Facebook Twitter

ას-864-1489-03 6 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

სარჩელის საგანი: უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგად მიყენეული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელემ 2001წ. 10 ოქტომბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ 1997წ. მაისში შეუთანხმდა მოპასუხეებს მის კუთვნილ ბინაში შეესრულებინათ სარემონტო სამუშაოებ, რისთვისაც გადაუხდიდა მათ შესრულებული სამუშაოს ღირებულებას 430 ლარს და ყოველდღიური კვების ფულს – 10 ლარს. მოპასუხეებმა სამუშაო დაამთავრეს ორ თვეში. მან შესრულებული სამუშაოებისათვის მოპასუხეებს გადაუხადა 2970 ლარი და კვების თანხა 1140 ლარი, სულ 4110 ლარი. შემდეგ რემონტის გასაგრძელებლად მიიყვანა სხვა ხელოსნები, რომლებმაც სამუშაოს გაგრძელებაზე უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ უკვე შესრულებული სამუშაო იყო უხარისხო. ხელოსნებმა კარნიზის გასწორებისათვის და კედლეის ჩამონგრევისათვის მოითხოვეს 150 ლარი, ხოლო ერთი კვ.მ კედლის შეღებვისათვის 4 ლარი.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეებმა თავიანთი უხარისხო მუშაობით მიაყენეს შემდეგი ზიანი: შესრულებული სამუშაოსათვის გადახდილი 2970 ლარი, კვების თანხა – 1140 ლარი, სამშენებლო მასალის ღირებულება 600 ლარი, კარნიზების ჩამონგრევის – 150 ლარი, კანიზების ხელახლა გაკეთებს – 1320 ლარი, კედების გასწორების – 560 ლარი, სულ მოსარჩელემ მოითხოვა 6740 ლარის გადახდა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ მათ სამუშაო შეასრულეს ხარისხიანად. მოსაჩელემ შესრულებული სამუშაოსათვის გადაუხადა 2600 ლარი.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6542 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც აუდიტის დასკვნის კანონიერება გახადეს სადავოდ და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ბ. ბ-ას სარჩელი რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2001წ. 15 ოქტომბერს. სასამართლომ სარჩელის წარმოებაში მიღებამდე თავისი ინიციატივით, შპს «ე. ა.” და შპს «შ. და კ.” დირექტორის სახელზე 2001წ. 12 ოქტომბერს შედგენილი წერილებით დაავალა აუდიტს ბ. ბ-ას ბინის უხარისხოდ ჩატარებული რემონტის მოცულობისა და ღირებულების განსაზღვრა. მოსარჩელეს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებათა უზრნველყოფის მიზნით არ მიუმართავს სარჩელის შეტანამდე სასამართლოსათვის.

საპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევით მოიპოვა შპს «ე.-ა.” დასკვნა, რის გამოც სსკ-ის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად აღნიშნულ მტკიცებულებად არ მიიჩნია იურიდიული ძალის მქონედ. სხვა რაიმე მტკიცებულება უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსა და მის გასარემონტებლად დახარჯული თანხის შესახებ მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი.

მხარეთა განმარტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოსათვის მოსაჩელეებისათვის გადასახდელი ჰქონდა 5100 ლარი, მოპასუხეების განმარტებით მოსარჩელემ მათ გადაუხადა 2600 ლარი. სხვა რაიმე მტკიცებულება თანხის გადახდის შესახებ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ნაკლის გამოუსწორებლობის გამო მენარდეს შეუმცირა საზღაური, რის უფლებაც მას ჰქონდა სკ-ის 645-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სასაჩელო მოთხოვნა მიიჩნია უსაფუძვლოდ და 2003წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტლებით გააუქმა ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტლება, ბ. ბ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახლველად დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილება მიაჩნია უკანონოდ.

კასატორი მიუთითებს, რომ მისი მოთხოვნა დამყარებული იყო შპს «ე.-ა.” 2001წ. 22 ოქტომბრის დასკვნაზე, სააპელაციო პალატამ აღნიშნული მტკიცებულება უსაფუძვლოდ მიიჩნია კანონის დარღვევით მოპოვებულად და არ მიანიჭა იურიდიული ძალა. ამდენად, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ბ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოცემულ საქმეზე დადგენილი, რომ ბ. ბ-ას სარჩელის აღძვრამდე არ მიუმართავს სასამართლოსათვის მტკიცებულებათა უზრუნველყოფის თაობაზე. ჩხორუწყუს რაიონულმა სასამართლომ მხარის მიერ სარჩელის აღძვრამდე, მხარის განცხადების და შუამდგომლობის გარეშე, თავისი ინიციატივით წერილით (და არა განჩინებით) დაავალა შპს «ე. ა.” სენაკის ფილიალის დირექტორს მოპასუხის მიერ უხარისხოდ დირექტორს მოპასუხეების მიერ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების მოცულობის და ღირებულების განსაზღვრა, რითაც სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საროცესო კოდექსის მე-200, 203-ე, 103-ე (I-II ნაწ.) მუხლების მოთხოვნები ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ.

სსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. მოსარჩელის მიერ მისი მოთხოვნის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით კი მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა არ დგინდება, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2002წ. 18 ივლისის დასკვნის თანახმად, ამჟამად შეუძლებელია დადგინდეს, რეალურად რა მოცულობის და დასახეების სამუშაოები იყო შესრულებული მოპასუხეთა მიერ 1997 წელს, ასევე შეუძლებელია მოპასუხეთა მიერ შესრლებლი სამუშაოების ხარისხის განსაზღვრა. ამჟამად, ბინაში კედლები და ჭერი შელესილია ხარისხიანად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განიხილა საქმეში არსებული მტკიცებულებები, და მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტლება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.