Facebook Twitter

ას-84-791-03 28 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება, ცნობების უარყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

კ., გ. და მ. რ-ებმა სარჩელი აღძრეს ე. ხ-ისა და ა. ა-ის წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეების მიერ გავრცელებული სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 15000 – 15000 ლარის ოდენობით.

სარჩელის საფუძვლად მიუთითეს შემდეგი გარემოებანი: 2000წ. 9 ოქტომბერს 1930 საათზე, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის პროგრამაში « ....... « მონაწილეობდნენ ქ. ......... გამგებელი ა. ა-ი და საკრებულოს თავმჯდომარე ე. ხ-ი. ამ გამოსვლისას ა. ა-მა მიმართა ხელისუფლებას, ხალხს და აღნიშნა, რომ «თუ მას ....... რაიონში არ ეყოლებოდა არასასურველი ხალხი რ-ების სახით, იგი ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობას უკეთ წარმართავდა». ე. ხ-მა ინტერვიუში რ-ების ოჯახის მიმართ გამოთქვა შეურაცხმყოფელი ფრაზები. მან პროკურორს უწოდა კორუმპირებული ელემენტი, ასევე უპატივცემულოდ მოიხსენია მისი ძმა და მამა. ხ-მა განაცხადა, რომ რაიონის პროკურორი უნდა მოიხსნას, რადგან იგი ხელს უწყობს ხულიგნებს, ნარკომანებსა და სხვა დამნაშავე ელემენტებს, ის და მისი ოჯახის გარემომცველი წრე ხულიგნები, ნარკომანები და მკვლელებიც კი არიან.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა _ ე. ხ-ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაეკისრა 15000 ლარი, ხოლო ა. ა-ს – 5000 ლარის გადახდა. მოპასუხეებს დაევალათ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემით, იმავე დროს 1930 საათზე პროგრამაში « ..... « გამოსვლით უარყონ და გააბათილონ მათ მიერ კ., გ. და მ. რ-ების პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. აპელანტებმა მიუთითეს, რომ მათ ინტერვიუში გამოთქვეს მოსაზრება, როგორც რაიონის ხელმძღვანელმა პირებმა, თანამდებობის პირის რაიონის პროკურორის მიმართ, რასაც სასამართლომ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ, ასევე არ შეაფასა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ე. ხ-ს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გადაცემაში « ....... « გამოსვლით უარყოს მის მიერ ამავე პროგრამაში გავრცელებული კ., გ. და მ. რ-ების პატივის, ღირსებისა და რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია. ე. ხ-ს მოპასუხეთა სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარი – მორალური ზიანის ანაზღაურება. სარჩელს დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა. ა. ა-ი გათავისუფლდა პასუხისმგებლობისაგან.

სასამართლომ დაადგინა შემდეგი გარემოებანი: ე. ხ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის პირადი ღირსების შემლახველი, კერძოდ, სატელევიზიო ეთერში « ....... « გამოსვლით მათ უწოდეს ხულიგნები, ნარკომანები და მკვლელებიც კი.

სასამართლომ მიუთითა სკ-ს მე-18 მუხლის მე-2, მე-3, მე-6 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ, რადგან დარღვევა გამოწვეულია ბრალეული ქმედებით, მოსარჩელეებს აქვთ ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. ამ გარემოებასთან ერთად ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ბრალის ხარისხი, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური ფონი. ფულადი კომპენსაცია უნდა განხორციელდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. პალატამ მიიჩნია, რომ გავრცელებული ცნობებით მიყენებული ზიანისათვის გონივრული ფულადი კომპენსაცია იქნება 1000 ლარი, რაც უნდა დაეკისროს ე. ხ-ს, ხოლო რაც შეეხება ა. ა-ს, იგი უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო, რადგან გამონათქვამში _ «მას ხელს უშლიან არასასურველი პირები, რომელთა დასახელება მისთვის სამარცხვინოა», რაშიც გულისხმობდა მოსარჩელეთა ოჯახს, არ შეიცავს პატივის, ღირსებასა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ ან პირადი ცხოვრების საიდუმლობების ცნობებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს ორივე მხარემ. კასატორ ე. ხ-ს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, რის გამოც არსებობს მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. სასამართლომ საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობა, არ გამოიკვლია და არ მისცა მათ სათანადო შეფასება.

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ 1000 ლარი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად არ არის გონივრული, სასამართლოს არ უნდა გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სწორად განისაზღვრა ზიანის ანაზღაურების ოდენობა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული კანონდარღვევა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სასამართლომ უგულვებელყო ამავე კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესი, კერძოდ, სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლომ უარყო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი. ამასთან, სასამართლომ საკმარისად არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებიც სკ-ს მე-18 მუხლის გამოყენების (კვალიფიკაციის) საფუძვლიანობას დაასაბუთებდა. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების გამავრცელებელი (მოპასუხე) ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. პალატა მიუთითებს, გასაჩივრებულ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არაფერია ნათქვამი მოპასუხე რა მტკიცებულებების წარდგენით და რა გარემოებებზე მითითებით იცავდა თავს სარჩელისაგან, რა მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გავრცელებული ცნობები დიფამიციური ხასიათისაა. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

პალატა თვლის, რომ მითითებული კანონდარღვევის გამო მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ხელახლა განსახილველად დაბრუნდეს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმეზე წარდგენილი საბუთები, მხარეთა მიერ მითითებული გარემოებები.

ამასთან, ვინაიდან მხარეები იმ პერიოდში, როცა გადაცემა ეთერში გავიდა, წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს (ერთ-ერთი მოსარჩელე – პროკურორი იყო, მოპასუხე – რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე) და გადაცემა შეეხებოდა რაიონში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, პალატას მიაჩნია, რომ დასადგენია გამოთქმული მოსაზრებანი განეკუთვნებიან თუ არა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობების გავრცელებას და ხომ არ თავსდება ის დასაშვები კრიტიკის ფარგლებში.

პალატა არ იზიარებს შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლოს 15000 ლარი უნდა დაეკისრებინა. სკ-ს 413-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების წესს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაში მიიღება ბრალის ხარისხი, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, სოციალური ფონი და სხვა გარემოებანი.

ამ გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს მიერ მორალური ზიანისათვის განსაზღვრული ოდენობა – 15000 ლარი _ სწორად მიიჩნია არაგონივრულად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე მუხლები და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და იგი ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამისი პალატის სხვა შემადგენლობას.

გ. და მ. რ-ების შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.