Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№417აპ-21 ქ. თბილისი

ა-ი დ-თ, 417აპ-21 1 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, დ-თ ა-სა და შ-ა ე-ეს ბრალად დაედოთ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჯგუფურად.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. გ-ში, წ-ა ნ-ს ქუჩაზე მდებარე შპს „ვ-ს“ სლოტკლუბის დარბაზში და შენობის გარეთ, ქუჩაში, იმავე კლუბის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა – დ. ა-მა და შ-ა ე-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების ნიადაგზე, ჯგუფურად, თავისა და სახის არეში ხელის მრავალჯერ დარტყმით საცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენეს ვ-ო მ-ს.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 მაისის განაჩენით დ. ა-ი, –ნასამართლობის არმქონე, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

4. ამავე განაჩენით შ-ა ე-, –ნასამართლობის არმქონე, – გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 2 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ შ. ე-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 18 მაისიდან.

5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 18 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განაჩენით შეიცვალა: დ. ა-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე დ. ა-ი გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის, პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან. შ-ა ე- გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 2 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი – ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ შ. ე-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 18 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 24 აპრილიდან იმავე წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ა-მა ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, ხოლო შ-ა ე-მ – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას: დ. ა-ისა და შ. ე-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელების განსაზღვრას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულთა ქმედებები სამართლებრივად სწორად დააკვალიფიცირა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. შესაბამისად, არ არსებობს პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივრის დაშვების, ასევე – დ. ა-ისა და შ-ა ე-ის ქმედებების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების საფუძველი. საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ იკვეთება მსჯავრდებულთა წინასწარ შეუთანხმებლად, ჯგუფურად მოქმედების კვალი (მაგალითისათვის იხ. სუსგ №862აპ-19, №296აპ-19, №290აპ-19). მტკიცებულებათა ანალიზით დასტურდება, რომ თითოეული მათგანი მოქმედებდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად – დ. ა-ის დარტყმის შემდეგ დაზარალებული ვ-ო მ-ე წაბარბაცდა, ხოლო შ-ა ე-ის მიერ ხელის დარტყმის შედეგად წაიქცა და აღარ ამდგარა. ამასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის – გ-მ კ-ის ჩვენებით, დაზარალებულისათვის მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ქალა-სარქვლის მოტეხილობის სახით, არ შეიძლება, განვითარდეს სახეში ხელის გარტყმით, ვინაიდან ქალა-სარქველი საკმაოდ მყარი კონსტრუქციის ორგანოა.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დამდგარი შედეგიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გაამართლეს ბრალდებულები საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და სწორად დააკვალიფიცირეს დ. ა-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო შ-ა ე-ის ქმედება – სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარე ამახვილებს ყურადღებას. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა კასატორის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ზუბაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე