ას-845-1466-03 30 აპრილი, 2004 წ., ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი, თ. კობახიძე
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ს-მა” სარჩელით მიმართა სასამართლოს. სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს “ს-სა” და სს “ბ-ს” შორის 2000წ. 1 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ”. 2001წ. 12 ოქტომბერს ¹248 საგადასახადო დავალების საფუძველზე ბანკის მიერ გადაირიცხა 549312-52 ლარი ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ანგარიშზე. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, საგადასახადო დავალებაში შეცდომით იქნა მითითებული ყოფილი “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს” ანგარიში, რომელიც თავის დროზე იმავე ბანკში იყო გახსნილი.
შეცდომის გამოაშკარავების შემდეგ, მოსარჩელემ რამდენიმეჯერ მიმართა ბანკს თანხის უკან დაბრუნების შესახებ, რასაც შედეგი არ მოჰყოლია, საბოლოოდ საქმე განიხილა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ და 2002წ. 20 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დააკისრა ცენტრისათვის 549312 ლარის დაბრუნება.
უზენაეს სასამართლოს მიერ, აღნიშნულია სარჩელში, დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სს “ბ-ის” 2001წ. 12 ოქტომბრის ¹248 საგადასახადო დავალების საფუძველზე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხა გადაირიცხა არასწორად, შესაბამისად, დარღვეულ იქნა სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლის მოთხოვნები. იმის გამო, რომ ბანკის მიერ თანხების გადარიცხვა ანუ ჩამოწერა მოხდა არასწორად, საწარმომ განიცადა მატერიალური ზიანი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999წ. 2 სექტემბრის ¹220 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების შესახებ” 1-ლი მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ანგარიშის მფლობელს შეუძლია, ბანკს გადაახდევინოს ჯარიმა თანხების არასწორად ჩამოწერისათვის თანხის არანაკლებ 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსაჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს შპს “სის” ანგარიშიდან 2001წ. 12 ოქტომბრის საგადასახადო დავალება ¹248-ით არასწორად ჩამოწერილი თანხის – 549312 ლარის 0,5% ყოველ დაგვიანებულ საბანკო დღეზე 2001წ. 12 ოქტომბრიდან 2003წ. 11 მარტის ჩათვლით, რაც შეადგენს 950309 ლარს, აგრეთვე, ადვოკატის ხარჯები 36719 ლარი და სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი.
მოპასუხე სს “ბ-მა” სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა შემდეგი:
მოპასუხემ ნამდვილად მიიღო და კანონმდებლობის, აგრეთვე, მხარეებს შორის დადებული ოპერაციების წარმოების შესახებ 2000წ. 1 ნოემბრის ხელშეკრულების მოთხოვნათა სრული დაცვით შეასრულა მოსარჩელის 2001წ. 12 ოქტომბრის ¹248 საგადასახადო დავალება 549312-52 ლარის კლიენტის მიერ მითითებულ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ¹000428016 ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ.
მოსარჩელე თვითონ ადასტურებს სასარჩელო განცხადებაში, რომ მის მიერ ბანკში წარდგენილ “საგადასახადო დავალებაში შეცდომით იქნა მითითებული ყოფილი “კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ანგარიში”, რომელიც თავის დროზე იმავე ბანკში იყო გახსნილი.
მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ შეცდომის გამოაშკარავების შემდეგ რამდენჯერმე მიმართა ბანკს თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.
აღნიშნული საგადასახადო დავალების შესრულების შემდეგ, თანხა იმავე დღეს, არსებული წესების დაცვით, მოხვდა ბანკის სხვა კლიენტის ანგარიშზე და მოსარჩელის შემდგომი არც ზეპირი და არც წერილობითი მოთხოვნა (ისიც სამ თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ) ვერ გახდებოდა სხვა კლიენტის ანგარიშზე ოპერაციების განხორციელების საფუძველი. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2002წ. 4 თებერვლისა და შემდგომი წერილები არ წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999წ. 2 სექტემბრის ¹220 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებით” გათვალისწინებულ საანგარიშსწორებო საბუთს, რაც ასევე გამორიცხავდა მოსარჩელის მოთხოვნის შესრულებას.
ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ნამდვილად საგადასახადო დავალებაში მითითებულ ....... ანგარიშზე მოითხოვდა თანხის ჩარიცხვას, დადასტურებულია შპს “ს-ის” გენერალური დირექტორის 2002წ. 18 თებერვლის ¹68/17 წერილით, რომლითაც მან სს “ბ-ის” გენერალურ დირექტორს მიმართა. წერილში აღნიშნლია შემდეგი: “თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენი 2001წ. 12 ოქტომბრის ¹248 საგადასახადო დავალების საფუძველზე ¹000428016 ანგარიშზე უნდა გადარიცხულიყო 549.312-52 ლარი, გთხოვთ, გვაცნობოთ ხსენებული თანხა მოხვდა თუ არა ზემოთ მითითებულ ანგარიშზე”.
საგადასახადო დავალების წარდგენიდან 4 თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ გაგზავნილი ეს წერილი იმის უტყუარი დასტურია, რომ შპს “ს-ის” სურვილი იყო საგადასახადო დავალებაში მითითებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, რაც ბანკმა განახორციელა კიდეც.
მოპასუხე აღნიშნავდა, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილ საბანკო ოპერაციების შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლით მხარეთა პასუხისმგებლობაა განსაზღვრული, ამ ხელშეკრულების 3.3 პუნქტში მითითებულია, რომ “კლიენტი პასუხისმგებელია ანგარიშების გასახსნელად და მასზე ოპერაციების საწარმოებლად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობაზე”, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ შეცდომისათვის (ანუ განზრახვისათვის), რომელიც მოსარჩელემ დაუშვა საგადასახადო დავალების შევსებისას და ბანკში წარდგენისას, პასუხს აგებს თვითონ მოპასუხე და არა ბანკი.
მოპასუხე მიუთითებდა, რომ თანხა მოსარჩელის ანუ შპს “ს-ის” ანგარიშიდან არ ჩამოწერილა, არამედ თანხა ჩაირიცხა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ანგარიშზე და მისი ანგარიშიდან ჩამოიწერა მისივე ვალდებულებების დასაფარავად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო, მას დაეკისროს იურიდიული მომსახურეობის ღირებულება დავის საგნის 4%-ის ანუ 38.012 ლარის ოდენობით სს “ბ-ის” სასარგებლოდ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად.
კოლეგია მიუთითებს:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის 2002წ. 20 დეკემბრის ¹3კ/1028-02 გადაწყვეტილებით შპს “ს-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – სს “ბ-ს” დაეკისრა შპს “ს-ისათვის” 549.312 ლარის დაბრუნება, ამასთან პალატამ ჩათვალა, რომ სარჩელი, თანხის არასწორად გადარიცხვის გამო, ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ამ ნაწილში შპს “ს-ის” მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია “საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ” მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.1.2, 2.1.5 და 2.1.6 მუხლები, რაც მოცემულ სადავო შემთხვევას არ ითვალისწინებს.
2. მოსარჩელე შპს “ს-მა” სასარჩელო განცხადებაში კვლავ მიუთითა, რომ დარღვეულ იქნა სკ 861-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც ბანკის მიერ თანხების შეცდომით გადარიცხვით საწარმომ განიცადა მატერიალური ზიანი. ამ მითითების მიუხედავად, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თუ რა მატერიალური ზიანი განიცადა საწამომ. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ზიანის გაანგარიშება, ე.ი ზიანის არსებობის ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა და, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საკითხი ფაქტობრივად არც დაუყენებია;
3. მოსარჩელე შპს “ს-მა” ზიანის ანაზღაურების ნაცვლად კანონქვემდებარე აქტის “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების” 1-ლი მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ჯარიმა (950.309 ლარი) თანხების არასწორად ჩამოწერისათვის თანხის არანაკლებ 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეს მაშინ, როცა კანონი (საქართველოს სკ 861-ე მუხლი) მსგავსი შემთხვევისათვის ჯარიმის გადახდევინებას არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ შემთხვევაში კანონს (სკ 861-ე მუხლი) აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონქვემდებარე აქტის (საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესები) მიმართ.
საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების პირველი მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნულია, რომ ანგარიშის მფლობელს ანგარიშიდან სახსრების არასწორად ჩამოწერის დროს შეუძლია, ბანკს გადაახდევინოს ჯარიმა დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღისათვის, როგორც მოპასუხე მიუთითებს თანხა მოსარჩელის ანგარიშიდან არ ჩამოწერილა, თანხა ჩაირიცხა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ანგარიშზე და მისი ანგარიშიდან ჩამოიწერა მისივე ვალდებულებების დასაფარავად. სწორედ ამიტომ, კოლეგიას მიაჩნია, რომ უნაღდო ანგარიშსწორების წესების პირველი მუხლის მე-14 პუნქტი სადავო ურთიერთობას არ აწესრიგებს;
4. მოპასუხემ მოსარჩელე შს “ს-ის” 2001წ. 12 ოქტომბრის ¹248 საგადასახადო დავალება 549312-52 ლარის კლიენტის მიერ მითითებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ¹000428016 ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ შეასრულა კანონისა და მხარეთა შორის დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ 2000წ. 1 ნოემბრის ხელშეკრულების მოთხოვნათა სრული დაცვით. მოსარჩელე საგადასახადო დავალებაში მითითებულ ანგარიშზე ითხოვდა თანხის ჩარიცხვას, რაც დადასტურებულია შპს “ს-ის” გენერალური დირექტორის 202წ. 18 თებერვლის ¹68/17 წერილით, სადაც იგი ითხოვს ინფორმაციას, 2001წ. 12 ოქტომბრის ¹248-ე საგადასახადო დავალების საფუძველზე ....... ანგარიშზე ჩაირიცხა თუ არა 549.312-52 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში თვითონვე აღიარა, რომ მის მიერ ბანში წარდგენილ საგადასახადო დავალებაში შეცდომით იყო მითითებული ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ანგარიში. მხარეთა შორის დადებული საბანკო ოპერაციების შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით კი მოსაჩელე პასუხისმგებელი იყო ანგარიშების გასახსნელად და მასზე ოპერაციების საწარმოებლად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყარობაზე. ასეთ პირობებში ბანკის ბრალი თანხის შეცდომით გადარიცხვაში და აქედან გამომდინარე, მისი მატერიალური პასუხისმგებლობა არ ემყარება კანონის მოთხოვნებს;
საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ შეცდომით გადარიცხული თანხის დაბრუნება მოსარჩელემ მოითხოვა არა დაუყოვნებლივ, არამედ ოთხი თვის შემდეგ- 2002წ. 4 თებერვალს (თანდართული საქმე ს.ფ. 8,13,15);
5. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა იქნას ბათილად ცნობილი საფოსტო ბანკსა და საქალაქთაშორისო სატელეფონო ცენტრს შორის კრედიტის დაფარვის უზრუნველსაყოფად 2001წ. 1 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება “საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ”, რის გამოც, კოლეგიის აზრით, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილშიც უარყოფილ უნდა იქნას (ს.ფ. 5-8, 77,78);
6. მოპასუხე “ბ-სა” და მის წარმომადგენელს შორის 2003წ. 2 აპრილს დადებულია დავალების ხელშეკრულება, რომლის 5.1 პუნქტი ითვალისწინებს იურიდიული მომსახურებისათვის სარჩელის ფასის 4%-ის გადახდას. მოპასუხის გაანგარიშებით “ბ-ის” სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ღირებულება შეადგენს 38,012 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. კოლეგიას მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლის იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობა იქნება არა 38,012 ლარი, არამედ 5000 ლარი, რაც უნდა დაეკისროს “ს-ს” “ბ-ის” სასარგებლოდ.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. კასატორი მიუთითებს, რომ მოპასუხემ განზრახ გადარიცხა თანხა შეცდომით მითითებელ ანგარიშზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების წესების პირველი მუხლის მე-14 პუნქტი არის მოთხოვნის საფუძველი და არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლს. მფლობელის ანგარიშიდან სახსრების არასწორად ჩამოწერის დროს მას შეუძლია, ბანკს გადაახდევინოს ჯარიმა დაგვიანებული თანხის არანაკლებ 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე.
კასატორი მოითხოვს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999წ. 2 სექტემბრის ¹220 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების შესახებ” 1-ლი მუხლის მე-14 პუნქტისა, ანგარიშის მფლობელს შეუძლია, ბანკს გადაახდევინოს ჯარიმა სახსრების არასწორად ჩამოწერისათვის თანხის არანაკლებ 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას, რომ, ვინაიდან თანხა მოსარჩელის ანგარიშიდან არ ჩამოწერილა და თანხა ჩაირიცხა საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ანგარიშზე, უნაღდო ანგარიშსწორების წესების პირველი მუხლის მე-14 პუნქტი სადავო ურთიერთობას არ აწესრიგებს. მოცემული ნორმა აწესრიგებს ურთიერთობას, როდესაც ბანკის მიერ ანგარიშის მფლობელის ნებართვის გარეშე ხდება სახსრების ანგარიშიდან არასწორად ჩამოწერა. დადგენილია, რომ მოპასუხემ შეასრულა მოსარჩელე შს “ს-ის” 2001წ. 12 ოქტომბრის ¹248 საგადასახადო დავალება 549312-52 ლარის კლიენტის მიერ მითითებულ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ¹000428016 ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ. მოსარჩელე საგადასახადო დავალებაში მითითებულ ანგარიშზე ითხოვდა თანხის ჩარიცხვას, რაც დადასტურებულია შპს “ს-ის” გენერალური დირექტორის 2002წ. 18 თებერვლის ¹68/17 წერილით, სადაც იგი ითხოვს ინფორმაციას 2001წ. 12 ოქტომბრის ¹248-ე საგადასახადო დავალების საფუძველზე ....... ანგარიშზე ჩაირიცხა თუ არა 549.312-52 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში თვითონვე აღიარა, რომ მის მიერ ბანკში წარდგენილ საგადასახადო დავალებაში შეცდომით იყო მითითებული ყოფილი კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ანგარიში. მხარეთა შორის დადებული საბანკო ოპერაციების შესახებ ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით კი მოსაჩელე პასუხისმგებელი იყო ანგარიშების გასახსნელად და მასზე ოპერაციების საწარმოებლად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყარობაზე. ასეთ პირობებში ბანკის ბრალი თანხის შეცდომით გადარიცხვაში და აქედან გამომდინარე, მისი მატერიალური პასუხისმგებლობა არ ემყარება კანონის მოთხოვნებს.
კოლეგიის მიერ დადგენილია ისიც, რომ შეცდომით გადარიცხული თანხის დაბრუნება მოსარჩელემ მოითხოვა არა დაუყოვნებლივ, არამედ ოთხი თვის შემდეგ - 2002წ. 4 თებერვალს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მთავარ სხდომაზე ბ-ის შეგებებული სარჩელის ნაწილში საქმის წარმოება შეწყვიტა სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ვ” პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული განჩინება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელის აღიარებითი სარჩელი ბ-სა და ს-ს შორის “საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ”კრედიტის დაფარვის უზრუნველსაყოფად 2001წ. 1 ნოემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი სარჩელი წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, შესაბამისად, სარჩელის განხილვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იურიდიული ინტერესის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. სათანადო იურიდიული ინტერესის არსებობის შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს, აღძრას სარჩელი შესაბამისი მოთხოვნით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ს-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბლისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.