ას-866-1487-03 5 მაისი, 2004 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 30 მაისს ლ. ს-ემ ლ. კ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს დაკისრებოდა მიყენებული ზიანის 1000 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 25 დეკემბრის განჩინებით, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი განუხილველად დარჩა.
2002წ. 2 სექტემბერს ლ. ს-ემ ახალი სარჩელით მიმართა იმავე სასამართლოს.
ამჯერად მან მოითხოვა მიყენებული ზიანის 1000 ლარის ანაზღაურება და სახლის ჭერზე განლაგებული წყლის ავზის აღება შემდეგი საფუძვლით:
მის მომიჯნავედ მცხოვრებმა მოპასუხემ 2000 წელს თავისი შიფერით გადახურა სახურავის ნაწილი. გადახურვის დროს 3,5 სმ-ით იგი შეიჭრა მოსარჩელის ფართში. ამან განაპირობა სახლის სახურავის მის ნაწილში წყლის დაგუბება. წყალმა გაჟონა ჭერში და დაუზიანა ბინა. გარდა ამისა, მოპასუხემ ჭერში დადგა დიდი ავზი, რის შემდეგაც წყალმა უფრო ინტენსიურად დაიწყო დენა. პროცესის მსვლელობის სტადიაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ზიანის სახით მოითხოვა 2000 ლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მან სახლის სახურავის ნაწილი (მისი ფართის ზემოთ) გადახურა შიფერით იმის გამო, რომ ჭერიდან წყალი ჩადიოდა, მაგრამ სახურავის სხვა ნაწილი არ დაუზიანებია. წყალი მოპასუხის მხარეს ნებისმიერ დროს გადავა, ვინაიდან სახურავი პროექტის შესაბამისად, მოპასუხის მხარეს დახრილია. თუკი მოპასუხეს ჭერში წყალი ჩაუდის, ეს მისი ბრალით არ არის გამოწვეული.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრი.ვ დაკმაყოფილდა.
ლ. ს-ის სარჩელს წყლის ავზის აღების ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
მოპასუხეს დაევალა საცხოვრებელი სახლის ნაწილზე არსებული გადახურვისათვის პროექტის შედგენა და მისი მიხედვით სამუშაოების ჩატარება. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
მოსარჩელეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია, მაგრამ თავის შესაგებელში მოითხოვა, მოპასუხეს დამატებით დაკისრებოდა 1000 ლარის (საძინებელი ოთახის დაზიანების თანხა) და მორალური ზიანის სახით – 1000 ლარის ანაზღაურება. პროცესის მსვლელობის დროს ასევე მოითხოვა მოპასუხის მიერ უკანონოდ გადახურული შიფერისა და წყლის ავზის აღება, თუმცა კამათის დროს მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა არ დაუყენებია.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მოსარჩელეს უარი ეთქვა 1000 ლარის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ბინის დაზიანება გამოწვეული იყო სახურავიდან ჩანადენი ატმოსფერული ნალექების შედეგად და არა მოპასუხის მიერ ბინის სახურავიდან გადაღვრილი წყლით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 1004-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელემ სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები დაზიანებაში მოპასუხის ბრალეულობის შესახებ. საქმეში არ მოიპოვებოდა იმის მტკიცებულებები, რომ ზიანი შეადგენდა 1000 ლარს. ასევე არ იყო დადგენილი დაზიანების მოცულობა, ექსპერტის დასკვნით კი დამტკიცებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ წყლის ჩადენა მოპასუხის ბრალით მის მიერ სახურავის გადახურვით არ იყო გამოწვეული.
2003წ. 5 დეკემბერს ლ. ს-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 85-ე, 105-ე, 168-ე, 379-ე, 377-ე მუხლების მოთხოვნები.
თავდაპირველად იგი სარჩელით მოითხოვდა ზიანის სახით 1000 ლარის ანაზღაურებას, წყლის ავზის აღებას და მორალური ზიანის მიყენებისათვის ბოდიშის მოხდას. სასამართლოს სხდომის დანიშვნამდე დააზუსტა სარჩელი და მიუთითა, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრას ანდობდა სასამართლოს, ხოლო სასამართლო პროცესზე მოითხოვა ზიანის 2000 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა 1000 ლარის ნაწილში. ამ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ. მას მართალია, სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია, მაგრამ თავის შესაგებლით მოითხოვა 1000 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოპასუხისათვის დამატებით, ზიანის ანაზღაურების მიზნით, 1000 ლარისა და მორალური ზიანის სახით 1000 ლარის დაკისრება. თავისი შინაარსით მის მიერ წარდგენილი შესაგებელი შეგებებულ სააპელაციო საჩივარს წარმოადგენდა, მაგრამ იგი სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა დადგენილი წესით.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ სპეციალისტების, ექსპერტიზის დასკვნებს და მოწმეთა განმარტებებს, რის გამოც მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 368-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შინაარსს. ამ ნორმის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნას ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ამავე კოდექსის 379-ე მუხლის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საქმის ზეპირი განხილვის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ნათქვამი უარი სააპელაციო საჩივარზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა რა შესეგებელი, რომლითაც მოითხოვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით 1000 ლარის, მორალური ზიანის სახით 1000 ლარისა და ჭერის გადახურვის მოწყობა, თავისთავად წარმოადგენდა სააპელაციო მოთხოვნას, რადგანაც მოთხოვნის დაკმაყოფილება შეეხებოდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა. მორალური ზიანის სახით 1000 ლარის ანაზღაურება, მართალია, სცილდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ სსკ-ის 381-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, გაეზარდა დავის საგანი, თუკი მხარე თანახმა იქნებოდა ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ჩათვლიდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე თავისი შინაარსით წარმოადგენდა ხარვეზიან შეგებებულ სააპელაციო საჩივარს, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელისათვის უნდა მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, ამასთან დავის საგნის გადიდების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს სსკ-ის 381-ე მუხლის თანახმად, უნდა მოეხდინა რეაგირება.
ვინაიდან შეგებებული სააპელაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად სააპელაციო საჩივართან, მათი განხილვა ცალცალკე გამორიცხულია. სააპელაციო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება, თუკი საქმეში შეგებებული სააპელაციო საჩივარიცაა წარდგენილი, მაგრამ იგი არ განხილულა, დაუსაბუთებელია.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი გამოტანილია მხოლოდ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე და არ ემყარება საქმეში წარდგენილ შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებათა გამოკვლევას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 379-ე და 381-ე მუხლების შესაბამისად, უნდა გადაწყვიტოს მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაში სააპელაციო საჩივართან ერთად განიხილოს იგი.
საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებები უნდა შეაფასოს სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად და საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, აუცილებლობის შემთხვევაში, სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, წყლის აუზის კუთვნილების გარკვევის მიზნით, გადაწყვიტოს სათანადო მოპასუხის საქმეში ჩაბმის საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.