ას-838-1448-03 3 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
მ. ცისკაძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. წ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე გ. ბ-ის მიმართ და აღნიშნა, რომ გ. ბ-ეს 2001წ. 13 აპრილს ასესხა 1500 აშშ დოლარი ორი თვით, თვეში 10%-ის დარიცხვით, მაგრამ მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. გ. ბ-ემ, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, ... ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა 2500 აშშ დოლარის, ადვოკატის მომსახურებისათვის 200 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება. ასევე მოითხოვა, რომ სესხი დაიფაროს იპოთეკის საგნის რეალიზაციით.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისაგან 2500 აშშ დოლარის და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით ც. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გ. ბ-ეს დაეკისრა ც. წ-ის სასარგებლოდ 2500 აშშ დოლარის გადახდა. მასვე დაეკისრა ც. წ-ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 71 ლარის ოდენობით გადახდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 სექტემბრის განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. ბ-ემ ც. წ-ისაგან ისესხა 1500 აშშ დოლარი ორი თვით, თვეში 10%-ის დარიცხვით. სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლით კანონით განსაზღვრული პროცენტი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისო საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკისრა, ყოველ გადაცილებულ თვეზე 1500 აშშ დოლარის 4%-ის გადახდა.
გ. ბ-ემ სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება, საქმის ხელახლა განხილვისათვის უკან დაბრუნება სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2001წ. 13 აპრილს ც. წ-ემ მოპასუხე გ. ბ-ეს ასესხა 1500 აშშ დოლარი ორი თვის ვადით, თვეში 10%-Nის დარიცხვით. მხარეთა შორის ამავე დღეს სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. ბ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მდებარე, ქუთაისში, ... მართალია, ეს ხელშეკრულება რეესტრში
დადგენილი წესით არ გატარებულა და იგი იპოთეკის ხელშეკრულებად ვერ იქნება მიჩნეული, მაგრამ ვინაიდან კასატორი არ უარყოფს მისი ხელმოწერის ნამდვილობას, სესხის ურთიერთობა მხარეთა შორის უდავოა.
სსკ-ის მე-4 მუხლის მიხედვით, საკასაციო პალატა იხილავს საკასაციო საჩივარს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასევე პრეტენზია წამოყენებული არ არის.
საკასაციო პალატა ვერ მიიჩნეს დასაბუთებულ პრეტენზიად და ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ მან თანხა ნოტარიუს თ. მ-ისაგან ისესხა და არა ც. წ-ისგან. მას დაუბრუნა კიდეც ნასესხები თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინაიდან მტკიცებულება, რომელიც ვალის გასტუმრებას დაადასტურებდა, კასატორმა ვერ წარმოადგინა.
სკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულიგანჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.