ას-861-1491-03 27 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ზ-ემ 2002წ. 19 ნოემბერს სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სს «ი-ის» წინააღმდეგ და მოითხოვა ამავე საზოგადოების დირექტორის 2002წ. 23 სექტემბრის ¹22 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ იგი 1978წ. 11 სექტემბრიდან მუშაობდა თბილისის ....... სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საცდელ წარმოებაში, რომლის სამართალმემკვიდრესაც 1994 წლიდან წარმოადგენს სს «ი-ი». მოსარჩელე საწარმოში მუშაობდა კომერციული განყოფილების უფროსად და იმავდროულად არის საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 8,04%-ის მფლობელი. 2002წ. 13 სექტემბერს შედგა სს «ი-ის» აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილა საზოგადოების საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის საკითხი. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაუქმდა კომერციული განყოფილება და სს «ი-ის» დირექტორის 2002წ. 23 სექტემბრის ბრძანებით იმავე წლის 16 სექტემბრიდან გ. ზ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელის აზრით, მისი გათავისუფლებისას დაცული არ ყოფილა შემცირებული მუშაკის შრომითი უფლებების უზრუნველყოფის გარანტიები. ადმინისტრაციამ არ დაიცვა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. ამასთან, ბრძანება დაიწერა 23 სექტემბერს, რომლითაც იგი გათავისუფლდა 16 სექტემბრიდან, აგრეთვე, ადმინისტრაციას არ დაუცვია შრომის წიგნაკის შევსებისა და გაცემის წესი.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს «ი-ის» დირექტორის 2002წ. 23 სექტემბრის ბრძანება გ. ზ-ის სამუშაოდან განთავისუფლების ნაწილში და იგი დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი სამუშაოზე განაცდურის ანაზღაურებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ზ-ის გათავისუფლებისას დარღვეულ იქნა შკკ-ს მოთხოვნები, კერძოდ, შკკ-ს 422-ე მუხლის შესაბამისად, გ. ზ-ე გაფრთხილებული არ ყოფილა მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე. ამასთან, ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა მოსარჩელის მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი და არ შესთავაზა სხვა სამუშაო იმავე საწარმოში, ამავე კოდექსის 421 მუხლის შესაბამისად.
სს «ი-მა» სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 2002წ. 13 სექტემბერს სს «ი-ის» აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების გადაწყვეტილებით გაუქმდა კომერციული განყოფილება, დაგვიანებით ბრძანების გამოცემა გამოიწვია ნოტარიუსისაგან საერთო კრების ოქმების დაგვიანებით მიღებამ. ასევე, სასამართლოს ჯერ უნდა განეხილა სარჩელი ზემოთმითითებული კრების ოქმის გაუქმების შესახებ, ვინაიდან აღნიშნულის გარეშე მოსარჩელის აღდგენა ძველ ადგილზე შეუძლებელია. ამასთან, სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 30 აპრილის განჩინებით მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და ამიტომ ხელახალი განხილვისათვის საქმე დაუბრუნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.
გ. ზ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა ზემოაღნიშნული განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია მთელი რიგი გარემოებები და გადაწყვეტილება დასაბუთებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს სრული უფლება ჰქონდა, სსკ-ს 386-ე მუხლის საფუძველზე, მიეღო გადაწყვეტილება. აღნიშნული მუხლი სასამართლომ არ გამოიყენა, რაც საკასაციო საჩივრის საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 8 ივლისის განჩინებით გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ გარემოებათა დადგენა სავსებით შესაძლებელი იყო სააპელაციო სასამართლოში, რადგან სსკ-ს 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. უფრო მეტიც, სსკ-ს 382-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, მიიღოს ახალი მტკიცებულებები, რომელთაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის. საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე შუამდგომლობის განხილვა არ არის შეზღუდული სააპელაციო სასამართლოში, მითუმეტეს, რომ აღნიშნულის თაობაზე მითითებულია სააპელაციო საჩივარშიც.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს «ი-ის» დირექტორ ვ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 იანვრის გადაწყვეტილება. არ დაკმაყოფილდა გ. ზ-ის სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საწარმოს ადმინისტრაციას არ დაურღვევია მოსარჩელის მიერ მითითებული შკკ-ს 411 მუხლი, ანუ არ დარღვეულა მოსარჩელის უფლება გათავისუფლებამდე ორი თვით ადრე წერილობითი გაფრთხილების შესახებ. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გათავისუფლებისას ადმინისტრაციამ დაარღვია შკკ-ს 36-ე მუხლის მოთხოვნები სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ. პალატის აზრით, მოცემული მუხლი გულისხმობს ორ ან მეტ ერთნაირ თანამდებობაზე მომუშავე მუშაკს. საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ სს «ი-ში» ერთი კომერციული განყოფილება იყო და გ. ზ-ე ამ განყოფილების უფროსად მუშაობდა, ანუ მისი თანამდებობა იყო ერთადერთი საწარმოში. სააპელაციო პალატამ, ასევე მიიჩნია, რომ გ. ზ-ის მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და მისი სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია, ვინაიდან უდავოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საწარმოში აღარ არსებობს სამუშაო ადგილი, საიდანაც დაითხოვეს მოსარჩელე.
გ. ზ-ე საკასაციო საჩივრით მოითხოვს საპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლით: გადაწყვეტილების მიღებისას არ არის დაცული შკკ-ს 421 მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმად გათავისუფლებული მუშაკების შრომის უფლება უზრუნველყოფილია სხვა სამუშაოს მიცემით იმავე საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, დაცული არ იქნა ამავე კოდექსის 41-ე, 206-ე მუხლებისა და 423 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, დარღვეულია სსკ-ს მე-2 მუხლის, 102-ე მუხლის პრველი ნაწილისა და 244-ე მუხლის მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გ. ზ-ე მუშაობდა სს «ი-ში» კომერციული განყოფილების უფროსად. სს «ი-ის» სამეთვალყურეო საბჭომ 2002წ. 10 მაისის სხდომაზე მიიღო დადგენილება საწარმოო სტრუქტურული ცვლილებებისა და ვადიან საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
სს «ი-ის» სამეთვალყურეო საბჭოს დადგენილების სისრულეში მოყვანის მიზნით, 2002წ. 15 ივნისს დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც გააფრთხილა საწარმოს ყველა მუშაკი სამუშაოდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. სააქციო საზოგადოების 2002წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა კომერციული განყოფილება, ხოლო ადმინისტრაციამ 2003წ. 23 სექტემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც გ. ზ-ე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით. უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციას არ დაურღვევია შკკ-ს 422 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ პერსონალურად უნდა ეცნობოს მუშაკს ორი თვით ადრე მაინც. აღნიშნული შეტყობინება მუშაკმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ გ. ზ-ე გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე ორი თვით ადრე და საქმეში არსებულ სს «ი-ის» თანამშრომელთა ხელმოწერებს შორის გ. ზ-ის ხელმოწერა დასტურია იმისა, რომ პერსონალურად დაადასტურა სამეთვალყურეო საბჭოს 2002წ. 10 მაისის სხდომის ოქმისა და საზოგადოების დირექტორის ¹18-კც/დ ბრძანების გაცნობის ფაქტი. რაც შეეხება კასატორის მითითებას ბრძანების უკუძალის თაობაზე, იგი ვერ ასაბუთებს, სამეთვალყურეო საბჭოს ოქმის შესაბამისად თუ კანონის რომელი ნორმა დაარღვია ერთი კვირის შემდეგ დირექტორმა ბრძანების გამოცემისას.
შკკ-ს 206-ე მუხლის თანახმად, კანონიერი საფუძვლის გარეშე მუშაკის დათხოვნის შემთხვევაში მუშაკის აღდგენა ხდება წინანდელ სამუშაოზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გაუქმდა არა მხოლოდ თანამდებობა, რომელიც ეკავა კასატორს, არამედ მთელი განყოფილება, რომლის უფროსადაც მუშაობდა იგი. აღნიშნული გარემოება შეუძლებელს ხდის მითითებული ნორმის რეალიზაციის საშუალებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ გ. ზ-ე დათხოვნილი იქნებოდა სამსახურიდან კანონიერი საფუძვლის გარეშე.
რაც შეეხება ადმინისტრაციის მიერ შკკ-ს 421 მუხლის გამოუყენებლობის ფაქტს, კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ იმავე საწარმოში არსებობდა სხვა ვაკანტური თანამდებობა, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა მისი დანიშვნა შკკ-ს 36-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაში. ასეთი მტკიცებულების წარმოდგენა კი სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად, თვით მხარის მოვალეობაა.
რაც შეეხება შრომის წიგნაკის კასატორისათვის გვიან გადაცემას, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს მუშაკის სამუშაოზე აღდგენის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.