Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №476აპ-21 თბილისი

ა. თ, 476აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების - თ. და თ. ა-ების ადვოკატ ლ. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თ. ა- და თ. ა- ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და განესაზღვრათ 225-225 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

2. განაჩენის მიხედვით, თ. და თ. ა-ებს მსჯავრი დაედოთ ძალადობაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.

3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 15:30 საათზე, წ-ის მუნიციპალიტეტის ს. მ-ში მდებარე კ. ა-ას საცხოვრებელი სახლის ეზოში, თ. და თ. ა-ებმა, ურთიერთშელაპარაკებისას, ჯგუფურად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მ. ბ-ას, კერძოდ: თ. ა-მ გაშლილი ხელი და მუშტი რამდენჯერმე დაარტყა მას ზურგსა და თავში, ხოლო თ. ა-მ ორივე ხელით რამდენჯერმე ძლიერად მოქაჩა თმა. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

Ø მსჯავრდებულების - თ. და თ. ა-ების ადვოკატმა ლ. ა-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და თ. და თ. ა-ების გამართლება;

Ø ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ილია ტორუამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულების - თ. და თ. ა-ებისათვის უფრო მკაცრი სასჯელების განსაზღვრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - თ. და თ. ა-ების ადვოკატმა ლ. ა-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და თ. და თ. ა-ების გამართლებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც თ. და თ. ა-ები დამნაშავეებად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. ამავე დროს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ამნისტიის შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს და სასჯელისაგან გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) ჩამდენი პირი, თუ დაზარალებული თანხმობას განაცხადებს აღნიშნულ პირზე ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ, ხოლო მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა მსჯავრდებულების - თ. და თ. ა-ების მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ, რის გამოც მათ მიმართ მითითებული „ამნისტიის შესახებ“ კანონი ვერ აღსრულდება.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების - თ. და თ. ა-ების ადვოკატ ლ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე