¹ ას-860-1492-03 30 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
დავის საგანი: შენობა-ნაგებობების აღება, სადგომის აღდგენა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჭ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ძ-ის მიმართ და მოითხოვა შენობა-ნაგებობების აღება, კუთვნილი სადგომის (საღორის) აღდგენა, მორალური და მატერიალური ზიანის – 200 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ა. ძ-ესა და მის ოჯახთან აქვს დავა, ვინაიდან საზღვარზე არსებული პირუტყვთა სადგომებიდან (საღორესა და საძროხედან) ნაკელი ჩაედინება მის ეზოში. მ. ჭ-ას განმარტებით, სადგომთა აშენების დროს არ არის დაცული სანიტარული პირობები. ამასთან, ძ-ის ოჯახი აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ დაუნგრიეს კუთვნილი საღორე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის ეზოში არსებული პირუტყვთა სადგომები აშენებულია 1985-1988 წლებში. ეს სადგომები მართალია, მოსარჩელის საზღვართან დგას, მაგრამ იგი დაცილებულია საზღვრიდან 70-78 სანტიმეტრით. სადგომები აშენებულია სანიტარული ნორმების გათვალისწინებით, რის დასადასტურებლადაც ა. ძ-ემ წარმოადგინა სანიტარული ზედამხედველობის ხონის რაიონული ინსპექციის მიერ გაცემული ცნობა.
სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ სარჩელი დანგრეული საღორის აღდგენის მოთხოვნის ნაწილში აღძრული არ იყო იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. სასამართლოს განჩინებით ა. ძ-ე შეიცვალა სათანადო მოპასუხით – დ. ნ-ით. სხდომაზე ასევე გამოირკვა, რომ მ. ჭ-ას სარჩელი მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში აღძრული იყო არასათანადო მოპასუხის მიმართ, რის გამოც ა. ძ-ე შეიცვალა სათანადო მოპასუხით დავით ძ-ით.
ხონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ას სარჩელი ა. ძ-ის მიმართ ბოსლისა და საღორის დანგრევის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ასევე არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ას მოთხოვნა დ. ძ-ის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დ. ნ-ის მიმართ დანგრეული საღორის აღდგენის მოთხოვნით დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მ. ჭ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა სადავო ნაგებობათა მშენებლობისას სანიტარულ და სამშენებლო ნორმათა დარღვევას. სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
საქმეში წარმოდგენილი სანიტარული ზედამხედველობის ხონის რაიონული ინსპექციის უფროსის ცნობით ირკვევა, რომ “მანძილი ა. ძ-ის საძროხედან მ. ჭ-ას საცხოვრებელ სახლამდე შეადგენს 31 მეტრს _ ნორმა 15 მეტრია, ხოლო მანძილი სასმელი წყლის ჭამდე 30 მეტრია, ნორმა კი 20 მეტრი. ძ-ის მიერ საძროხე აშენებულია ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით”.
რაიონულ სასამართლოში დაკითხული სპეციალისტის განმარტებით, ა. ძ-ის საძროხედან ნაკლებად შესაძლებელია, ნაკელი გადმოედინებოდეს მეზობლის ეზოში.
მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილია ის ფაქტი, რომ სადავო ნაგებობათა სიმაღლე არ აღემატება 1,5 მეტრს. მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროს ბრძანების მიხედვით, “საზღვართან შეიძლება დამხმარე ნაგებობის აგება, სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 2 მეტრს, ხოლო მანძილი სამეზობლო საზღვართან დამხმარე ნაგებობის განთავსებისას მეზობლის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სათავსოთა ფანჯრამდე უნდა იყოს 6 მეტრი”. კონკრეტულ შემთხვევაში ეს დაცილება 30 მეტრს შეადგენს.
პალატის განმარტებით, რაც შეეხება მეზობლის ნაკვეთიდან მომდინარე სუნს ან სხვაგვარ მოვლენებს, თუნდაც ასეთი ზემოქმედება არსებითი იყოს, კანონმდებელი სამეზობლო ზემოქმედებად მიიჩნევს მას და თმენის ვალდებულებით ავალდებულებს მეორე მხარეს, მით უფრო თუ საქმიანობა მეზობლის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას. სკ-ის 175-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია, აკრძალოს მეზობელი ნაკვეთებიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავის ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
პალატა აღნიშნავს, რომ მ. ჭ-ას წერილობითი განმარტებით, მოპასუხის სადავო ნაგებობები 10 წელია აშენებული აქვს, ხოლო მოპასუხის განმარტებით კი ეს ნაგებობები მან 20 წლის წინ ააშენა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ წლების განმავლობაში მათ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ბოლო დროს კი მეზობლებს შორის დამოკიდებულება გაუარესდა.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, საქმეში არსებული მხარეთა განმარტებების საფუძველზე მ. ჭ-ას სარჩელი ასევე მიიჩნია ხანდაზმულად.
რაც შეეხება მ. ჭ-ას მოთხოვნას დ. გ-ის მიმართ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე – თანხით 200 ლარი, ამ ნაწილში სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი ჩათვალა დაუშვებლად და აღნიშნა, რომ ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ჭ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი ითხოვს, მოპასუხემ გადაიტანოს სადავო სადგომები და დააცილოს სამეზობლო საზღვრებიდან დაახლოებით 5 მეტრით. მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოში, სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, ჩათვალა, რომ სადავო სადგომები აშენებულია ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით, მაშინ როდესაც ნაგებობის აშენების ნებართვა და პროექტი არ არსებობს.
კასატორის აზრით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ხონის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, სადგომი საზღვრიდან დაშორებული უნდა იყოს 5 მეტრის მანძილზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და მივიდა დასკვნამდე, რომ მ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა. ძ-ეს სადავო ნაგებობათა მშენებლობისას არ დაურღვევია სანიტარული და სამშენებლო ნორმები. აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული სპეციალისტების ახსნა-განმარტებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით. კასატორმა საკასაციო პალატას ვერ წარმოუდგინა დასაბუთებული პრეტენზია.
სკ-ის 175-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია, აკრძალოს მეზობელი ნაკვეთებიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
მითითებული მუხლი ითვალისწინებს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოპასუხის ნაკვეთიდან მომდინარე სუნი და სხვა მსგავსი მოვლენები, ამ მუხლის თანახმად, წარმოადგენს სამეზობლო ზემოქმედებებს და თმენის ვალდებულებით ავალდებულებს მეორე მხარეს. ეს ზემოქმედებანი ხელს არ უშლის კასატორს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში და ხელყოფა მნიშვნელოვანი არ არის.
სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი აყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
კასატორი ვერ მიუთითებს მკიცებულებებზე, რომლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ხონის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, სადგომი საზღვრიდან დაშორებული უნდა იყოს 5 მეტრის მანძილზე, პალატის აზრით სადგომის აღებისა და გადატანის ნაწილში სარჩელი არის ხანდაზმული. დადგენილია, რომ სადაო ნაგებობები აშენებულია 10 წელზე დიდი ხნის წინათ და თუ მშენებლობით დაირღვა მოსარჩელის უფლებები, მას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე უნდა გაეხადა ეს ფაქტი სადავო.
საქართველოს სკ-ის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.