საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №408აპ-21 ქ. თბილისი
ლ. გ., 408აპ-21 11 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ჯემალ ლომსაძისა და მსჯავრდებულ გ. ლ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 5 მარტის განაჩენით გ. ლ., – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვრა ჯარიმა – 40000 ლარი (200 დღიური ანაზღაურება, დღიური ანაზღაურება განისაზღვრა 200 ლარით); მასვე სსკ-ის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, გ. ლ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დამატებითი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 40000 ლარი და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა – 2 წლითა და 3 თვით.
2. ამავე განაჩენით ზ. ა., – - – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ზ. ადეიშვილს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა – 2 წლითა და 3 თვით.
3. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ლ-მ და ზ. ა-მა ჩაიდინეს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 10 ივნისის დადგენილებით ზ. ა. დაინიშნა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
· საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 13 ივლისის -- ბრძანების საფუძველზე გ. ლ. მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის – საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
· 2004 წლის 26 იანვრიდან საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი წარმართავდა გამოძიებას სისხლის სამართლის N- საქმეზე, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო ორგანო სწავლობდა „ო. ჯ-ში“ შემავალი კომპანიების (შპს „ო-ს“, შპს „ჰ-ის“, შპს „ო-2-ის“) სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და საბაჟო კონტროლის წესების დარღვევის საკითხებს, დალუქული იყო კომპანიების ინვენტარი და პროდუქცია, ხოლო ტერიტორიაზე განლაგებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი.
· გამოძიების მიმდინარეობისას, 2004 წლის შემოდგომაზე, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც შედგა გ. ლ-ის სამუშაო კაბინეტში, გ. ლ-მ „ო. ჯ-ის“ კომპანიების მიმართ შექმნილი პრობლემების დასრულებისა და საგადასახადო რევიზიით დაკისრებული გადასახადების რესტრუქტურიზაციისათვის, „ო. ჯ-ის“ წარმომადგენელ ლ. ა-ს კატეგორიულად მოსთხოვა „ი- TV-ს“ სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლი ბ. ჩ., რომელმაც ლ. ა. მიიყვანა გ. ლ-სთან შეხვედრაზე.
· გენერალურ პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ ლ. ა-მა გ. ლ-სთან შეხვედრის დეტალების შესახებ აცნობა „ი--TV-ს“ დამფუძნებლებს – ნ. ა-სა და ა. ლ-ს, რომლებმაც, თავის მხრივ, ეს საკითხი „ო. ჯ-ის“ მფლობელთან – ზ. ო-თან შეათანხმეს. პროკურატურისაგან მომდინარე ზეწოლის შედეგად, ვინაიდან აღნიშნული პირობის შესრულება „ო. ჯ-ის“ ბიზნესის გადარჩენისა და საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი გზა იყო (იმჟამად „ო. ჯ-ი“ საქართველოში ეწეოდა საგამომცემლო საქმიანობას, სიგარეტის წარმოებასა და დისტრიბუციას, ავტომანქანების იმპორტსა და სხვა ბიზნესსაქმიანობას), ისინი იძულებულები გახდნენ, თანხმობა განეცხადებინათ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის უკანონო მოთხოვნაზე.
· პარალელურად, იმავე პერიოდში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზ. ა-მა თავისთან დაიბარა ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარე დ. ქ. და განუცხადა, რომ ტელეკომპანია „ი--TV“ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა, რის გამოც, ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტის მიზნით, მაუწყებლობის ლიცენზია ხელისუფლებისთვის სანდო პირზე უნდა გადაფორმებულიყო; ამასთან, ტელეკომპანიის მაუწყებლობის ლიცენზიის დათმობის საკითხზე მიღებული ჰქონდათ თანხმობა „ი- TV-ს“ დამფუძნებლებისგან და დ. ქ-ს დაავალა ლიცენზიის გადაფორმებასთან დაკავშირებული იურიდიული საკითხების მოგვარება. სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის ზემოაღნიშნული სქემის განხორციელების მიზნით, 2004 წლის 7 დეკემბერს ლ. ა. და „ი--TV-ს“ დამფუძნებლები: ნ. ა., ა. ლ. და ქ. ფ. დაიბარეს კ-ს ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუს ნ. გ-თან, სადაც ხელი მოაწერინეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის – დ. ქ-ის მიერ წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომელიც ასევე ნ. გ-ის სანოტარო ბიუროში იმყოფებოდა და აკვირდებოდა დოკუმენტების მომზადებისა და ხელმოწერის პროცესს.
· დ. ქ-ს მიერ იმჟამინდელი გენერალური პროკურორის, ზ. ა-ს დავალებით შედგენილი ტელევიზიის ლიცენზიის იძულებით დათმობის დანაშაულებრივი სქემა, რომელიც ნ. გ-ს სანოტარო ბიუროში წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებზე ხელმოწერით განხორციელდა, მოიცავდა 2004 წლის 7 დეკემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე შპს „ი-მა“ (დირექტორი ქ. ფ.), შპს ი--TV-ში“ თავისი 25% წილი 500 ლარად მიჰყიდა დ. ქ-ს მეგობარსა და სანდო პირს – დ. კ-ს. იმავე დღეს, პარტნიორთა (შპს „ო. მ-ის“ დირექტორი ა. ლ. – 25%, შპს „ო. ფ. ი-ის“ წარმომადგენელი ა. ლ. – 25%, შპს „მ. ი. ლ-ს“ წარმომადგენელი ნ. ა. – 25% და დ. კ. – 25%) კრების ოქმით შპს „ი- TV“ გაიყო ორ სუბიექტად და სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ შპს „ტ. ა“ – ტელელიცენზიის ნაწილში, რომელსაც გადაეცა N- საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია და შპს „ი- TV“ – დანარჩენ ქონებაში. აღნიშნულის შედეგად, „ტ. ა-ს“ დირექტორი, 100% წილის მფლობელი და შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მესაკუთრე გახდა დ. კ. მთავრობის დადგენილებით განხორციელდა „ო. ჯ-ში“ შემავალ კომპანიებზე საგადასახადო რევიზიით დარიცხული 21 503 569 ლარის გადახდის რესტრუქტურიზაცია ხუთი წლის პერიოდზე. ამის შემდეგ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა დატოვეს ,,ო. ჯ-ის“ ტერიტორია.
· 2006 წლის 24 თებერვალს, დ. ქ-ს მითითებითვე, ნ. გ-ს სანოტარო ბიუროში გაფორმებული ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულებით დ. კ-მ შპს „ტ. ა-ს“ 100% წილი ასევე დ. ქ-ს მეგობარ ბ. ნ-ზე გაასხვისა, ხოლო 2007 წლის 12 სექტემბერს, ზ. ა-ს მითითებით, დ. ქ-მა „ტ. ა-“ საკუთარი მეგობრისგან ზ. ა-თან დაკავშირებულ პირზე, ი. მ-ზე გადააფორმა, რომელმაც, თავის მხრივ, 2012 წლის 21 თებერვალს იგი შპს „ჯ. მ. პ. გ-“ გადასცა. დანაშაულებრივი სქემით ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის იძულებით დათმობას შედეგად მოჰყვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა და „ი- TV-ს“ მიადგა დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ქონებრივი ზიანი. ზ. ა-მა ზემოაღნიშნული ქმედებით გადაამეტა თავისი, როგორც გენერალური პროკურორის, ხოლო გ. ლ-მ – გენერალური პროკურორის მოადგილის (საგამოძიებო ნაწილის უფროსის) სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც შპს „ი--TV-ს“ უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ჯემალ ლომსაძემ და მსჯავრდებულმა გ. ლ-მ. პროკურორი ჯემალ ლომსაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. ლ-ისათვის ჯარიმის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
6. მსჯავრდებული გ. ლ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
7. საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლებით მხარეები ითხოვენ, არ დაკმაყოფილდეს მოწინააღმდეგე მხარის საკასაციო საჩივარი.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №827აპ-18, №57აპ-19).
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა მსჯავრდებულის საჩივარი მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ. ამასთან, საკასაციო საჩივარში მითითებულია იმავე არგუმენტებზე, რომლებსაც ეყრდნობოდა სააპელაციო საჩივარი და რომლებზეც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეტალურად და ამომწურავად იმსჯელა, თუმცა რამდენიმე მათგანზე საკასაციო სასამართლო მაინც გაამახვილებს ყურადღებას.
11. მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში საუბრობს გამოძიების პროცესში მოწმე ბ. ჩ-ის ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობაზე. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა მხარეთა მონაწილეობით საქმის სასამართლოში განხილვის დროს მოწმე ბ. ჩ-ის მიერ მიცემული ჩვენებით, სადაც მან თანმიმდევრულად, სრულყოფილად და დეტალურად ჩამოაყალიბა მისთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, მოწმე ბ. ჩ-ის ჩვენება თანხვდენილია მოწმე ლ. ა-ის ჩვენებასთან და მათ შორის რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობა არ გამოვლენილა. სასამართლოს ასევე არ გააჩნია მოწმე ლ. ა-ს ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, რადგან ეს ჩვენება დამაჯერებელია, შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და საქმის მასალებით არ დგინდება მისი დაინტერესება, ხოლო ის ფაქტი, რომ მოწმე დაზარალებული კომპანიის თანამშრომელია, აპრიორი არ მიუთითებს მის მიკერძოებაზე.
12. საკასაციო საჩივრის კიდევ ერთი მოთხოვნა უკავშირდება სასაქონლო ექსპერტიზას. კასატორის აზრით, სასამართლოს ის დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ეცნო, ვინაიდან ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს არ გადასცა მიღებისთანავე. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა და მსჯავრდებული გ. ლ-ც უთითებს, 2016 წლის 26 აპრილს დაცვის მხარემ მიმართა ბრალდებას ყველა იმ მტკიცებულების გადაცემის მოთხოვნით, რომელთა წარდგენასაც აპირებდნენ სასამართლოში. ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს სრულყოფილად გადასცა ის მტკიცებულებები, რომლებიც იმ დროისათვის მას ხელთ ჰქონდა. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების მხარემ მიიღო მოგვიანებით, 2016 წლის 2 ივნისს და ისე, რომ არ დაურღვევია საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მოთხოვნა, აღნიშნული დასკვნა წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 7 დღით ადრე გადასცა მოწინააღმდეგე მხარეს. დაცვის მხარეს ჰქონდა მტკიცებულების გაცნობისა და მასთან მიმართებით პოზიციის ჩამოყალიბების გონივრული ვადა. ამდენად, კასატორის მოთხოვნა ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
13. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის საფუძველზე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე; მხარეს უფლება აქვს, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სწორედაც რომ მხარეთა კომპეტენციაა მტკიცებულებათა მოპოვება და წარმოდგენა. ვერავინ დაავალდებულებს მხარეს, მოიპოვოს და წარადგინოს ესა თუ ის მტკიცებულება. დაცვის მხარეს ჰქონდა სრული უფლება და შესაძლებლობა, კანონიერად გამოეთხოვა ინფორმაცია შესაბამისი უწყებიდან ან მოეთხოვა სასურველი პირის მოწმის სახით დაკითხვა. ამდენად, კასატორის პოზიცია ლ. ა-ს საქართველოს პროკურატურის შენობაში ყოფნის საეჭვოობისა და რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წევრების დაკითხვის თაობაზე ასევე საფუძველსაა მოკლებული.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით (მოწმეთა ჩვენებებით,სანოტარო აქტებითა და წილის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, შპს ტელეკომპანია „ი- TV-ს“ პარტნიორთა კრების ოქმებით, საგადასახადო შემოწმების აქტებით, ექსპერტიზის დასკვნით, სატელეფონო ზარების ამსახველი ინფორმაციითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარად დასტურდება გ. ლ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. პალატას მიაჩნია, რომ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით გ. ლ-მ არსებითად დაარღვია შპს ტელეკომპანია „ი- TV-ს“ უფლება და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამ პროცესში რაიმე სახის დარღვევა, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა სისხლის სამართლის საქმის შედეგზე, გამოკვეთილი არ არის. სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცების სტანდარტით – გონივრულ ეჭვს მიღმა და ისე მიიღო გადაწყვეტილება გ. ლ-ის ბრალეულობის შესახებ.
16. ასევე უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ლ-ისათვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
18. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია გ. ლ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
19. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).
20. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
21. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ჯემალ ლომსაძისა და მსჯავრდებულ გ. ლ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე