ას-844-1468-03 27 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა და რესტიტუცია.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 31 იანვარს ბ.წ-მა, ი.გ-ემ და სხვებმა სარჩელი აღძრეს სს „ტ-ების» გენერალური დირექტორის _ მ.გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს აქციების გადაცემასთან დაკავშირებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა და ქონების (აქციის) უკან დაბრუნება. სარჩელის საფუძვლად მიუთითეს შემდეგი გარემოებანი: მოსარჩელეები წლების მანძილზე მუშაობდნენ სს „ტ-ებში“ (ყოფილი ავტოსატრანსპორტო საწარმო) მძღოლებად. ისინი სს „ტ-ების“ აქციონერები არიან. მათ თავიანთი აქციები, სამართავად გადასცეს მ.გ-ეს, რომელიც დაპირდათ, რომ ბანკიდან გამოიტანდა კრედიტს, შეიძენდა ავტობუსებს და დაასაქმებდათ. შემდეგში მ.გ-ემ მათ წერილობითი ფორმით მოსთხოვა აქციების საკუთრებაში გადაცემა, რაზედაც მოსარჩელეები დათანხმდნენ. მ.გ-ემ პირობა არ შეასრულა, მას არც კრედიტი გამოუტანია ბანკიდან და არც ავტობუსები შეუძენია. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ მ.გ-ემ ისინი მოატყუა და შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც …საცილოს ხდიან აქციების გადაცემის თაობაზე დადებულ გარიგებას და ითხოვენ აქციების დაბრუნებას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან აქციონერებს შეპირდა, თუ ხუთ წელიწადში მათ ვერ დაასაქმებდა, აქციებს უკან დაუბრუნებდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 200-3წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ბ.წ-ისა და მ.გ-ეს შორის შპს „კ-ის“ მიერ 2001წ. 11 აგვისტოს რეგისტრირებული ¹11-0532 მ. გ-ეზე 792 აქციის გადაცემის განკარგულება და აღნიშნული აქციები დაუბრუნდა ბ. წ-ს, ბათილად იქნა ცნობილი თ. გ-ესა და მ.გ-ეს შორის შპს „კ-ის“ 2001წ. 16 აგვისტოს რეგისტრირებული ¹11 0647 მ.გ-ეზე 1121 აქციის გადაცემის განკარგულება და აღნიშნული აქციები დაუბრუნდა თ.გ-ეს, ბათილად იქნა ცნობილი ი. ნ-სა და მ. გ-ეს შორის შპს „კ-ის“ მიერ 2001წ. 16 აგვისტოს რეგისტრირებული ¹ც-0648 მ.გ-ეზე 1921 აქციის გადაცემის განკარგულება და აღნიშნული აქციები დაუბრუნდა ი.ნ-ს, აგრეთვე, ბათილად იქნა ცნობილი სალიმან გ-სა და მ. გ-ეს შორის შპს „კ-ის“ მიერ 2001წ. 16 აგვისტოს რეგისტრირებული 2-11-0640 მ. გ-ეზე 1270 აქციის გადაცემის განკარგულება და აღნიშნული აქციები დაუბრუნდა ს. გ-ს, ბათილად იქნა ცნობილი ა. ბ-სა და მ. გ-ეს შორის შპს „კ-ის“ მიერ 2001წ. 7 აგვისტოს რეგისტრირებული ¹110487 მ.გ-ეზე 713 აქციის გადაცემის განკარგულება და აღნიშნული აქციები დაუბრუნდა ა.ბ-ს.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი:
მოსრჩელეები სს „ტ-ების“ აქციონერები იყვნენ მ. გ-ეზე აქციების განკარგულებით გადაცემამდე. მათ თავდაპირველად თავიანთი კუთვნილი აქციები მინდობილობით გადასცეს მას 4 წლის ვადით. მ. გ-ის განმარტებით, დროებით სამართავად გადაცემული აქციები კრედიტის უზრუნველსაყოფად არცერთმა ბანკმა არ მიიღო და ამიტომ გახდა აუცილებელი მოწინააღმდეგე მხარეთა აქციები გადასცემოდა მ.გ-ეს საკუთრების უფლებით. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული აქციების გადაცემის განკარგულება არ უნდა ჩაითვალოს მათ შორის აქციების ნასყიდობის ხელშეკრულებად, რადგან ხელშეკრულება აქციების ნასყიდობის თაობაზე არ დადებულა სკ-ის 477-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მყიდველმა გადაიხადა აქციების საფასური.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება საკუთრების მინდობილობის ხელშეკრულებაა ანუ გარიგების მონაწილეებმა დადებული ხელშეკრულებით დაფარეს სხვა გარიგება _ საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, რომლის განხორციელებასაც ისინი რეალურად ისახავდნენ მიზნად. ასეთ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც დაფარული გარიგების მიმართ გამოიყენება ამ გარიგების მიმართ მოქმედი წესები.
პალატამ მიიჩნია, რომ სკ-ის 724-ე მუხლის თანახმად, საკუთრების მიმნდობმა (მოსარჩელეებმა) აქციები გადასცეს მ.გ-ეს, რომელსაც უნდა მიეღო და ემართა აქციები საკუთრების მიმნდობთა ინტერესების შესაბამისად. 725-ე მუხლის საფუძველზე მ.გ-ეს მესამე პირებთან ურთიერთობაში შეეძლო, ესარგებლა მესაკუთრის უფლებამოსილებით, რისი განხორციელების სურვილიც მოპასუხეს ჰქონდა და რა მიზანსაც ისახავდა აქციების გადაცემა. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 729-ე, 720-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ, რადგან ხელშეკრულება შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყდეს, მოსარჩელეებს შეეძლოთ, გაეუქმებინათ საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, მას შემდეგ, რაც მ.გ-ის მიმართ ნდობა დაკარგეს. ამ გარემოებაზე მითითებით, სააპელაციო პალატამ სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებული ხელშეკრულებით ბათილად მიიჩნია.
აღნიშნული გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.გ-ემ. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ნასყიდობის ხელშეკურელების თვალთმაქცურობას და საკუთრების მინდობის ხელშეკრულების არსებობას. პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით კი იგი შეწყდა. კასატორი მიუთითებს, დაუსაბუთებელია ასეთ შემთხვევაში რა საჭირო იყო შეწყვეტილი ხელშეკრულების დაფარვა.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა სკ-ის 477-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მყიდველმა ვერ დაადასტურა აქციების ფასის გადახდის ფაქტი. კასატორს მიაჩნია, რომ აქციების ნასყიდობის დოკუმენტი მოიცავს ფასის გადახდის თაობაზე ინფორმაციას, რასაც სასამართლომ არ მისცა შესაბამისი შეფასება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონდარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
სარჩელის საფუძვლებიდან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი, კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება (აქციების გასხვისების თაობაზე) ბათილია, რადგან ამ გარიგებით დაიფარა სხვა გარიგება _ საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, ხოლო 720-ე მუხლით ეს ხელშეკრულება შეიძლება ნებისმიერ დროს მოიშალოს.
აღნიშნულ მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, რადგან რეალურად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების (საკუთრების მინდობის) მოშლა არ იწვეს ამ გარიგების ბათილად ცნობას. ამასთან, მოსარჩელე საცილოს ხდის ხელშეკრულებას და მას უცილოდ ბათილ გარიგებად არ მიიჩნევს. სარჩელში მითითებულია გარიგების საცილოობის საფუძველი, რაზედაც მოსარჩელე მიუთითებს (მოტყუებით დადებული გარიგება) და სასამართლომ ამ გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, არ იმსჯელა.
ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას, სასამართლომ, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაადგინოს სარჩელში მითითებული საფუძვლები გარიგების საცილოობის შესახებ დასტურდება თუ არა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.