Facebook Twitter

ას-855-1484-03 10 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს „ა-ის“ მიმართ და მოითხოვა მისთვის თანხის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:

1996წ. 25 მარტს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მსუბუქი ავტომობილების ავტოსატრანსპორტო საწარმოსა და შპს „მ-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ.

ხელშეკრულების თანახმად, ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით, შპს „მ-ს“ უნდა ესარგებლა ავტოსაწარმოს ადმინისტრაციული და სხვა შენობა-ნაგებობებით, თავის მიმდებარე ტერიტორიაზე საზღვარგარეთიდან შემოსული ავტოტრანსპორტის სადღეღამისო სადგომის მოსაწყობად, ასევე მძღოლებისა და მათი თანხმლები პირების მომსახურებისათვის. შენობა-ნაგებობების შეკეთებას ორივე მხარე აწარმოებდა ერთობლივი ფინანსებით.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით დადასტურდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ შპს „მ-ის“ მიერ 1996, 1997, 1998 წლებში ავტოსატრანსპორტო საწარმოში მდებარე ... თბილისში, ჩატარებულმა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 93095 აშშ დოლარი, რაც იმდროინდელი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 119353 ლარს, რასაც ასევე ადასტურებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 6 მარტის წერილი.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ავტოსაწარმოს სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს „ა“.

2001წ. 8 აგვისტოს შპს „მ-ის“ დირექტორ _ შ. დოლიძესა და გ. ჭ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ, რომლითაც შპს „მ-მ“ გ. ჭ-ეს გადასცა შპს „ა-ის“ დავალიანების 93095 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „ა-ს“ დაეკისრა 93095 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა გ. ჭ-ის სასარგებლოდ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინებით ამავე სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების განმარტების ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში სააპელაციო წესით ერთი თვის ვადაში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

შპს „ა-მა“ 2001წ. 22 ნოემბერს სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 დეკემბრის განჩინებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. შპს «ა-მა» კერძო საჩივრით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს განჩინება, რომელიც არ დაკმაყოფილდა სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინებით შპს „ა-მა“ დირექტორის ბ. დ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. გ. ჭ-ემ 2002წ. 13 ნოემბერს კერძო საჩივრით გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით შპს „ა-ის“ დირექტორის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

შპს «ა-ის“ დირექტორმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინებით შპს „ა-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინება. შპს „ა-ს“ გადაედო სახელმწიფო ბაჟის გადახდა; შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული 2003წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება, რომელსაც ასევე დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, ბათილად იქნა ცნობილი 2003წ. 18 მარტის განჩინებით და აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია ქონების მართვის სამინისტროს წერილი, იმ საფუძვლით, რომ ისიც ბათილად ცნობილი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის აღიარების შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით სხვა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ შპს „მ-მ“ ჩაატარა 119353 ლარის ღირებულების რემონტი სასამართლოში წარდგენილი არ არის.

გ. ჭ-ემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საპელაციო პალატის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის წესი. მან გაასაჩივრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება დროულად, მაგრამ კერძო საჩივარი არ განხილულა. შესაბამისად გასაჩივრებული განჩინება არ არის კანონიერ ძალაში.

ობიექტურად არ შეაფასა მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სსკ-ის 374-ე და 376-ე მუხლების მოთხოვნა. ასევე, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რითაც დაარღვია ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. არ გამოიყენა სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შესახებ. კერძოდ, არასწორად შეაფასა მოპასუხე მხარის განმარტება სარჩელის ცნობის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დაარღვია განსჯადობის წესი, რადგან სააპელაციო საჩივარი მიმართული იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატისადმი და განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ ისე, რომ არ იმსჯელა სსკ-ის მე-11 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლებზე, რითაც დაარღვია სსკ-ის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 374-ე, 376-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არ იმსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე.

სსკ-ის 377-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. განსახილველ შემთხვევაში განჩინება, რომელიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, გასაჩივრდა კერძო საჩივრით კანონით დადგენილი წესით და იგი ხელმეორედ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად არ გასაჩივრდება და ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა შინაგანი რწმენის საფუძველზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შესახებ და არასწორად შეაფასა ის ფაქტი, რომ მოპასუხე ბ.დ-მა რაიონული სასამართლოს სხდომაზე ცნო სარჩელი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, ბ.დ-ს არ უღიარებია შპს „მ-ის“ მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარება და მის მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება.

პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს „ა-ის“ დირექტორის განმარტება რაიონული სასამართლოს სხდომაზე, რომ ვალის უარყოფა მას რომც უნდოდეს ვერ უარყოფს, ვინაიდან ვალის არსებობა დასტურდება კანონიერ ძალაში შესული 2000წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით, არ შეიძლება შეფასდეს სარჩელის ცნობად.

მოპასუხემ გამოავლინა ნება, რომლითაც აღიარა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა, მაგრამ აღნიშნულით არ მოუხდენია, მისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების (კერძოდ, ვალდებულების შესრულების) განკარგვა (აღიარება).

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ივნისის გადაწყვეტილება, რომელიც სასარჩელო მოთხოვნისა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი იყო ამავე სასამართლოს 2003წ. 18 მარტის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი.

მართალია, სსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მაგრამ ვინაიდან მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ადასტურებს თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობას აღარ არსებობს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 128-ე მუხლი, რომლის თანახმად მოსამართლეს უფლება აქვს შეკითხვები მისცეს მხარეებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენას და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.

საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას, რომ, ვინაიდან რაიონულმა სასამართლომ დავა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ნორმებით განიხილა და საქმეში ერთ-ერთ მოპასუხედ ჩართულია ქონების მართვის სამინისტრო, დავა არ არის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განსჯადი.

სარჩელში მოპასუხედ მითითებულია შპს „ა.“, დავის საგანს შპს „ა-ის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას _ მოპასუხისათვის 119353 ლარის გადახდა წარმოადგენს. ქონების მართვის სამინისტრო საქმეში მითითებულია მესამე პირად, მის მიმართ მოსარჩელეს კონკრეტული მოთხოვნა არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ა-ის“ დამფუძნებელი და 100% საწესდებო კაპიტალის მფლობელი სახელმწიფოა. დავა მხარეთა შორის კერძო სამართლებრივი ხასიათისაა და საქმე სსკ-ის მე-13, მე-15 და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, არ მიეკუთვნება სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას. იგი სწორად განიხილა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, როგორც ამ პალატის განსჯადი.

პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გ. ჭ-ის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი არ განხილულა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხრა უარი საქმის წარმოების შეჩერებასა და კერძო საჩივრის განხილვაზე. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 24 ივნისის საოქმო განჩინება გ. ჭ-ის ადვოკატის შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ არასწორია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დაირღვა გ. ჭ-ის უფლება სსკ-ის 414-420-ე მუხლებით დადგენილი წესით გაესაჩივრებინა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ოქტომბრის განჩინება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ჯერ უნდა განიხილოს გ. ჭ-ის კერძო საჩივარი კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემდგომ იმსჯელოს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 ივნისის საოქმო განჩინება და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.