Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე N439აპ-21 ქ. თბილისი

გ. ნ, 439აპ-21 1 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ნ. გ. –, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ნ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამავე განაჩენით მ. ლ., –– დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მ. ლ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად; ამასთან, მსჯავრდებულ ნ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 25 იანვრიდან.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-მა ჩაიდინა: თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება და ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ყალბი პირადობის მოწმობისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდება. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2004 წლის თებერვლის ბოლოს ერთმანეთს დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ნ. გ., ნ. ლ, მ. ლ. და შ. გ., რომლებმაც განიზრახეს მოქალაქეთა დიდი ოდენობით ქონების თაღლითური გზით მითვისება და წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ნ. ლ. სხვადასხვა მოქალაქისაგან აიღებდა პროცენტიან სესხს და მათ სასარგებლოდ ნოტარიული წესით იპოთეკით დატვირთავდა თავისი მეუღლის – ი. გ-ის კუთვნილ ბინას, მდებარე ქ.თ., შ-ას ქუჩა N..., ბინა N.. ვინაიდან აღნიშნული ბინა წარმოადგენდა ი. გ-ის საკუთრებას და მას არ უნდა სცოდნოდა ამ ფაქტის შესახებ, თავიანთი განზრახვის არაკანონიერი გზით განხორციელების მიზნით, მათ მოილაპარაკეს, რომ დაამზადებდნენ ყალბ პირადობის მოწმობას ნ. ლ-ის მეუღლის – ი. გ-ის სახელზე, სადაც ჩააკრავდნენ ნ. გ.ს ფოტოსურათს, რომელიც ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენებით ნოტარიუსთან გააფორმებდა მინდობილობას ნ. ლ-ის ზემოაღნიშნული ბინის განკარგვის უფლების გადაცემაზე, რითაც დანაშაულებრივ ჯგუფს მიეცემოდა დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითური გზით მითვისების საშუალება.

· აღნიშნულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა 2004 წლის თებერვალში მოიპოვა ი. გ-ის კუთვნილ ბინაზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო ყველა დოკუმენტი. 2004 წლის 11 მარტს ქ. თ-ში, შ. დ-ის ქუჩა N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს ნ. მ-თან ი. გ-ის სახელით გამოცხადდა ნ. გ., რომელმაც ნოტარიუსს წარუდგინა ყალბი პირადობის მოწმობა N........, პირადი N ........... ი. გ-ის სახელზე, სადაც ჩაკრული იყო თავისი ფოტოსურათი და შეადგენინა მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, ი. გ-ე ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე თავის კუთვნილ ბინას მართვისა და განკარგვის უფლებით ანდობდა მოქალაქე ნ. ლ-ს. ნ. ლ-მა კი 2004 წლის 12 მარტს, ნოტარიუს ნ. მ-ან ზემოაღნიშნული ყალბი მინდობილობის წარდგენის საფუძველზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა მოქალაქებთან – რ. ბ-თან, ა. ჭ.თან, მ. ქ-სა და მ. ლ., ხოლო მათი სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი. გ-ის კუთვნილი ბინა. სესხის სახით აღებული თანხა – სულ 18 600 აშშ დოლარი – თაღლითური გზით მიითვისეს ნ. გ-მა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ზემოჩამოთვლილმა პირებმა.

· 2004 წლის 15 მარტს, გააგრძელეს რა თავიანთი დანაშაულებრივი საქმიანობა, ნ. გ. და მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებული პირები წინასწარ შეთანხმდნენ, რომ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით კვლავ გაეფორმებინათ სხვადასხვა გამსესხებელ პირთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხოლო მათ სასარგებლოდ იპოთეკით დაეტვირთათ ი. გ-ის კუთვნილი ბინა, მათგან სესხის სახით აღებული დიდი ოდენობით თანხა კი თაღლითური გზით მიეთვისებინათ.

· 2004 წლის 16 მარტს ქ. თ-ი, დ. ა-ის გამზირი N...-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, ნოტარიუს მ. კ-თან ი. გ-ის სახელით გამოცხადდა ნ. გ., რომელმაც შ. გ-თან ერთად ნოტარიუსს წარუდგინა ზემოაღნიშნული ყალბი პირადობის მოწმობა ი. გ-ის სახელზე Nბ ........, პირადი N ..........., საჯარო რეესტრის ყალბი ამონაწერი N..../....., იმავე ნომრითა და თარიღით, რაც წარდგენილი იყო 12 მარტს ნოტარიუს ნ. მ-თან და რომელშიც არ იყო მითითებული აღნიშნული ბინის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე, ასევე ი. გ-ის კუთვნილი ბინის სხვა დოკუმენტები.

· ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე ნ. გ-მა ი. გ-ის სახელით სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა თ. შ-სა და მ. კ-თან, რაც დაადასტურა ი. გ-ის სახელით ხელმოწერით, ხოლო მათგან სესხის სახით აღებული თანხა, სულ – 14 980 აშშ დოლარი, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად თაღლითური გზით მიითვისა.

· გააგრძელა რა თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა, 2004 წლის 24 მარტს ნ. გ-მა ქ. თ-ში, ნოტარიუს ე. ჩ-თან ი. გ-ის სახელზე არსებული ყალბი პირადობის მოწმობის №ბ ........, პირადი №..........., საჯარო რეესტრის №...../.... ყალბი ამონაწერის, იმავე ნომრითა და თარიღით, რაც წარდგენილი იყო 12 მარტს ნოტარიუს ნინო მასხულიასთან და რომელშიც არ იყო მითითებული აღნიშნული ბინის იპოთეკით დატვირთვის თაობაზე, ასევე ი. გ-ის კუთვნილი ბინის სხვა დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა თ. მ-თან, რაც დაადასტურა ი. გ-ის სახელით ხელმოწერით, ხოლო მისგან სესხის სახით აღებული 5550 აშშ დოლარი მასთან დანაშაულებრივად დაკავშირებულ პირებთან ერთად თაღლითური გზით მიითვისა.

· 2002 წლის 11 დეკემბერს ფიზიკურმა პირმა ნ. გ-მა ყ. რ-ის საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრაციაში გაატარა ინდივიდუალური საწარმო „ნ. გ.,“ რომელიც იმავე დღეს აიყვანეს აღრიცხვაზე გადასახადის გადამხდელად და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი N......... 2002 წლის 12 დეკემბერს ი/მ „ნ. გ.“ იმავე საგადასახადო ინსპექციაში ნებაყოფლობით დარეგისტრირდა დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად და მასზე გაიცა დღგ-ს გადამხდელის მოწმობა N..... აღნიშნული ი/საწარმო დაფუძნდა იურდიულ მისამართზე – მ-ის რ., ს. დ., ს-ის ქუჩა N. და მისი საქმიანობის ძირითად სახედ განისაზღვრა ნავთობპროდუქტების შემოტანა და რეალიზაცია. 2002 წლის 12 დეკემბერს მარეგისტრირებელმა საგადასახადო ინსპექციამ ი/მ „ნ. გ-ზე“, მისი განცხადების საფუძველზე, გასცა 10 საგადასახადო ანგარიშფაქტურა – სერია .. - .. N......-დან N......-ის ჩათვლით და 10 სასაქონლო ზედდებული – სერია ..-.. N.......-დან N.......-ის ჩათვლით.

· ი/მ „ნ. გ-მა“ 2002 წლის დეკემბერში განიზრახა, რომ თავი აერიდებინა სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის, დაიწყო სხვადასხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის გაურკვეველი წარმომავლობის საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა ქვეყნის შიდა ბაზარზე, რის თაობაზეც იგი ადგენდა მარეგისტრირებელ ფაქტურებს ისე, რომ არ განუხორციელებია როგორც მათი შესყიდვა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, ისე – მათი შეტანა იმპორტის რეჟიმში, ასევე არ უსარგებლია არანაირი საოფისე, სასაწყობე თუ მიწის ფართობით.

· ი/მ „ნ. გ-ს“, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, წარმოადგენდა დამატებითი ღირებულების გადასახადის, ეკონომიკური საქმიანობის, საშემოსავლო და სოციალური დაზღვევის გადასახადების გადამხდელს, რეგისტრაციის დღიდან არ შეუდგენია სათანადო ანგარიშები, არ განუხორციელებია მათი ასახვა სახელმწიფოსათვის სავალდებულოდ წარსადგენ დეკლარაციებში და არ გადაუხდია ზემოაღნიშნული გადასახადები შესაბამის ბიუჯეტში. აღნიშნული განზრახი ქმედებებით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადაუხდელობით კი ი/მეწარმემ თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობას.

· 2002 წლის 12 დეკემბრიდან 2014 წლის 1 მაისამდე საქმიანობის პერიოდში, ი/მ „ნ. გ-მა“ კუთვნილი 9 ცალი საგადასახადო ანგარიშფაქტურით 686.613,5 ლარის საერთო ღირებულების დღგ-თი დასაბეგრი ოპერაციები განახორციელა შემდეგ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან: 2002 წლის დეკემბერში საგადასახადო ა/ფ, სერია ..-.. N......-ით – შპს „მ.-..-თან“; 2003 წლის იანვარში საგადასახადო ა/ფ, სერია ..-.. N.......-ით – ი/ს „მ. მ-თან“; საგადასახადო ა/ფ, სერია ..-.. N......-ით – შპს ,,კ-თან’“; 2003 წლის თებერვალში საგადასახადო ა/ფ, სერია ..-.. N......-ით – შპს ,,ვ-თან“; საგადასახადო ა/ფ, სერია ..-.. N......-ით – შპს „ვ-თან,” საგადასახადო ა/ფ, ..-.. N......-ით – შპს „შ-თან“; 2003 წლის ივნისში საგადასახადო ა/ფ, სერია ..-.. N......-ით – ი/ს ,,ე. ჩ-თან“; საგადასახადო ა/ფ, სერია ..-.. N......-ით – ი/ს ,,ზ. კ-თან”; საგადასახადო ა/ფ, სერია ..-.. N.......ით – ი/ს „ა. ჯ-თან”, საიდანაც კუთვნილი დღგ-ს საგადასახადო ოდენობამ შეადგინა 157,322,7 ლარი, რაც ი/მ „ნ. გ-მა“ სახელმწიფოსათვის სავალდებულოდ წარსადგენ დეკლარაციებში არ ასახა და, შესაბამისად, არ გადაიხადა. ამავე პერიოდში, თავის მხრივ განხორციელებულ შესყიდვებსა და მიღებულ მომსახურებაზე, ი/მ „ნ. გ-ს“ ასევე არ წარუდგენია საგადასახადო ანგარიშფაქტურები და არ გადაუხდია შესაბამისი თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტში კუთვნილი დღგ-ს გადასახადის – 137 322,7 ლარის გადახდას.

· 2002 წლის 12 დეკემბრიდან 2004 წლის 1 მაისამდე საქმიანობის პერიოდში ი/მ „ნ. გ.ს“ მიერ კუთვნილი 9 ცალი საგადასახადო ფაქტურით განხორციელებულმა რეალიზაციის საერთო მოცულობამ შეადგინა 686 613,5 ლარი, ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის სახით მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელი თანხა განისაზღვრა 6866 ლარით, რომლის გადახდასაც ი/მეწარმემ ასევე აარიდა თავი. 2002 წლის 12 დეკემბრიდან 2004 წლის 1 მაისამდე საქმიანობის პერიოდში ი/მ „ნ. გ.ს“ 2 ანგარიშფაქტურით განხორციელებულმა რეალიზაციის საერთო მოცულობამ შეადგინა 686,613,5 ლარი, მის მიერ მიღებული საერთო შემოსავლის გათვალისწინებით, სოციალური დაზღვევის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ შეადგინა 153,622 ლარი, რაც ი/მეწარმემ არ გადაიხადა.

· 2002 წლის 12 დეკემბრიდან 2004 წლის 1 მაისამდე საქმიანობის პერიოდში ი/მ „ნ. გ.ს“ მიერ კუთვნილი 9 ანგარიშფაქტურით განხორციელებულმა რეალიზაციის საერთო მოცულობამ შეადგინა 686,613,5 ლარი, ხოლო, მის მიერ მიღებული საერთო შემოსავლის გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელმა თანხამ შეადგინა 105,156 ლარი, რომლის გადახდასაც ი/მ „ნ. გ-მა“ ასევე აარიდა თავი.

· ამდენად, 2002 წლის 12 დეკემბრიდან 2004 წლის 1 მაისამდე საქმიანობის პერიოდში ი/მ „ნ. გ-მა„ ზემოაღნიშნული ქმედებებით თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტში 402,966,7 ლარის გადახდას, რაც წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. გ-მა და მისმა ადვოკატმა ლ. ს-ამ. მათ ითხოვეს ნ. გ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი, როგორც უკანონო პატიმრის, დაუყოვნებლივ გათავისუფლება იმ მოტივით, რომ განაჩენში მსჯავრდებულის დაბადების თარიღად მითითებულია .... წლის . ოქტომბერი, ნ. გ. კი დაბადებულია .... წლის .. ივლისს, შესაბამისად, ის არ არის პირი, რომელმაც ჩაიდინა მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულები.

3. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს:

ა) საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

5. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ სასამართლომ საფუძვლიანად დაასაბუთა ნ. გ.ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

5.1. მოწმე ი. გ-ის ჩვენებით, მეუღლემ – ნ. ლ-მა უთხრა, რომ ნ. გ-სა და მ. ლ-თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, გააყალბეს მისი პირადობის მოწმობა, ჩააკრეს ნ. გ.ს სურათი და მისი მეშვეობით გადაიფორმა მისი კუთვნილი ბინა, რომელიც შემდეგ სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთა იპოთეკით.

5.2. მოწმე ნ. ლ-მა აღიარა მ. ლ-სა და ნ. გ-თან ერთად თაღლითობა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

5.3. გარდა ზემოაღნიშნული ჩვენებებისა, ნ. გ.ს ბრალეულობა დასტურდება მოწმეებისა და დაზარალებულების გამოკითხვის ოქმებითა და ჩვენებებით, ამოღებული სანოტარო აქტებითა და მასალებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედგენილი, 2004 წლის 17 მაისის შემოწმების აქტით, ამოღებული დოკუმენტაციით, ანგარიშფაქტურებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 15 სექტემბრის განაჩენითა და სხვა მტკიცებულებებით.

6. რაც შეეხება საჩივრის ძირითად არგუმენტს ნ. გ.ს დაბადების თარიღთან დაკავშირებით, საქმის მასალებში, კერძოდ, ტ. 5, ს.ფ. 201-202, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2020 წლის 19 ოქტომბრის განჩინება განაჩენში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე (რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენის განუყოფელი ნაწილია), რომლითაც აღმოიფხვრა უზუსტობა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენში და ნ. გ.ს დაბადების თარიღად, ნაცვლად „.... წლის . ოქტომბრისა“, მიეთითა „.... წლის .. ივლისი“, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ნ. გ.ს დაბადების თარიღად კვლავ „.... წლის . ოქტომბრის“ მითითება საკასაციო პალატას მიაჩნია ტექნიკურ ხარვეზად.

7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის ყველა მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება ნ. გ.ს ბრალეულობის შესახებ, რომლის შეცვლის კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს.

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. გ- და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ს-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე