Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№509აპ-21 ქ. თბილისი

დ. ტ., 509აპ-21 25 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულების – ტ. დ-ისა და ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ის, მსჯავრდებულ ე. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს-ის, მსჯავრდებულ ტ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის, მსჯავრდებულ გ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ა და მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

ტ. დ-ს, – - – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2232-ე მუხლით – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2232-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და ტ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

გ. დ-ს, –– საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2232-ე მუხლით – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2232-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და გ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ე. გ-ს,– საქართველოს სსკ-ის 2232-ე მუხლით – 8 წლით, ხოლო 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

გ. გ-ს, –– საქართველოს სსკ-ის 2232-ე მუხლით – 8 წლით, ხოლო 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ზ. ბ-ს, –– საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2018 წლის 25 ოქტომბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ზ. ბ-მ ჩაიდინა ქურდული სამყაროს წევრობა; ტ. დ-მა და გ. დ-მ – ქურდული სამყაროს წევრობა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ხოლო ე. გ-მ და გ. გ-მ – ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა და ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვა ქურდული გარჩევის განხორციელებისა და თავისთვის მატერიალური უპირატესობის მისაღებად, პირზე გავლენის მოხდენის მიზნით.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის მაისში გ. გ-მ თავის ნაცნობ ე. გ-სთან არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად მიმართა ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტს“ – გ. დ-ს.

· გ. დ., ზ. ბ. და ტ. დ. აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“, სისტემატური კავშირი აქვთ საზღვარგარეთ მყოფ „ქურდული სამყაროს წევრებთან“, თავიანთი ქმედებით გამოხატავენ მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, ასევე, აქტიურად მონაწილეობენ „ქურდული სამყაროს“ მიზნების განხორციელებაში.

· გ. დ-მ თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტთან“, „ქურდული სამყაროს“ წევრთან, ვინმე ი. დ-სთან შეთანხმებით, 2018 წლის მაისში თბილისში გამართულ ე.წ. „ქურდულ შეკრებაზე“ განიხილა და დავა გადაწყვიტა გ. გ-ის სასარგებლოდ. გ. დ-მ ე. გ-ს დააკისრა თანხის გადახდა როგორც გ. გ-ისათვის, ასევე – თავისთვის და „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებისათვის მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად.

· გ. დ-ს გადაწყვეტილებამ ე. გ-ის უკმაყოფილება გამოიწვია, რის შემდეგაც მან მიმართა ასევე საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კრიმინალურ ავტორიტეტს“, „ქურდული სამყაროს“ წევრს, ვინმე „ჯ-ს“, რათა მას თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით გავლენა მოეხდინა მიღებულ გადაწყვეტილებაზე და შეეცვალა იგი ე. გ-ის სასარგებლოდ.

· აღნიშნული დავის გადასაწყვეტად ე.წ. „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“, ვინმე „ჯ-მა“ მოდავე მხარეები „ქურდულ გარჩევაში“ მონაწილეობის მისაღებად დაიბარა თ-ში. „ქურდული შეკრების“ ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდნენ გ. დ., ტ. დ. და ზ. ბ., გ. გ-ესა და ე. გ-სთან ერთად „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მისაღებად თ-ში გაემგზავრნენ ტ. დ. და გ. დ.

· 2018 წლის 16 ივნისს თ-ში შედგა „ქურდული შეკრება“, რომელშიც მონაწილეობდნენ ე. გ., გ. გ., გ. დ. და ტ. დ. შეკრებისას ე.წ. „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“, „ქურდული სამყაროს“ წევრმა, ვინმე „ჯ-მა“ დავა კვლავ გ. გ-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა, ხოლო ე. გ-ს დაეკისრა თანხის გადახდა როგორც გ. გ-ის, ასევე დავის განხილვაში მონაწილე „ქურდული სამყაროს“ წევრებისათვის.

· საქართველოში დაბრუნების შემდეგ გ. დ. და ტ. დ., ზ. ბ-სთან ერთად, თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, აქტიურად მოქმედებდნენ „კრიმინალური ავტორიტეტების“, „ქურდული სამყაროს“ წევრების, ვინმე „ჯ-სა“ და ვინმე „ი-ს“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, თავიანთთვის მატერიალური სარგებლის მიღებისა და „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (სუსგ №324აპ-15).

8. საკასაციო პალატა არ იზიარებს ადვოკატთა საკასაციო საჩივრების მოსაზრებებს და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების ჩვენებებითა და გამოკითხვის ოქმებით, ფარული აუდიოჩანაწერებითა და მათი გაშიფრული ტექსტით, შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილებით, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის სასაზღვრო მონიტორინგისა და რისკების შეფასების განყოფილების უფროსის წერილითა და თანდართული დოკუმენტაციით, ხმის ნიმუშის აღების ოქმებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2019 წლის 17 აპრილის №69/ფ და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის 2019 წლის 3 მაისის №116/ჰ დასკვნებით, რომელთა სისწორე სასამართლოში დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა, და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა – ტ. დ-მა და გ. დ-მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 2233-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2232-ე მუხლით, ე. გ-ემ და გ. გ-ემ – სსკ-ის 2232-ე მუხლითა და 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო მსჯავრდებულმა ზ. ბ-მ – სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატთა მოტივებს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34), კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43). განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები.

10. გარდა ამისა, საქმის მასალების შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ხოლო კასატორების პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.

11. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა კასატორთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულების – ტ. დ-ისა და ზ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ბ-ის, მსჯავრდებულ ე. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს-ის, მსჯავრდებულ ტ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის, მსჯავრდებულ გ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ა და მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე