საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№432აპ-21 ქ. თბილისი
ბ. გ, , 432აპ-21 8 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ-იასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით გ. ბ-– ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 10 თებერვლიდან.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ბ-მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· გ. ბ- და თ. ე. 2019 წლის 15 მარტიდან 2019 წლის 19 ნოემბრამდე იყვნენ დაქორწინებულები. 2020 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 21:15 საათზე, თ. ე.იმყოფებოდა თ-ში, მეტროსადგურ „ვ-ის“ მიმდებარედ სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე, რა დროსაც მას უკნიდან მიუახლოვდა ყოფილი მეუღლე გ. ბ - ხელი მოხვია, ყურში ჩასჩურჩულა „უხ, შენი“ და საკანცელარიო დანა, რომელიც მარჯვენა ხელში ეჭირა, ყელის არეში გამოუსვა. თ. ე-მა ყვირილი დაიწყო და მიიქცია ხალხის ყურადღება, რის გამოც გ. ბ-ია გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებული გ. ბ-ია და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. კ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ გ. ბ-სმიერ ჩადენილ ქმედებას მიეცეს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. კასატორები – მსჯავრდებული გ. ბ-ია და მისი ადვოკატი ვ. კ-ი თავიანთ საჩივრებში აღნიშნავენ, რომ გ. ბ-ს სრულიად უსაფუძვლოდ შეერაცხა საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან მის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ შეესაბამება ქმედებისათვის შესარაცხ ფორმულირებას.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ მსჯელობას, რადგან ასეთი პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც, თანახმად სააპელაციო სასამართლოს მართებული დასკვნისა, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ გ. ბ-იას მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა – განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით: დაზარალებულ თ. ე-ისა და მოწმეების – ს. ე-ის, ა. ს-ის, თ. ა-ისა და სხვათა ჩვენებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, ექსპერტიზების დასკვნებით დადასტურებულია გ. ბ-იას მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა თ. ე-მა და მოწმეებმა – ს. ე-მა და ა. ს-ემ ცალსახად დაადასტურეს გ. ბ-იას მიერ თ. ე-ისათვის ყელის არეში საკანცელარიო დანით დაჭრის ფაქტი. მათ თანმიმდევრულად აღწერეს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები, თ. ე-სა და ა. ს-ეს შორის შემდგარი კომუნიკაცია, როგორ დაესხა თავს გ. ბ-ია თ. ე-ს, როგორ დაუსვა საკანცელარიო დანა, როგორ გაეკიდა მას გაჩერებასთან მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი და საკანცელარიო დანის დავარდნის ფაქტი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერით უტყუარად დასტურდება გ. ბ-იას მიერ თ. ე-ისათვის დანის ყელის არეში ორჯერ გამოსმის ფაქტი, ის გარემოებაც, რომ ა. ს. ნამდვილად გაეკიდა ბრალდებულს. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თ. ე-მა და ა. ს-ემ გამორიცხეს ურთიერთნაცნობობის ფაქტი და განმარტეს, რომ შემთხვევის საღამოს მათ შორის კომუნიკაცია მხოლოდ მიკროავტობუსის ნომერთან დაკავშირებით შედგა. ამასთან, მოწმეების – თ. ე-ის, ს. ე-სა და ა. ს-ის ჩვენებები სრულად შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიურ, ბიოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნებსა და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.
10. უსაფუძვლოა კასატორების – მსჯავრდებულ გ. ბ-იასა და მისი ადვოკატის მითითება იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულს თ. ე-ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელს არაფერი უშლიდა, დანა რამდენჯერმე დაერტყა და სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიეყენებინა.
11. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ის გარემოება, რომ გ. ბ-იას მიერ თ. ე-ისათვის მიყენებული დაზიანება არის მსუბუქი, ვერ გამორიცხავს მის ქმედებაში განზრახ მკვლელობის მიზნის არსებობას, ვინაიდან მნიშვნელოვანია, ერთობლივად შეფასდეს მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ქცევა როგორც უშუალოდ ქმედების ჩადენის მომენტში, ისე დანაშაულის დამთავრების შემდეგ, ასევე ქმედების ჩადენის მოტივი და არა მხოლოდ მიყენებული დაზიანების ხარისხი, არამედ მისი ლოკაცია და ქმედების არაერთგზისობა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ. ე-ს აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა ყელის არეში კანის და ნაწილობრივ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დაზიანებით. საქმეზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით უტყუარად დადგინდა, რომ გ. ბ-ია ხელთ არსებულ საკანცელარიო დანას ორჯერ უსვამს დაზარალებულს ყელის არეში. დანის რამდენჯერმე დასმის ფაქტზე მიუთითეს დაზარალებულმა თ. ე-მა და მისმა დამ – ს. ე-მაც, რაც ცალსახად მიანიშნებს მსჯავრდებულის მისწრაფებაზე, არა უბრალოდ სახის არეში მიეყენებინა ჭრილობა დაზარალებულისათვის, რაც დანის ერთხელ გამოყენებითაც თავისუფლად იქნებოდა შესაძლებელი, არამედ – განზრახ მოესპო მისთვის სიცოცხლე.
12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრებში წარმოდგენილი მოსაზრებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ დარღვეულა.
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
14. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ბ-იასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე