Facebook Twitter

ას-858-1493-03 24 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

ქ. გაბელაია

სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 15 აგვისტოს ჟ. ძ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. და ლ. მ-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების შესახებ. მოსარჩელემ განმარტა, რომ ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინა პრივატიზებულ იქნა გ. მ-ის სახელზე. 2000წ. 17 მაისს გ. მ-ის შვილმა _ თ. მ-მა ს. ე-ისაგან ორი თვით ისესხა 3600 აშშ დოლარი, რომელიც მოვალემ დროულად ვერ დააბრუნა. 2000წ. 15 მაისს გ. მ-მა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა გასცა თ. მ-ის სახელზე შემდგომი გადანდობის უფლებით, ხოლო ამ უკანასკნელმა მინიჭებული მინდობილობა გადაანდო ს. ე-ს, რომელმაც სესხის დაფარვის მიზნით, 2000წ. 16 აგვისტოს ზემოხსენებული ბინა გაასხვისა ჟ. ძ-ზე. აღნიშნულის საფუძველზე სადავო სახლი საჯარო რეესტრში აღირიცხა ჟ. ძ-ის სახელზე. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, მოპასუხეებმა ბინა არ გამოათავისუფლეს.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: თ. მ-ისა და ს. ე-ისათვის გაცემული მინდობილობები და ჟ. ძ-თან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ნოემბრის განჩინებით სასამართლომ დაამტკიცა მხარეთა მორიგება, რომლის თანახმად, თ. მ-ს 4 თვის ვადაში, 2002წ. 1 აპრილამდე, ჟ. ძ-ისათვის უნდა გადაეხადა 4000 აშშ დოლარი. თ. მ-ის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინა მიექცეოდა აღსრულებაში აუქციონზე გატანის გზით. ჟ. ძ-ს სადავო ბინა უნდა გადაეფორმებინათ გ. მ-ის სახელზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რისთვისაც აღნიშნულ ბინას დაედო ყადაღა საჯარო რეესტრში ამ ბინის აუქციონზე გატანამდე.

2000წ. 21 იანვარს გ. მ-ი, ხოლო 2002წ. 18 ივნისს ს. ე-ი გარდაიცვალნენ, რის გამოც საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება ვერ აღსრულდა.

თ. და ლ. მ-ებმა ჟ. ძ-ის სარჩელი არ ცნეს. რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე თ. მ-მა განმარტა, რომ მოსარჩელე სადავო ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხულია ფორმალურად, ვინაიდან ვერ მოხერხდა სააპელაციო პალატის განჩინების აღსრულება, ბინის რეალიზაციის შემდეგ კი ჟ. ძ-ი მიიღებს 4000 აშშ დოლარს.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები გამოსახლდნენ სადავო ბინიდან. სასამართლო კოლეგიამ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ჟ. ძ-ის სახელზე. სასამართლომ იხელმძღვანელა რა სკ-ის 170-172-ე მუხლებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც სადავო ბინის მესაკუთრის მისი კუთვნილი ბინიდან მოპასუხეთა გამოსახლების შესახებ, საფუძვლიანია.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ლ. მ-ებმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ დავაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2001წ. 19 ნოემბრის მორიგების აქტის საფუძველზე. საოლქო სასამართლომ ჩათვალა, რომ გ. მ-ის გარდაცვალება არ წარმოადგენს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ნოემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების აღსრულების დაბრკოლებას, ვინაიდან “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულება შეწყდება, თუ კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას დადგენილი მოთხოვნები და მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე. მოცემულ შეთხვევაში, პალატის აზრით, გარდაცვლილია მორიგების პირობების მიხედვით მესამე პირი, რომლის სახელზეც უნდა გადაფორმებულიყო სადავო ბინა, აუქციონზე მისი რეალიზაციის მიზნით, თუ თ. მ-ს მორიგების პირობებს არ შეასრულებდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს უნდა გაერკვია _ შესაძლებელი იყო თუ არა განსახილველ შემთხვევაში გარდაცვლილი მხარის უფლებამონაცვლის დადგენა, რათა მასზე გადაფორმებული ბინა და განხორციელებულიყო მორიგების პირობები. ასევე _ რამ შეუშალა ხელი თ. მ-ს მორიგების პირობების შესრულებლობაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ჟ. ძ-ის საკუთრება სადავო ბინაზე არ არის აბსოლუტური, იგი შეზღუდულია მორიგების პირობების თანახმად, სახელშეკრულებო ბოჭვით და მისი შესრულების შემთხვევაში შესაძლოა, სადავო ბინა გავიდეს მისი საკუთრებიდან.

