საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№522აპ-21 ქ. თბილისი
თ. კ., 522აპ-21 9 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ. თ-ს ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2020 წლის 6 ოქტომბერს, 18:50 საათზე, კ. თ-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ე. ფ-ს, რომელთანაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, საოჯახო საქმის არშესრულების გამო, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა – მოქაჩა თმა, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი კეფის არეში, რის შედეგადაც ე. ფ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2020 წლის 6 ოქტომბერს, 18:45 საათზე, ჩ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფი კ. თ. თავის არასრულწლოვან შვილს – შ. თ-ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, მან ხელში აიღო ქვა, დაედევნა და ისროლა მისი მიმართულებით. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განაჩენით კ. თ., – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა, რომ, საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მარიამ ქორიძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მარტის განაჩენის გაუქმებას, კ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობასა და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №643აპ-18, №969აპ-20, №65აპ-20, №515აპ-20, №140აპ-21, №682აპ-21).
7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო განაჩენი. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ კ. თ-ს მსჯავრდებისათვის არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. არასრულწლოვანმა დაზარალებულმა შ. თ-მ (ბრალდებულის შვილმა) და მოწმე მ. ბ-მ (ბრალდებულის დედამ) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადეს უარი. ბრალდებულმა კ. თ-მ ისარგებლა დუმილის უფლებით. ისეთ ვითარებაში, როდესაც არასრულწლოვანმა დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ბრალდებულმა კი დუმილის უფლება გამოიყენა, წარმოუდგენელია იმის დადგენა, ნამდვილად გაუჩინა თუ არა კ. თ-ს მუქარამ დაზარალებულ შ. თ-ს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შესაბამისად, დაუდასტურებელია კ. თ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
8. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ე. ფ-ს (ბრალდებულის მეუღლის) ჩვენება, რომელმაც სასამართლოს განუცხადა, რომ 2020 წლის 6 ოქტომბერს ნასვამმა მეუღლემ თმა მოქაჩა, დაარტყა ხელი და დაეცა, იგრძნო ცოტა ტკივილი; მეუღლის საქციელი მას არ სწყენია და არც დაზიანება მიუღია. 2020 წლის 6 ოქტომბრის შეტყობინებიდან, რომლის ინიციატორია მ. ბ., ირკვევა, რომ ნასვამი კ. თ. დასდევდა ბავშვებს ქვებით, მაგრამ არაფერია ნათქვამი მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კ. თ-ს ბრალეულობის დასადასტურებლად მხოლოდ დაზარალებულ ე. ფ-ს არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება არ არის საკმარისი, რადგან არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებებით.
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე