ას-836-1464-03 3 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
სარჩელის საგანი: წყლის საწრეტი არხებით სარგებლობის წესის დადგენა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ც-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჟ. ც-ს, მ. და ა. ჭ-ების მიმართ და მოითხოვა საერთო სარგებლობის წყლის არხის აღდგენა. მოსარჩელემ თავისი სარჩელი დაასაბუთა იმით, რომ ცხოვრობს ქ. აბაშაში, ... ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე წლების განმავლობაში იყო წყალსაწრეტი არხი, რომელიც თვითნებურად გადაკეტილი აქვთ მოპასუხეებს. აღნიშნულის გამო იტბორება, როგორც თავისი, ასევე მეზობლების ეზოები და ვერ ღებულობს მოსავალს. მოსარჩელემ მოითხოვა ცენტრალური არხის გახსნა, ასევე მოპასუხეების ნაკვეთებიდან საზღვართან ორი არხის დაგრძელება და მოწესრიგება.
მ. ჭ-ამ სარჩელი აღძრა ნ. ც-სა და სხვათა მიმართ, სადაც აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა 2001წ. 10 ივლისს მისი ნებართვის გარეშე გახსნეს მოსარჩელის ეზოში გამავალი არხი, რითაც მიაყენეს მორალური ზიანი. მ. ჭ-ამ მოითხოვა გახსნილი არხის ამოვსება, მატერიალური ზიანის _ 20 ათასი ლარის, ხოლო მორალური ზიანის _ 5000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-ს სარჩელი მოპასუხეების ნაკვეთების საზღვართან წყლის არხის გაჭრის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო მ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ამ. ჟ. ც-სა და ა. ჭ-ას გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში შევიდა ცვლილება. ნ. ც-ს სარჩელს მ. ჭ-ას მიმართ ეთქვა უარი.
მ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ნ. ც-სა და თ. ც-ს დაევალათ, ამოავსონ თვითნებურად გათხრილი არხი, რომელიც უერთდება მ. ჭ-ას ეზოში გამავალ თხრილს.
დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000წ. 8 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, დადგენილად ცნო, რომ ნ. ც-ა სხვა მოთხოვნასთან ერთად ასევე მოითხოვდა მ. ჭ-ას მიერ თავის საკარმიდამო ნაკვეთში გამავალი წყალსაწრეტი არხის გახსნას, ამავე მოთხოვნით სარჩელი წარადგინეს მესამე პირებმაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლოს მიერ მიჩნეულია, რომ მ. ჭ-ას ნაკვეთში გამავალი არხის გახსნა გამოიწვევს ამ უკანასკნელის მიერ ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელ ხელყოფას, ეზოს დატბორვასა და საცხოვრებელი სახლის დაზიანებას, რის გამოც მოსარჩელეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” პუნქტის თანახმად, მიიჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები არ საჭიროებენ მტკიცებას, რადგან ორივე საქმეზე მხარეებად მონაწილეობდნენ ნ. ც-ა და მ. ჭ-ა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ჭ-ას ეზოში არხის გახსნა მნიშვნელოვნად ხელყოფს მიწის მესაკუთრის უფლებებს და მას სკ-ის 175-ე მუხლით გათვალისწინებული თმენის ვალდებულება არ შეიძლება დაეკისროს.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა მ. ც-ს სარჩელი მ. ჭ-ას, ჟ. ც-სა და ა. ჭ-ას ნაკვეთების საზღვრებთან წყლის გამტარი არხების გაჭრის შესახებ. ჟ. ც-სა და ა. ჭ-ას მიერ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, მათ ნაწილში გადაწყვეტლება კანონიერ ძალაშია შესული ანუ მათ ნაკვეთებში უნდა გაიჭრას წყლის გამტარი არხები, რომლებიც სასამართლოს მოსაზრებით, თავისუფლად უზრუნველყოფენ ნ. ც-ს ნაკვეთისაგან მომავალი წყლის გატარებას. ექსპერტიზის დასკვნა გათვალისწინებული იყო ნ. ც-სა და სხვათა მოთხვნის დაკმაყოფილებაზე, რისთვისაც საჭიროდ იყო მიჩნეული სამი არხის ამოქმედება. ნ. ც-ს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი საკმარისია ჟ. ც-სა და ა. ჭ-ას ნაკვეთებში არხების გაჭრა.
რაც შეეხება მ. ჭ-ას მოთხოვნას მოპასუხეების მიერ თვითნებურად გათხრილი არხების ამოვსებისა და მონგრეული ღობის აღდგენის შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, არხი უნდა ამოივსოს იმ ნაწილში, რომლითაც იგი უერთდება მ. ჭ-ას ეზოში გაჭრილ არხს, რათა ამ არხით მოვარდნილი წყლის ნაკადით არ დაზიანდეს მ. ჭ-ას ეზო. ხოლო ყველა არხის ამოვსებისა და შ-ის ქუჩაზე არხის ბეტონის ჯებირით გადაკეტვის მოთხოვნა სასამართლომ ჩათვალა უსაფუძვლოდ, რადგან მ. ჭ-ას ამ არხების არსებობა რაიმე ზიანს არ აყენებს. სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნული არხებისაგან მომდინარეობს ზემოქმედება, მაგრამ მესაკუთრეს ხელი არ ეშლება თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, სკ-ის 175-ე მუხლის საფუძველზე მ. ჭ-ა ვალდებულია, ითმინოს ასეთი ზემოქმედება. გარდა ამისა, სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ სადავო არხის გაჭრის შესახებ მ. ჭ-ასათვის ცნობილი იყო 1991 წლიდან და იმ დროს მოქმედი სკ-ის 75-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნა ხანდაზმულია.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მ. ჭ-ას მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. პალატამ მიუთითა, რომ არ დასტურდება, რომ მ. ჭ-ას ეზოში ხეხილის განადგურება მოპასუხეთა მიერ გაჭრილი არხის შედეგია, არაა განსაზღვრული ხეხილის ზუსტი ოდენობა, დაზიანების ხარისხი, ზიანის ოდენობა, აგრეთვე, არ დასტურდება კანონით განსაზღვრული რაიმე მორალური ზიანი. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ის მე-18, 413-ე მუხლები, სსკ-ის 102-ე მუხლი,
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ც-მ და მ. ჭ-ამ.
ნ. ც-ა მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. კასატორის მოსაზრებით, სკ-ის 175-ე და 177-ე მუხლების საფუძველზე მისი მოთხოვნა არხის გახსნის შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
კასატორი მ. ჭ-ა მოითხოვს სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, თვითნებურად გათხრილი არხის ამოვსებას 140 მეტრის სიგრძეზე, მიყენებული ზიანის შესაფასებლად სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნას, მოპასუხეებისათვის მორალური ზიანის 5000 ლარისა და მატერიალური ზიანის დაკისრებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგება. სასამართლომ გადაწყვეტილებით არ გააუქმა მთავარი არხი, რომლის სიგრძე 140 მეტრია. არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ არხი მამაპაპისეულია, ისევე როგორც არ დგინდება რომ არხი საერთო სარგებლობისაა. დავა ხანდაზმული არ არის, ვინაიდან 1991 წლიდანვე მიმართავდა აბაშის ადგილობრივი მმართველობის ადმინისტრაციულ ორგანოებს წერილობით, რომ მიეღოთ ზომები. არხი შედის თავისი ეზოს ფართში, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მის სახელზე.
სასამართლოს უნდა გამოეყენებინა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და სსკ-ის 266-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 272-ე მუხლის «გ” პუნქტის თანახმად, საქმე წარმოებით შეეწყვიტა მოპასუხეების მიმართ მათ მოთხოვნაზე და საქმის განხილვა წარმართულიყო მხოლოდ მისი საჩელით მოპასუხეების მიმართ.
საოლქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა შ-ის ქუჩაზე არხის ბეტონის კედლით გადაკეტვაზე, ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ შუამდგომლობის მიუხედავად, არ დანიშნა ექსპერტიზა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2000წ. მარტის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მ. ჭ-ას ეზოში მთავარი ჭიშკრის მარცხენა მხარეს, მთელი ეზოს გასწვრივ არსებული არხის გახსნის შემთხვევაში მ. ჭ-ას მიწის ნაკვეთი დაიტბორება, დაზიანდება სახლი და სხვა ნაგებობები, რომლებიც მ. ჭ-ას ეზოშია განლაგებული, ამასთან ღვართქაფის დროს რ. ჭ-ას, გ. ა-ს, მ. ჭ-ასა და სხვათა ეზოს გასწვრივ არსებულ არხში წყლის გატარების მეშვეობით დატბორვის თავიდან აცილება შეუძლებელია, რადგან მხოლოდ მ. ჭ-ას ეზოში გამავალი არხის გახსნა საკმარისი არ არის. საჭიროა კიდევ იქ არსებული ორი არხის მოწესრიგება და მათი დაგრძელება. ეს არხები გადის ჟ. ც-ს ეზოში, მ. და ა. ჭ-ების ნაკვეთების საზღვართან.
დადგენილია, რომ ნ. ც-მ სასარჩელო განცხადებით მოპასუხეების _ მ. ჭ-ას ჟ. ც-სა და ა. ჭ-ას მიმართ მოითხოვა ამ უკანასკნელთა მიერ ნაკვეთების საზღვართან ორი არხის გახსნა, დაგრძელება და მოწესრიგება. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ც-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ჟ. ც-სა და ა. ჭ-ას არ გაუსაჩივრებიათ, მათ მიმართ სადავო არხის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ მ. ჭ-ამ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მხარეთა შორის სადავო საკითხის გადასაწყვეტად საკმარისად მიიჩნევს არა მარტო მ. ჭ-ას ეზოში გამავალი არხის გახსნას, არამედ ასევე იქ არსებული ორი არხის მოწესრიგებასა და მათ დაგრძელებას.
საკასაცო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაწყვეტა სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. აპელანტი მ. ჭ-ა არ ეთანხმება ექსპერტიზის დასკვნას, მიიჩნევს მას უკანონოდ და მიუთითებს, რომ მასში არ არის აღნიშნული ქანების დონე, არ ჩატარებულა ნიველირება, გეოფიზიკური კვლევა.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორ მ. ჭ-ას მიერ წამოყენებული არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს უნდა დაენიშნა ექსპერტიზა სსკ-ის 162-ე მუხლის შესაბამისად, ასევე განეხილა და გადაეწყვიტა ექსპერტიზის დანიშვნის საკითხი მ. ჭ-ასათვის მიყენებული ზიანის გასარკვევად.
მ. ჭ-ას საკასაციო პრეტენზიის მიხედვით მოპასუხეებმა 1991 წელს უკანონოდ გათხარეს საერთო სარგებლობის არხი, რომლის სიგრძე 140 მეტრია, მისივე განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარეებმა 1999 წელს ასევე საკუთარი ძალებით გათხარეს არხი, რომელიც შეუერთეს თვითნებურად მისი ეზოს საწრეტ თხრილს.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება მ. ჭ-ას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაუდგენია რომელი სადავო არხი გაიჭრა თვითნებურად 1991 წელს და რომელი გაიჭრა 2001 წელს, საქმე ხომ არ ეხება ერთსა და იმავე არხს, რომელიც გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული.
პალატა იზიარებს კასატორ მ. ჭ-ას მოსაზრებას, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა შ-ის ქუჩაზე არხის ბეტონის კედლით გადაკეტვაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს კასატორ ნ. ც-ს მოსაზრებას, რომ სკ-ის 175-ე, 177-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ არ იმსჯელა, რამდენად მნიშვნელოვანია მ. ჭ-ას უფლების ხელყოფა.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნისა და საქმის მასალებზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ც-სა და მ. ჭ-ას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.