საოლქო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ძ-მა. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2000წ. 16 აგვისტოს ჟ. ძ-მა ს. ე-ისაგან 5000 ლარად შეიძინა ქ. თბილისში, ...... მდებარე ბინა. აღნიშნული მომენტისათვის მან არ იცოდა, რომ ბინა სადავო იყო, რის შესახებაც შეიტყო გ. მ-ის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ. კასატორის აზრით, იგი წარმოადგენს სადავო ბინის მესაკუთრესა და კეთილსინდისიერ შემძენს. კასატორმა მიუთითა სკ-ის 323-ე, 319-ე, 487-488-ე, 726-728-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თ. მ-ის უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ უნდა მიეჩნია, ვინაიდან მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. ჟ. ძ-ის აზრით, სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გ. მ-მა გამოხატა ნება და მინდობილობა გაუფორმა თ. მ-ს, ამდენად, აღნიშნული მონდობილობის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნო შემდეგი გარემოებები: მოცემულ სამოქალაქო დავაში მონაწილე მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 19 ნოემბრის განჩინებით დამტკიცებულმა მორიგებამ, რომლის ძალითაც თ. მ-ს 2002წ. 1 აპრილამდე ჟ. ძ-ისათვის უნდა გადაეხადა 4000 აშშ დოლარი. თ. მ-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. თბილისში, ..... მდებარე ბინა უნდა მიქცეულიყო აღსრულებაში მისი აუქციონზე გატანის გზით. ჟ. ძ-ს სადავო ბინა სარეალიზაციოდ გ. მ-ის სახელზე უნდა გადაეფორმებინა.

ასევე დადგენილია, რომ გ. მ-ი გარდაიცვალა 2000წ. 21 იანვარს, ხოლო თ. მ-ს მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

საოლქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ სასამართლოს არ უმსჯელია აწ გარდაცვლილი გ. მ-ის შესაძლო უფლებამონაცვლის დადგენაზე. ასევე მიუთითა, რომ ჟ. ძ-ის საკუთრება სადავო ბინაზე არ არის აბსოლუტური და იგი შეზღუდულია მორიგების პირობებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ზემოხსენებული საფუძვლით არასწორად გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დააბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად შემდეგი გარემოების გამო:

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენდა ჟ. ძ-ის სარჩელი თ. და ლ. მ-ების მიმართ ბინიდან გამოსახლების თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ბინაზე 2001წ. 19 ნოემბრის სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის აღსრულებაზე სააღსრულებო წარმოება შეწყვეტილია. ასევე დადგენილია, რომ იმავე მორიგების აქტის შესაბამისად, მასში მონაწილე პირის, აწ გარდაცვლილი გ. მ-ის, უფლებამონაცვლეობა კანონით დადგენილი წესით არავის არ მოუთხოვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად იმსჯელა მხოლოდ დავის საგანზე – ბინიდან გამოსახლებაზე, ვინაიდან სსკ-ის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით არ გამოარკვია შესაძლებელი იყო თუ არა გ. მ-ის უფლებამონაცვლის დადგენა. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ერთ-ერთი მხარის გარდაცვალების შემთხვევაში სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. მოცემულ დავაში უფლებამონაცვლეობის დადგენის საჭიროება არ წარმოშობილა. რაც შეეხება სასამართლოს განჩინებით დამტკიცებულ მორიგებას, აწ გარდაცვლილი გ. მ-ის უფლებამონაცვლეობაზე უფლებამოსილ პირს ნება არ განუცხადებია. ასეთ ვითარებაში კანონი სასამართლოს კომპეტენციად არ აწესებს უფლებამოსილი პირის უფლებამონაცვლედ ცნობას ამ პირის ნების გამოხატვის გარეშე.

აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მორიგების დამადასტურებელი სასამართლოს განჩინება სააღსრულებო წარმოებიდან მოხსნილია, რაც სადავოდ არავის გაუხდია, შესაბამისად, სასამართლოს განჩინება, რომელზედაც აღსრულება შეწყვეტილია, მხარეებისათვის იმავე განჩინებით დაკისრებული თუნდაც შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულების ვალდებულებას არ წარმოშობს.

საკასაციო პალატა ასევე არასწორად მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოურკვევია, თუ რამ შეუშალა ხელი თ. მ-ს მორიგების პირობების შეუსრულებლობაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არ უნდა გასცდეს სსკ-ის 248-ე მუხლით დადგენილ ფარგლებს. ხსენებული გარემოება მოცემულ დავასთან კავშირში არ არის და მისი გამორკვევა სასამართლოს კომპეტენციაში არ შედიოდა.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ. და ლ. მ-ების ბინიდან გამოსახლების კანონიერებაზე, აგრეთვე გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ან უკანონობაზე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჟ. ძ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.