ას-857-1483-03 30 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს „ს-მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს ,,კ-ის” მიმართ. მოსარჩელე მიუთითებდა:
1. 2000წ. 1 და 15 აგვისტოს მოსარჩელის ძეგვის სარემონტო-სამშენებლო ფილიალსა და მოპასუხეს შორის დაიდო ¹8 და ¹10 ხელშეკრულებები „ვლადიკავკაზ-თბილისის“ 70088 დიამეტრის 120,5 კმ-ზე საყრდენი კედლის აშენებაზე დაბა ფასანაურში მდინარე ყუროზე 1200 მმ და 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის შესახებ, რომელთა ღირებულება შეადგენდა 582,720,4 ლარს.
მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. მოპასუხეს საპასუხო ვალდებულებები არ შეუსრულებია.
2. 2000წ. 3 ივლისს, 2 ნოემბერს და 1 დეკემბერს მოსარჩელის ძეგვის სამშენებლო-სამონტაჟო ფილიალსა და შპს „კ-ას“ შორის დაიდო ხელშეკრულებები „ვლადიკავკაზ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენასა და დამცავი საყრდენი კედლის მოწყობაზე, „საგურამო-გორის“ 800 მმ გაზსადენის დემონტაჟზე 23-25 კმ და „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის შეკეთებაზე.
მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა. მოპასუხე არ ასრულებს საპასუხო ვალდებულებას, რაც 2003წ. 1 მაისის მდგომარეობით შეადგენს 358,655 ლარს.
3. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელეს წარმოეშვა ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ძეგვის სამშენებლო-სარემონტო ფილიალისათვის 299.728 ლარის, ხოლო ძეგვის სამშენებლო-სამონტაჟო ფილიალისათვის 380.965 ლარის ოდენობით. სულ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 680.693 ლარი, თუმცა მოსარჩელე მოითხოვს მხოლოდ 610.690 ლარის დაკისრებას მოპასუხისათვის.
4. მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობამ მიაყენა ზიანი მიუღებელ შემოსავლის სახით 312.285,2 ლარის ოდენობით, კერძოდ, თუ მოსარჩელე კრედიტის სახით გასცემდა 401.405,41 ლარს (ძეგვის სამშენებლო-სარემონტო ფილიალის შემთხვევაში), მიიღებდა შემოსავალს 162.569,2 ლარის ოდენობით (401,405,41X2.25%X18 თვე).
5. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მას უნდა დაეკისროს კანონით განსაზღვრული პროცენტი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებული პერიოდისათვის. მოსარჩელის ძეგვის სამშენებლო-სარემონტო ფილიალისათვის იგი შეადგენს 559,960,5 ლარს (401.405,4X0,15%X930 დღე), ხოლო ძეგვის სამშენებლო-სამონტაჟო ფილიალისათვის შეადგენს 515.689,65 ლარს (369.670X0,15%X930 დღე).
მოსარჩელემ მოითხოვა:
1. მოპასუხე შპს „კ-ას“ დაეკისროს მოსარჩელე სს „ს-ის“ სასარგებლოდ 742060,41 ლარი ძირითადი დავალიანების ასანაზღაურებლად.
2. მოპასუხე შპს „კ-ას“ დაეკისროს 922975,2 ლარი მოსარჩელე სს „ს-ისათვის“ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
3. მოპასუხე შპს „კ-ას“ დაეკისროს მოსარჩელე სს „ს-ის“ სასარგებლოდ 1.075.650,15 ლარი ფულადი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის სახით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს და ურთიერთშედარების აქტებს ხელს აწერენ ძეგვის სამშენებლო-სარემონტო და სამშენებლო-სამონტაჟო ფილიალების დირექტორები. ფილიალები იურიდიულ პირებს არ წარმოადგენენ, შესაბამისად, მათ უნდა ჰქონოდათ სათაო ორგანიზაციისაგან სათანადო უფლებამოსილება, რაც წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო თუ შემდგომი მოწონება განხორციელდა, რომელიც უნდა დაფიქსირებულიყო წერილობითი ფორმით, ასეთი მტკიცებულებაც, აგრეთვე, არ წარმოდგენილა.
2. ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანებები გამოწვეული რომ არის შპს „კ-ის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით ანუ მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობასა და მოსარჩელისათვის დამდგარ ზიანს შორის არ არის დასაბუთებული.
3. მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანიც ასევე დაუსაბუთებელია. თუკი მოსარჩელე მიღებულ თანხას მიმართავდა საბიუჯეტო გადასახადებზე და საკუთარ ხარჯებზე იგი ვერანაირად ვერ გასცემდა სასყიდლიან კრედიტს.
4. მოსარჩელე მოითხოვს ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრულ პროცენტს, თუმცა თანხა, რომელსაც იგი ამ საფუძვლით ითხოვს არ არის გონივრული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მოპასუხეს დაეკისრა 2042866 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდა 4500 ლარის ოდენობით და მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით. კოლეგია მიუთითებს:
საქმეზე თანდართული საქმე ¹2/ა-38-03-ის მასალებში არსებული მტკიცებულებებიდან ირკვევა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მხარეთა შორის, კერძოდ, ერთის მხრივ, შპს „კ-ასა“ და მეორეს მხრივ, მოსარჩელის სს „ს-ის“ ძეგვის სამშენებლო-სამონტაჟო და სამშენებლო-სარემონტო ფილიალებს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულებები, რომლითაც შეიძინეს მხარეებმა გარკვეული სამართლებრივი უფლებები და წარმოეშვათ ასევე შესაბამისი ვალდებულებები.
ხელშეკრულებები დადებულია 2000წ. 1 და 15 აგვისტოს მოპასუხეთა და სს „ს-ის“ ძეგვის სამშენებლო-სარემონტო ფილიალს შორის, ხოლო 2000წ. 3 ივლისს, 2 ნოემბერსა და 1 დეკემბერს მოპასუხესა და სს „ს-ის“ ძეგვის სამშენებლო-სამონტაჟო ფილიალს შორის.
ხელშეკრულებათა საფუძველზე მხარეებმა შეადგინეს ექსპლუატაციაში ობიექტის მიღების მუშა _ კომისიის აქტები და შემდგომში შედარების აქტები. 2003წ. 1 ივნისის მდგომარეობით მხარეების მიერ შედგენილი შედარების აქტით მოსარჩელის ძეგვის სამშენებლო-სარემონტო ფილიალის მიერ შესრულებული სამუშაოს შემდეგ მოპასუხის ფულადი დავალიანება მოსარჩელის წინაშე 383.405,41 ლარია, ხოლო 2003წ. 1 მაისის მდგომარეობით ძეგვის სამშენებლო-სამონტაჟო ფილიალის მიერ შესრულებული სამუშაოს შემდეგ კი მისი დავალიანება 358.655 ლარი.
სკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, (ვალის არსებობის აღიარება) აუცილებელია წერილობითი აღიარება.
მოპასუხის გენერალური დირექტორის მიერ მითითებულ შედარების აქტებზე, რომლებშიც დაფიქსირებულია მოპასუხის ფულადი ვალდებულების ოდენობა მოსარჩელის წინაშე სხვა არაფერია, თუ არა ვალის არსებობის აღიარება.
კოლეგიას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ძირითადი დავალიანების ასანაზღაურებლად 742.060,41 ლარის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
კოლეგია მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები და მათი ფილიალები არიან საწარმოები, რომლებიც ექცევიან საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმში და უჩნდებათ ვალდებულება, გადაიხადონ კანონით დაწესებული გადასახადი, რომელიც შესრულებულად ითვლება დადგენილ ვადაში გადასახადის თანხის გადახდით (საგადასახადო კოდექსი მუხლი 12, 28, 30). გადასახადის გადამხდელი პასუხს აგებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე მთელი თავისი ქონებით (საგადასახადო კოდექსი მ.30, 35).
სს „ს-ის“, სამართლის სუბიექტის იურიდიული და კომერციული ინტერესი ხელშეკრულებების დადებისას იმაში გამოიხატება, რომ მიიღოს მოგება, შექმნას ან გაზარდოს საკუთარი ქონება და როგორც ორგანიზაციულმა წარმონაქმნა, შეძლოს მისივე წესდებით განსაზღვრული მიზნის განხორციელება.
ის გარემოება, რომ მის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება შედეგად მოჰყვეს მისი ქონებრივი პასუხისმგებლობა, ხელყოფს მის ქონებრივ სიკეთესა და ინტერესს, რაც სხვა არაფერია, თუ არა ზიანი.
სკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სავარაუდო ზიანის შესახებ უდავოდ ცნობილი უნდა ყოფილიყო მოპასუხისათვის, რადგან იგი, როგორც საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი იურიდიული პირი, თავადაც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელ სუბიექტს და დებიტორული დავალიანების დაბეგვრის წესი მისთვის სიახლე არ უნდა ყოფილიყო.
რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს, რომლითაც ერთმანეთთანაა დაკავშირებული დამდგარი ზიანი და შპს „კ-ის“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული მოქმედება, განსახილველ საქმეზე დართული საქმისა და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით აშკარაა, რომ საგადასახადო საურავების გადახდის ვალდებულება მოსარჩელის ფილიალებს წარმოეშვათ მის მიერ გადაუხდელი თანხის დაბეგვრის შედეგად, კერძოდ, მოსარჩელის ძეგვის სამშენებლო-სამონტაჟო ფილიალის საგადასახადო ვალდებულება მოპასუხესთან ხელშეკრულების დადებამდე შეადგენდა 121.582 ლარს (დანართი ტომის), ხოლო 17.07.2003წ. მდგომარეობით 502.547,98 ლარს. ძეგვის სამშენებლო-სარემონტო ფილიალის საგადასახადო ვალდებულება მოპასუხესთან ხელშეკრულების დადებამდე შეადგენდა 78.376 ლარს (დანართი), ხოლო 13.07.2003წ. მდგომარეობით 378.104,12 ლარს. მოსარჩელე მოითხოვს ძველი დავალიანების გამოკლებით ახალი ანუ ხელშეკრულებით გადაუხდელი თანხიდან წარმოშობილი საბიუჯეტო დავალიანების თანხას, რაც კოლეგიას საფუძვლიანად მიაჩნია და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
კოლეგია თვლის, მოსარჩელის მოთხოვნა შპს „კ-ისათვის“ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრების შესახებ გამომდინარეობს კანონით განსაზღვრული უფლებებიდან.
სკ-ის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღრული პროცენტი. მოსარჩელემ გამოიყენა აღნიშნული ნორმით მისთვის მინიჭებული უფლება.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების მიხედვით, მოპასუხის ვალდებულება შესრულებული სამუშაოს საფასურის გადახდის შესახებ წარმოიშვა მოსარჩელის ფილიალების მიერ სამუშაოს შესრულების შემდეგ ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით (ხელშეკრულებები მუხლი 5.4). ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი მშენებლობით დამთავრებული ობიექტის ექსპლოატაციაში მიღების მუშა-კომისიის აქტებით განისაზღვრა ფაქტობრივი დანახარჯების ოდენობა და მხარეთა მიერ მათზე ხელმოწერის დღიდან დადგა მოპასუხის ვალდებულების შესრულების დროც.
მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხეს დაეკისროს კანონით განსაზღვრული პროცენტი 2001წ. იანვრიდან.
სკ-ის 625-ე მუხლი განსაზღვრავს პროცენტს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ფულადი ურთიერთობების შემთხვევაში და იგი უნდა იყოს გონივრულ შესაბამისობაში ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან.
ამდენად, მოსარჩელის ძეგვის სამშენებლო-სარემონტო ფილიალის მიმართ 383,405 ლარის დროულად გადაუხდელობის გამო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 356.566,65 ლარის გადახდა (383.405X0,1%X930 დღე), ხოლო სამშენებლო-სამონტაჟო ფილიალის მიმართ, 358,655 ლარის დროულად გადაუხდელობის გამო _ 333.549,15 ლარის გადახდა (358.655X0,1%X930 დღე), სულ მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს კანონით განსაზღვრული პროცენტის სახით უნდა დაეკისროს 690.115,80.
სასამართლო კოლეგია ასკვნის, რომ მოპასუხეს სულ გადასახდელად უნდა დაეკისროს 2.042.866.2 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ-ამ“.
კასატორი მიუთითებს, რომ ის სადავოდ არ ხდის მის ვალდებულებას, მოსარჩელეს აუნაზღაუროს 742060 ლარი ძირითადი დავალიანების სახით, 5000 ლარი მათ მიერ გასაწევი სასამართლო ხარჯებისათვის, 5000 ლარი ადვოკატის მომსახურებისათვის.
კასატორი მიუთითებს, რომ არასწორია სასამართლოს მოსაზრება, რომ საგადასახადო ინსპექციის მიერ მოსარჩელეზე დარიცხული საურავები წარმოადგენენ უშუალოდ ზიანს, რომელიც უნდა ანაზღაურდეს მოვალის მიერ. ამ არგუმენტის გასამყარებლად სასამართლოს არ გააჩნდა არც ერთი მტკიცებულება, რომელთაგან გაირკვეოდა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანიდან, თუნდაც ერთი თეთრი გადაიხადა ბიუჯეტში ანუ რეალურად ზიანი არ დამდგარა ან თუ მაინც არსებობდა ზიანი, მოსარჩელეს ამის დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ 610690 ლარის დაკისრება კანონით გათვალისწინებული პროცენტის სახით მოკლებულია ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს.
კასატორი მოითხოვს, ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და
მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმაოდ დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია.
სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას.
საოლქო სასამართლოს კოლეგია ზოგადად მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე დართული საქმისა და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით აშკარაა, რომ საგადასახადო საურავების გადახდის ვალდებულება მოსარჩელის ფილიალებს წარმოეშვათ მის მიერ გადაუხდელი თანხის დაბეგვრის შედეგად.
ამასთან, კოლეგია არ მიუთითებს, თუ კონკრეტულად რომელი მტკიცებულებების საფუძველზე მიაჩნია, მას რომ საგადასახადო საურავების გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს წარმოეშვა უშუალო მოპასუხის მოქმედების შედეგად.
საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, გადასახადი არის ბიუჯეტებსა და სპეციალურ ფონდებში სავალდებულო შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი. მე-6 მუხლის მიხედვით საქართველოში მოქმედებს რამდენიმე სახის საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადი. 28-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება ეკისრება გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოშობის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებენ გადასახადის გადახდას.
კოლეგია არ მიუთითებს კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოშობაზე, რომელთა გამოც მოსარჩელეს წარმოეშვა ვალდებულებები ბიუჯეტის წინაშე.
პირის საგადასახადო ვალდებულებები მოიცავს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხების ერთობლიობას. როდესაც კოლეგია მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დროული შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს დაეკისრა საურავების გადახდა, მაშინ დასაბუთებული უნდა იყოს თუ რატომ მიაჩნია კოლეგიას, რომ საურავების დარიცხვა გამოწვეულია უშუალოდ მოპასუხესთან ურთიერთობის გამო. მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების დადებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე საგადასახადო დავალიანების ოდენობა გაიზარდა, არ მიუთითებს, რომ ეს მოხდა უშუალოდ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ამასთან, კოლეგია არ მიუთითებს რომელი სახის გადასახადის გადაუხდელობამ გამოიწვია ასეთი ზიანი და ამ გადასახადის გადახდის კანონმდებლობით დადგენილი წესიდან გამომდინარე, არსებობს თუ არა მოპასუხის ბრალი ზიანის დადგომაში. დაუსაბუთებელია სასამართლომ ზიანის ათვლის მომენტად რატომ მიაჩნია ხელშეკრულების დადების მომენტი. ხელშეკრულების დადება თავისთავად არ წარმოშობს საგადასახადო ვალდებულებებს.
სკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს თავის თავზე მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულის გამო, მისგან შეიძლება მხოლოდ მოთხოვნილ იქნეს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. Mმოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზარალი არის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი ასეთი ხელშეკრულების დარღვევისა. სავარაუდო ზიანი დგინდება გონიერი ადამიანის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების კონკრეტული დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. Mმოვალემ ზიანი უნდა აანაზღაუროს ყოველთვის, მაგრამ მხოლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.A
სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, თუკი კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვადის გადაცილებისათვის დაწესებული პროცენტი ვალდებულების დროული შესრულების პრევენციული ფუნქციის მატარებელია ანუ მოთხოვნის უზრუნველყოფისა და მინიმალური ზიანის ანაზღაურების საშუალებაა. სხვა საფუძვლიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში დაუშვებელია ერთდროულად მოვალისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება და იმავდროულად გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდევინება, რადგან გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების თანხას და არ შეიძლება ერთსა და იმავე დარღვევისათვის მოვალეს დაეკისროს გადახდა გაორმაგებული სტანდარტით, მითუმეტეს მაშინ, როცა სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, ვადის გადაცილების გამო კანონით გათვალისწინებული პროცენტი მოვალეს დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მას უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამ მუხლის მოთხოვნა მოვალეს საშუალებას აძლევს, აირჩიოს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, ზიანის, პირგასამტეხლოს ან მათ ნაცვლად, გადახდის ვადის გადაცილების გამო, კანონით განსაზღვრული პროცენტის ანაზღაურება.
კოლეგია გადაწყვეტილებაში იყენებს 403-ე მუხლის პირველ ნაწილს, მაგრამ არ ითვალისწინებს დათქმას, პირობას, რომელსაც ეს ნორმა მოიცავს.
კოლეგიის მიერ ასევე არ არის დადგენილი ცალკეული ხელშეკრულების მიხედვით, როდის დადგა ვალდებულების შესრულების ვადა.
აღნიშნულის გამო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 18 სექტემბრის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.
გადაწყვეტილება ძირითადი დავალიანების 742060 ლარის, სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.