Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№534აპ-21 ქ. თბილისი

მ. გ., 534აპ-21 22 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ-სა და მსჯავრდებულ ბ. ტ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:

რ. ღ-ს, – - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 2234-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და რ. ღ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ტ-ს, – - ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 58-ე მუხლის გათვალისწინებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. მ-ს, – ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2019 წლის 23 მარტიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ტ-მ და გ. მ-მა ჩაიდინეს „ქურდული სამყაროს“ წევრობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ბ. ტ. და გ. მ. აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობენ მის საქმიანობაში. მათ სისტემატური და აქტიური კავშირი აქვთ „კანონიერ ქურდ“ ზ. მ-ესთან, ასევე – საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან, რომელთა დავალებით აქტიურად მოქმედებენ „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად. ქ. თ-ში, ნ-ზე განთავსებულია შპს „ა-ის“ კუთვნილი, სხვადასხვა სახის პროდუქციის სავაჭრო ჯიხურები. შპს-ს 67% წილის მფლობელია მ. რ., ხოლო 33%-ის – რ. ღ. გარდა ამისა, მ. რ. აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორად დაინიშნა 2018 წლის 3 აგვისტოს.

· ამის შემდეგ რ. ღ-ს წარმოეშვა დავა მ. რ-სთან კომპანიის წილებსა და შემოსავლებთან დაკავშირებით. რ. ღ-მ დავის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად და მატერიალური სარგებლისა და უპირატესობის მისაღებად, მ. რ-სა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს – ბ. ტ-სა და გ. მ-ს, რომლებსაც სთხოვა, თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით დავა მის სასარგებლოდ გადაეწყვიტათ. თავის მხრივ, ამ დავის „ქურდული გარჩევის“ გზით განხილვისა და გადაწყვეტისათვის თავდაპირველად მ. რ-ს დაუკავშირდა ბ. ტ., რომელმაც თავი გააცნო „კანონიერი ქურდის“ – ზ. მ-ის წარმომადგენლად და 2019 წლის 26 იანვარს შეხვდა ქ. თ-ში, დ-ის ქ. №--ში არსებულ კაფე „დ-ში“. შეხვედრისას ბ. ტ-მ თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მ. რ-სთან განიხილა შპს „ა-ის“ წილებსა და შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები; ასევე – შეუთანხმდა, რომ დავის საბოლოოდ გადასაწყვეტად ისინი დაუკავშირდებოდნენ „კანონიერ ქურდ“ ზ. მ-ეს და იმოქმედებდნენ მისი გადაწყვეტილების შესაბამისად. 2019 წლის 4 თებერვალს ქ. თ-ში, დ-ის ქ. №--ში არსებულ კაფე „დ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ტ. ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრ გ. მ-თან ერთად კვლავ შეხვდა მ. რ-ს და თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით განაგრძეს შპს „ა-ის“ წილების განაწილებასა და შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. მათ მ. რ-ს, როგორც კომპანიის დირექტორს, თავისთვის სარგებლის მიღების მიზნით, მოსთხოვეს შპს „ა-ის“ კუთვნილი 2 სავაჭრო ჯიხურის დათმობა „კანონიერი ქურდის“ – ზ. მ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. იმავე დღეს ბ. ტ-მ და გ. მ-მა სადავო საკითხი განიხილეს უკვე დავაში მონაწილე მხარის – რ. ღ-სა და მ. რ-ს მონაწილეობით. შეხვედრა გაიმართა ქ. თ-ში, კ-ს ქ. №- მდებარე კაფეში, სადაც კვლავ დაადასტურეს თავიანთი მოთხოვნა 2 სავაჭრო ჯიხურის გადაცემასთან დაკავშირებით და სანაცვლოდ დაჰპირდნენ მფარველობას თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით. 2019 წლის 10 თებერვალს თ-ში, დ-ის ქ. №--ში არსებულ კაფე „დ-ში“, ერთმანეთს შეხვდნენ ბ. ტ., რომელიც შეხვედრაზე მივიდა „კანონიერი ქურდის“ – ზ. მ-ის შვილთან – მ. მ-სთან ერთად, და მ. რ. შეხვედრისას ბ. ტ-მ მ. მ-ის ტელეფონით მ. რ. ასაუბრა „კანონიერ ქურდ“ ზ. მ-სთან, რომელმაც უშუალოდ განიხილა სადავო საკითხი და მ. რ-ს გამოუცხადა მიღებული გადაწყვეტილება ჯიხურების დათმობის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ ბ. ტ. და გ. მ. აქტიურად განიხილავდნენ მათი მონაწილეობით „კანონიერი ქურდის“ – ზ. მ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. მსჯავრდებული ბ. ტ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას. ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. მ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვს ადვოკატი ი. ხ.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრების პოზიციებს და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ მ. რ-ის, მოწმეების – ი. ძ-ს, ნ. კ-ს, ც. ლ-ს, ზ. ჯ-სა და სხვათა ჩვენებებით, ფარული სატელეფონო საუბრების მიყურადებისა და ჩაწერის შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, შეხვედრების კრებსებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის 2019 წლის 22 ნოემბრის №- დასკვნით (რომლის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე. კ-მა), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, სანოტარო ბიუროდან სანოტარო აქტების ამოღების ოქმითა და თანდართული სანოტარო აქტებით, ინფომაციის გამოთხოვის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით) უტყუარად დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა – ბ. ტ-მ და გ. მ-მა ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

9. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (სუსგ №282აპ-21, №324აპ-15).

10. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა კასატორთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ხ-სა და მსჯავრდებულ ბ. ტ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე