კავშირში არ იყო იმ მიწასთან, რომლის დარეგისტრირებაც გადაწყვიტა შ. ქ-ა და რომლის გარე აზომვითი ნახაზიც ახალი განცხადებით წარუდგინა საჯარო რეესტრს. აღნიშნული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით შ. ქ-ა მოატყუა მარეგისტრირებელი ორგანო და 2016 წლის 24 თებერვალს მას საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდა ზ. ქ-ს საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით .. , რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით - 30 000 ლარის ქონებრივი ზიანი.

17. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kუპარადზე ვ. Gეორგია), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lობზჰანიდზე ანდ Pერადზე ვ. Gეორგია), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).

18. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. ვასაძე

მ. გაბინაშვილი