საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№653აპ-21 ქ. თბილისი
ა. ბ., 653აპ-21 30 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ. ა-ეს ბრალი დაედო ქურდობის მცდელობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო, გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 ივნისის განაჩენებით ბ. ა-ე (ლ. ნ ) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახედ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 იანვრის განაჩენით ბ. ა-ე (ლ. ნ.) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი უნდა მოეხადა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი – ჩაეთვალა პირობით.
· 2018 წლის 7 დეკემბერს, ღამის საათებში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი ბ. ა-ე ძალაყინის გამოყენებით ცდილობდა ქ. თ-ში, ვ.-.-ში, მე-. მ/რ-ნის, ...-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, შპს „დ. დ. ჯ-ის“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვას და მასში არსებული ფულის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რა დროსაც შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლებმა.
· ბ. ა-ის ქმედებით დაზარალებულ შპს “დ. დ. ჯ-ას“ შესაძლოა, მისდგომოდა 2125 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენით ბ. ა-ე, –ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თამარ კერესელიძე ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ბ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იმ მოტივით, რომ მისი ბრალეულობა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.
5. გამართლებულ ბ. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ს. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსაბუთებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას ბ. ა-ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პალატა აღნიშნავს, რომ ბ. ა-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას ადასტურებენ მხოლოდ მოწმე პოლიციელები – ნ. ბ. და გ. გ, რომელთა ჩვენებები აშკარად ეწინააღმდეგება „დ. დ. ჯ-ის“ დირექტორის მიმართვას, დირექტორ ი. კ-ას, სპეციალისტ დ. მ-ის, დაზარალებულის წარმომადგენლის – შ. გ-ის ჩვენებებსა და შს სამინისტროდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებს. საყურადღებოა ისიც, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2019 წლის 20 მარტის №......... დასკვნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გვერდზე, მიწის ნიადაგიდან ამოღებულ ძალაყინზე გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის 2019 წლის 7 მარტის №.../დ დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვლები არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ბ. ა-ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე არსებული ხელის თითის ანაბეჭდებისა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად და უტყუარად არ დასტურდება ბ. ა-ის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება ისეთი ბრალდებების საფუძველზე, რაც არ არის სარწმუნოდ დადასტურებული კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები – №404აპ-16, №410აპ-16, №560აპ-16, №62აპ-17), ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
9. ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ წარმოადგენს უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა ბ. ა-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე