Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№537აპ-21 ქ. თბილისი

გ. გ, 537აპ-21 24 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენით გ. გ-ის, –ნასამართლობის არმქონის, – ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე; გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის თანახმად.

2. ამავე განაჩენით დ. ჟ., –და თ. ჩ. – ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: დ. ჟ-ს – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; თ. ჩ-ეს – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 8 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, თ. ჩ-ეს დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით განესაზღვრა 6 წლით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ. ჩ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეულ, რომ გ. გ-ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· გ. გ-ემ და თ. ჩ-ემ შეადგინეს მიწის ნაკვეთის ყალბი აზომვითი ნახაზი, რომელზეც მ-ში მდებარე 600 მ2 მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი – .............) ასახეს რეალურად არარსებული შენობა-ნაგებობა. 2010 წლის 20 დეკემბერს თ-ში, დ. ა-ის გამზ. №../..-ში მდებარე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, გ. გ-ესა და თ. ჩ-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე ფაქტობრივად არარსებული შენობა-ნაგებობა გ. გ-ემ 20000 აშშ დოლარად გააასხვისა თ. ჩ-ეზე. თ. ჩ-ემ აზომვითი ნახაზი სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ყალბი მონაცემების საფუძველზე დაირეგისტრირა უძრავი ქონება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ნოემბრის განაჩენი გ. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ანა ლეკიაშვილი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. გ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.

6. გ. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ა. შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რადგან ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, თუ რა მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია გ. გ-ის მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებამ და კონკრეტულად, ვის მიადგა ეს ზიანი (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №527აპ-18).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ანა ლეკიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე