საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№421აპ-21 ქ. თბილისი
ზ. გ., 421აპ-21 2 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი პროკურორის – ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 30 ნოემბრის განაჩენით: ვ. ზ., – დაბადებული 1973 წელს; გ. ზ., – დ; რ. ხ-ი, –და ლ. ბ-ე,– ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით თითოეულს განესაზღვრა ჯარიმა – 3 500 ლარი, რაც, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდათ და საბოლოოდ განესაზღვრათ ჯარიმა, თითოეულს – 3000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ზ-მა, გ. ზ-მ, რ. ხ-მა და ლ. ბ-მ ჩაიდინეს თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ი-ის მოქალაქე ფ. ს., რომელსაც ქ. ქ-ში სურდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შეძენა და მასზე სასტუმროს აშენება, 2020 წლის მაისში დასახმარებლად დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქე ვ. ზ-ს, რომელმაც, თავის მხრივ, იგი დააკავშირა რ. ხ-ს, ლ. ბ-სა და გ. ზ-ს.
· ვ. ზ-მა, რ. ხ-მა, ლ. ბ-მ და გ. ზ-მ ერთობლივად განიზრახეს, რომ თაღლითურად დაუფლებოდნენ ფ. ს-ის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. ამ მიზნით მოატყუეს ის, რომ ისინი მაღალი თანამდებობის პირებზე თანხის გადაცემითა და მათი დახმარებით თითქოსდა უზრუნველყოფდნენ ქ-ში მდებარე 11235 მ2 მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანასა და მის გამარჯვებას, ასევე –შემდგომში პროექტის დამტკიცებას, რაშიც დახმარების სანაცვლოდ მოითხოვეს 348 000 აშშ დოლარი, ამავდროულად თანხის ნაწილის – 105 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვეს წინასწარ.
· 2020 წლის 31 ივლისს ფ. ს-ი ქ. ბ-ში შეხვდა ვ. ზ-ს, რ. ხ-ს, გ. ზ-ს და მათ გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 15 000 ლარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
6. მსჯავრდებულ რ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ს შესაგებლით ითხოვს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას მსჯავრდებულებისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე. იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულთა მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მათი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს შორის. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს, შემამსუბუქებელი (სახეზეა დანაშაულის მცდელობა, მსჯავრდებულები არიან ნასამართლობის არმქონენი, მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი ქმედებები, მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რითიც ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, დაზარალებულს პრაქტიკულად არ მისდგომია ქონებრივი ზიანი) და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სამართლიანად მიაჩნია ვ. ზ-ის, ლ. ბ-ის, რ. ხ-ისა და გ. ზ-ისათვის განსაზღვრული სასჯელები, რომლებიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის უფროსი პროკურორის – ელიზბარ გოზალიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე