Facebook Twitter

ას-837-1465-03 26 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ჯ-ემ 2001წ. 2 სექტემბერს ი. ქ-ეს ასესხა 2500 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, თვეში 8%-ის დარიცხვით. ი. ქ-ემ დათქმულ ვადაში არ გადაუხადა აღნიშნული თანხა კრედიტორს, ამიტომ ნ. ჯ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ი. ქ-ის მიმართ და მოითხოვა მის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარისა და პროცენტის სახით 1000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა – ი. ქ-ეს დაეკისრა ნ. ჯ-ის სასარგებლოდ 3500 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში. ქ-ეს დაეკისრა ასევე ნ. ჯ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 192 ლარისა და 63 თეთრის ოდენობით.

ი. ქ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის განჩინებით ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ მოტივებს:

სააპელაციო პალატის მთავარ სხდომაზე ნ. ჯ-ე არ გამოცხადდა, ხოლო გამოცხადებულმა აპელანტმა ი. ქ-ემ და მისმა წარმომადგენელმა მოითხოვეს, სასამართლოს განჩინებით დაემტკიცებინა მხარეთა მორიგება, რომლითაც ნაკისრი ვალდებულება აპელანტის მიერ უკვე შესრულებული იყო, ან მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ასევე, მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა და ამავე დავასთან დაკავშირებით მის საცხოვრებელ სახლზე დადებული ყადაღის მოხსნა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მორიგების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს მოსარჩელის – ნ. ჯ-ის თანხმობა იმაზე, რომ მას 2600 აშშ დოლარის მიღების გამო არა აქვს პრეტენზია დარჩენილ, მოპასუხისაგან მიუღებელ 1000 აშშ დოლარზე. ნ. ჯ-ის შესაგებლიდან ირკვევა, რომ მართალია, ის არ ხდის სადავოდ ი. ქ-ისაგან 2600 აშშ დოლარის მიღებას, მაგრამ წინააღმდეგია მორიგების აქტი დადასტურდეს, მოხდეს, თუ ი. ქ-ე მას დამატებით არ გადაუხდის კიდევ 200 აშშ დოლარს და არ დაუბრუნებს ოქროს ნივთებს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მხარეთა შორის მორიგების აქტის შედგენისას მათი ნება სასამართლოს მიერ სათანადო წესით არ არის დაფიქსირებული, ამიტომ პალატამ არ დაამტკიცა მხარეთა შორის მორიგება.

ი. ქ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მხარეების მიერ კანონის დაცვით შედგენილი მორიგების აქტი და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 386-ე მუხლით და ჩვეულებრივი განხილვის წესით განიხილა მოცემული დავა, მაშინ, როცა სააპელაციო პალატას უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, რითაც დაარღვია სსკ-ის მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მან ნ. ჯ-ეს უკვე გადაუხადა 2600 აშშ დოლარი და მას ხელახლა დააკისრეს უკვე შესრულებული ვალდებულება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა – ი. ქ-ეს დაეკისრა ნ. ჯ-ის სასარგებლოდ 3500 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში. ი. ქ-ეს დაეკისრა ასევე ნ. ჯ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 192 ლარისა და 63 თეთრის ოდენობით.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ნ. ჯ-ემ და ი. ქ-ემ 2003წ. 23 მაისს განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მხარეთა მორიგების აქტის წარდგენის თაობაზე. ი. ქ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მხარეთა შორის მორიგების დამტკიცება. სააპელაციო საჩივარს თან დაერთო მხარეთა შორის მორიგების აქტი. ამ აქტის თანახმად ნ. ჯ-ე თანახმაა, მიიღოს ი. ქ-ისაგან 3500 აშშ დოლარის ნაცვლად 2500 აშშ დოლარი და სახელმწიფო ბაჟი 100 აშშ დოლარი, სულ – 2600 აშშ დოლარი, დანარჩენ 1000 აშშ დოლარზე არ აქვს პრეტენზია. იქვე მითითებულია, რომ ი. ქ-ემ 2600 აშშ დოლარი გადასცა ნ. ჯ-ეს მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტში ე.ი. 2003წ. 23 მაისს, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ მხარეები. ნ. ჯ-ემ 2003წ. 28 ივლისს შესაგებელი შეიტანა სააპელაციო პალატაში და მიუთითა, რომ მან, მართალია, ი. ქ-ისაგან მიიღო 2600 აშშ დოლარი, მაგრამ იგი მაინც წინააღმდეგია მხარეთა შორის მორიგების აქტის დამტკიცებისა, თუ ი. ქ-ე არ გადაუხდის ნასესხებ 200 აშშ დოლარს და არ დაუბრუნებს ოქროს ნივთებს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა უცვლელად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ მორიგების აქტში ნ. ჯ-ის მიერ ი. ქ-ისაგან 2600 აშშ დოლარის მიღებაზე და მიაჩნია, რომ მითითება კრედიტორის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების მიღების დადასტურებას ხომ არ წარმოადგენს. ამდენად, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 48-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

დაევალოს ი. ქ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 280 ლარის გადახდა ეროვნულ ბანკში ¹012103162 ანგარიშზე (კოდი 220101107) სახელმწიფო ბაჟის სახით.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.