Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №368აპ-21 თბილისი

მ. გ., 368აპ-21 11 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი ქობულაძისა და მსჯავრდებულ გ. მ-ის ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, გ. მ-ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობასა და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო გ. ს-ს - დანაშაულის შეუტყობინებლობაში იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 04:30 საათზე, თ-ში, პ. გ-ის №-ისა და ჭ-ის ქუჩის №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, გ. მ-მა მოკვლის განზრახვით, დანის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში ჭრილობები მიაყენა ხ. ზ-სა და თ. ჯ-ს. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად ხ. ზ-ის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა, ხოლო თ. ჯ-ი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა;

o აღნიშნულ ფაქტს უშუალოდ შეესწრო ხსენებულ პირებთან ერთად მყოფი გ. ს, რომელმაც გ. მ-ის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით:

· გ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

· გ. მ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 5 იანვრიდან;

· გ. ს., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 5 იანვრიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

o თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გიორგი ქობულაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; გ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაც და მსჯავრდებულების - გ. მ-სა და გ. ს-ისათვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრა;

o მსჯავრდებულ გ. მ-ის ადვოკატებმა - ს. ჯ-მა და დ. მ-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. მ-ს გამართლება;

o მსჯავრდებულ გ. ს-ის ადვოკატმა ლ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. ს-ის გამართლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენით: პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მსჯავრდებულ გ. ს-ის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

· გ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

· გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 5 იანვრიდან;

· გ. ს. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებაში. მასვე განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

o თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი ქობულაძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; გ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; გ. ს-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მათთვის მკაცრი სასჯელების განსაზღვრას;

o მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატმა დ. მ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-ს გამართლებას.

7. გამართლებულ გ. ს-ის ადვოკატი ზ. ბ. პროკურორის საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს, რომ ბრალდების მხარის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 მარტის განაჩენი გ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორისა და დაცვის მხარის პოზიციებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი ქობულაძისა და მსჯავრდებულ გ. მ-ს ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე