Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №470აპ-21 ქ. თბილისი

გ. ვ, 470აპ-21 12 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენით ვ. გ-ა, –

2. ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე სასჯელი და ვ. გ-ას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 20 აგვისტოდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განაჩენით შეიცვალა: ვ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ვ. გ-ას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 20 აგვისტოდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ვ. გ-ამ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 20 აგვისტომდე პერიოდში ქ. ზ-ში ვ. გ-ა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი შვილების – ს. და ს. გ-ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა ყოფილ მეუღლეს – თ. კ-ს, რის შედეგადაც მან განიცადა ტანჯვა.

· 2020 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ. ზ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ კ-ში მყოფ თ. კ-ს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა შვილი – ს. გ. და უთხრა, რომ ვ. გ-ა მიდიოდა მასთან, თან ჰქონდა დანა და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც თ. კ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. მსჯავრდებული ვ. გ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის განაჩენის გაუქმებას იმ მოტივით, რომ დაირღვა მისი დაცვის უფლება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მის დაუსწრებლად ისე განიხილა პროკურორის სააპელაციო საჩივარი, რომ მას არც საჩივრის ასლი ჩაჰბარებია და არც შესაგებლის წარდგენის საშუალება მისცემია.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მხარე მიუთითებს, რომ დაერღვა დაცვის უფლება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ პროკურორის საჩივარი განიხილა მის დაუსწრებლად. საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, რომელთა ჩადენისათვისაც მსჯავრდებულია ვ. გ-ა, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე კანონის დაცვით განიხილა.

8. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჩაჰბარდა პროკურორის სააპელაციო საჩივარი და არ მიეცა შესაგებლის წარდგენის საშუალება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში მოიპოვება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მომართვა თანდართული ხელწერილით, რომელშიც მითითებულია, რომ მსჯავრდებულ ვ. გ-ას ჩაჰბარდა პროკურორ ანა არონიას საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენზე, თუმცა მსჯავრდებულმა ხელის მოწერაზე განაცხადა უარი. ამდენად, მსჯავრდებულ ვ. გ-ასათვის ცნობილი იყო, რომ პროკურორმა გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი და, სურვილის შემთხვევაში, შეეძლო, წარედგინა შესაგებელი, რაც მას არ გაუკეთებია. შესაბამისად, კასატორის მოთხოვნა ამ მოტივით განაჩენის გაუქმების შესახებ უსაფუძვლოა.

9. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა და გამოიტანა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე