საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№607აპ-21 ქ. თბილისი
დ. ს., 607აპ-21 30 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ს. დ., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ს. დ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა განჩინების საფუძველზე ამოღებული ქალისა და მამაკაცის აქსესუარები, საიუველირო ნაკეთობები და ძვირფასი ქვები. „Bvalgari-ს“ ფირმის ქალის ტყავის ხელჩანთა, „dupont-ის“ ფირმის სანთებელა, „patek phillippe-ს“ ფირმის საათი და ჩამოთვლილი ნივთები გადაეცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განაჩენით შეიცვალა: ს. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ს. დ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა №- ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ნივთები – საიუველირო ნაკეთობები და ძვირფასი ქვები.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. დ-მა ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 17:40 საათზე, ს. დ-მა საბაჟო გამშვები პუნქტის – „ბ-ს ა-ის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები – 122 293.53 ლარის საბაჟო ღირებულების საიუველირო ნაკეთობები და ძვირფასი ქვები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-მ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განაჩენის გაუქმება და ს. დ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ასევე – საქმის განხილვა მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატის აზრით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ადვოკატი. სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ს. დ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. ს. დ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში დადასტურებულია საქმეზე შეკრებილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების ნ. გ-ის, ი. დ-ის, ლ. ყ-ის, თ. ფ-ის, გ. ბ-ის და სხვათა ჩვენებებით, 2018 წლის 26 აგვისტოს მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების №- ოქმით, ამოღების ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, კომპლექსური გემოლოგიური და საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის 2019 წლის 30 მაისის N- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.
8. გარდა ამისა, განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (სუსგ №337აპ-18).
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECtHR; 20.03.2009).
10. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე