Facebook Twitter

ას-850-1477-03 30 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: სს “ე.-ის” მიერ მიღებული აქტის გაუქმება და უკანონოდ დარიცხული თანხის გადახდისაგან გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

სს “თ.-ს” დირექტორმა სარჩელით მიმართა სასამართლოს სს “ე.-ის” წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ 2000წ. 20 ნოემბერს მოლაპარაკების თანახმად სს “ე.-მ” მოსარჩელე მხარეს, როგორც ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებელს, დაუმონტაჟა ელექტრო მრიცხველი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე გადაიხდიდა მასზე დარიცხულ ელექტროენერგიის საფასურს.

ელექტრო მრიცხველის დაყენების შემდეგ თელასის თანამშრომლებმა გამოუცხადეს, რომ მათთვის დადგმულია დენის ტრანსპორმატორი, რომლის კოეფიციენტია კ-80. აღნიშნული კოეფიციენტის მიხედვით 2002წ. 8 მაისამდე ერიცხებოდა შესაბამისი გადასახადი ელექტროენერგიის მოხმარებისათვის, რომელსაც მოსარჩელე მხარე კეთილსინდისიერად იხდიდა.

მიმდინარეწ. 8 მაისს მრიცხველის ჩვენების კომისიური შემოწმების დროს თელასის თანამშრომლებმა გამოუცხადეს, რომ მათ მიერ დაშვებული იყო შეცდომა. ტრანსფორმატორის დაყენების დროს ნაცვლად კ-80-ისა, დამონტაჟებული იყო კ-120 და მათ უნდა გადაეხადათ მომატებული ელექტროენერგიის გადასახადი. აქედან გამომდინარე თელასმა მოსარჩელე მხარეს დაარიცხა 14785,75 ლარის გადახდა.

მოსარჩელის განმარტებით, მათთვის ცნობილი რომ ყოფილიყო ამ უსწორობის შესახებ, ისინი გაზრდიდნენ წარმოებული პროდუქციის ფასს, რათა საწარმოს არ ეზარალა.

მოსარჩელემ მოითხოვა “ე.-ის” აღნიშნული აქტის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ კომპანიის არაკომპეტენტურობის გამო არ იყო ვალდებული გადაეხადა 14785,75 ლარი.

სს “ე.-ის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ელექტროენერგია მიეწოდებოდა ტრანსფორმატორით, რომლის კოეფიციენტი იყო კა-120, ხოლო სამარშრუტო ფურცლის მონაცემებით ტრანსფორმატორის კოეფიციენტი იყო კა-80, რის გამოც მოსარჩელის მიერ ხდებოდა აღურიცხავი ენერგიის მოხმარება. მოპასუხე მიიჩნევდა, რომ დარიცხვა მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სამარშრუტო ფურცელში აღნიშნული კა-80 ტრანსფორმატორის ნაცვლად ობიექტზე დამონტაჟებული იყო კა-120. შემოწმების აქტის საფუძველზე მოსარჩელეს დაერიცხა ტრანსფორმატორის რეალურ და სამარშრუტო ფურცელში მითითებული კოეფიციენტებს შორის სხვაობის გამო აღურიცხავი ელ. ენერგიის ღირებულების გადახდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დარღვევა არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალით, რის გამოც სემეკ-ის 2002წ. 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მე-2 მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, აღრიცხვიანობის დარღვევას ადგილი ვერ ექნებოდა, რადგან ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის დარღვევა ესაა მომხმარებლის ბრალით ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის დარღვევა, რომელიც ელექტროენერგიის სრულად ან ნაწილობრვ აღურიცხავად მოხმარების საშუალებას იძლევა. ამავე დადგენილების მე-8 მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღრიცხვიანობის მოშლის შემთხვევაში, დაკარგული კვტსთ-ების დარიცხვა წარმოებს აღრიცხვის მოწესრიგების შემდეგ მიღებული მოხმარებით.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად განმარტა სემეკის დადგენილება, გამოიყენა ამ დადგენილების მე-8 მუხლის “ბ” პუნქტი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ამავე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სემეკის დადგენილება, არ გამოიყენა მატერიალური სამართლის ნორმა, რის შედეგადაც მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ვინაიდან ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის დარღვევა არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალით, სასამართლომ მოსარჩელე საერთოდ გაანთავისუფლდა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდისაგან. მაშინ, როდესაც სემეკის ¹15 დადგენილების მე-8 მუხლი აწესრიგებს სწორედ ისეთ შემთხვევებს, როდესაც აბონენტმა ვერ შეამჩნია აღრიცხვიანობის მოშლა (ე.ი ბრალის გარეშე შემთხვევებს) ბრალეულად ჩადენილი შემთხვევები ჩაითვლება დატაცებად და დარიცხვაც წარმოებს ისე, როგორც დატაცების შემთხვევაში, ხოლო აბონენტის ბრალის გარეშე აღრიცხვიანობის დარღვევისას, დარიცხვა წარმოებს მე-8 მუხლით გათვალისწინებული წესებით. ე.ი აბონენტმა ყველა შემთხვევაში უნდა გადაიხადოს მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულება. მე-8 მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით, დაკარგული კვტსთ-ების დარიცხვა წარმოებს კონკრეტული დარღვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პუნქტში ჩამოთვლილი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესებით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დაკარგული კვტსთ-ების დარიცხვა, აღრიცხვის მოწესრიგების შემდეგ მიღებული მოხმარების შესაბამისად უნდა იწარმოოს. აღნიშნული წესით დარიცხვა მე-8 მუხლს “ბ” პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოებს მრიცხველის გაუმართაობის შემთხვევაში. მოცემულ საქმეზე კი არ არის დადგენილი მრიცხველის გაუმართაობა, ამდენად გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი შემოწმება შეუძლებელია.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს კონკრეტულად როგორ დარღვევას ჰქონდა ადგილი, მე-8 მუხლის “ბ” პუნქტის რომელი ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა იწარმოოს კვტსთ-ების დარიცხვა. სასამართლომ სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღნიშნოს მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, ასევე უნდა დაასაბუთოს რატომ უარყოფს მხარეთა არგუმენტებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სააქციო საზოგადოება “ე.-ის” წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 24 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.